გოგებაშვილის საფლავის ქვა სიძველის გამო ჩავარდა და არა ჩვენი სამუშაოების – მერია
თბილისის მერია აცხადებს, რომ იაკობ გოგებაშვილის საფლავის ქვა სიძველის გამო ჩავარდა და არა მერიის მიერ სადრენაჟე სისტემის გაყვანის.
მანამდე მერია ნეტგაზეთთან არ ადასტურებდა იმ ცნობას, რომ სადრენაჟო სამუშაოების დროს საფლავის ქვა ჩავარდა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გავაკეთოთ განმარტება ქართველი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის საფლავის დაზიანების თაობაზე გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.
2019 წელს, მთაწმინდის პანთეონში თბილისის მერიამ განახორციელა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. კერძოდ, მოეწყო სადრენაჟე სისტემა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და მოსული ნალექი ხშირად იწვევდა საფლავების დატბორვას. რაც შეეხება იაკობ გოგებაშვილის საფლავისა და ნეშტის დაზიანებას, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე.
პანთეონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს არ გამოუწვევია საფლავის დაზიანება. საფლავის ქვა ჩავარდა სიძველის გამო, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს და საფლავის ქვა ყველა პროცედურის დაცვით აღადგინეს,“ — წერს მერია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც დღეს, 17 სექტემბერს გაავრცელა.
გოგებაშვილის დაზიანებული საფლავის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ სუს-დან გაჟონილ ფაილებშია. აქ წერია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს მაშინდელმა უფროსმა, ნიკოლოზ ანთიძემ ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძეს აცნობა, რომ საფლავი დაზიანდა. ასევე:
„ნ.ანთაძის თქმით, იმისთვის, რომ მომხდარი არ გახდეს ცნობილი მედიისთვის და საზოგადოების ფართო მასებისთვის, აუცილებელია, დაუყოვნებლივ გატარდეს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები,“.
დღეს დილით ნეტგაზეთი დაუკავშირდა ყველა პასუხიმსგებელ უწყებას, ინფორმაცია არსად არ დაგვიდასტურეს.
ვრცლად:
გოგებაშვილის საფლავის დაზიანების ფაქტს ნიკოლოზ ანთიძე ადასტურებს