ვინც აპროტესტებს მანიფესტაციების კანონპროექტს, სუს-ის მხილებული გეგმის თანამზრახველია – მდინარაძე
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამაკა მდინარაძის განცხადებით, ის, ვინც აპროტესტებს შეკრებისა და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ კანონის გამკაცრებას, ქვეყანაში „დესტაბილიზაციის მოწყობის“ გეგმის თანამზრახველია.
„ვინც აპროტესტებს კანონპროექტს მანიფესტაციების შესახებ, რომელზეც დღეს გვქონდა საუბარი, შეგვიძლია ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ ვთქვათ, ის არის თანამზრახველი იმ გეგმისა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამხილა და რომლის დიდი ნაწილი დადასტურდა დღეს გამოქვეყნებული მასალებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნება“ ამკაცრებს კანონს შეკრების და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში უკვე დააინიცირეს. ავტორები კანონის გამკაცრების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ. ამის შესახებ 2 ოქტომბერს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც USAID-ის პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგებიდან ფარული ჩანაწერი აჩვენეს.
მანამდე სუს-მა მორიგი სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ ინფორმაცია 18 სექტემბერსაც გაავრცელა. სუს-ის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება. როგორც სუსი აცხადებს, აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია.
უფრო კონკრეტულად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ “ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.
სუსი „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს თავის ბოლო – 2022 წლის ანგარიშშიც. ანგარიშში საუბარია, რომ „საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამოწვევების მცდელობები“. თუმცა სუსი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებზეა საუბარი. უწყების ანგარიშში ასევე არაა დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება დესტრუქციულ ძალებში.