საარჩევნო ადმინისტრაციას ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ „Pro V&V“ შესაბამისობის აუდიტის მესამე ფაზის ანგარიში გადასცა.
შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა, სადაც ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა უშუალოდ კომპანიიდან მიიღო ინფორმაცია აუდიტის ძირითადი მიგნებების შესახებ. მისი განცხადებით, სამივე ფაზის აუდიტის შედეგები ადასტურებს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად და შეესაბამება საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს.
„სამივე ფაზის ანგარიშის მიხედვით, ტექნოლოგიური საშუალებები და შესაბამისი ბიზნეს პროცესები სრულ თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან. ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, ამომწურავი პასუხი აქვს. ჩვენ მეორე თანამშრომლობა წარმატებით დასრულდა ისეთ მნიშვნელოვან აუდიტორულ კომპანიასთან, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერია,“ – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
„Pro V&V“-ის დირექტორი ჯეკ კობი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა ფაზის აუდიტი სრულყოფილად შესრულდა:
- პირველი ფაზა – მონაცემთა ბაზის შემოწმება, ერთზე მეტი პირადობის მქონე პირების ან დამატებითი ამომრჩევლების გამოკვლევა;
- მეორე ფაზა – მოწყობილობების კონფიგურაციის მონიტორინგი (ვერიფიკაციის აპარატი, ხმის მთვლელი აპარატი, პლანშეტები);
- მესამე ფაზა – საველე სამუშაოები 23 საუბნო საარჩევნო უბანზე, ელექტრონული ტექნოლოგიების იდენტიფიკაცია და კონფიგურაციის დამოწმება.
ჯეკ კობის განმარტებით, აუდიტის სამივე ფაზის შედეგები ცხადყოფს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები მუშაობს სტაბილურად და უსაფრთხოდ.
შესაბამისობის აუდიტის ძირითადი მიგნებები
- ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმატებით განახორციელა მოწყობილობების კონფიგურაცია;
- დანერგილია ხარისხის მონიტორინგის პროგრამა;
- მოსამზადებელი პროცესები და პერსონალი შესაფერისად მომზადებულია;
- ამომრჩეველთა სიებში არ არის დუბლირებული პირები;
- სერვერებზე არსებული სიები შესაბამისობაშია მოწყობილობებზე ჩატვირთულ სიებთან;
- ვერიფიკაციის აპარატის საწყის კოდში მცირე ცვლილებები არ ზიანობს სისტემის უსაფრთხოებას ან მთლიანობას.
ცესკოს შეფასება
საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, აუდიტის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც ასახავს გამჭვირვალობის, უსაფრთხოების და საზოგადოების ნდობის პრინციპებს.
„Pro V&V“ ამერიკაში ავტორიზებული ორი აუდიტორული კომპანიის ერთ-ერთი ლიდერია, მათ მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ როგორც აშშ-ში, ისე სხვა ქვეყნების საარჩევნო ორგანოებთან.