ის თქვენ უნდა დაიცვათ — ლიზა იასკო სააკაშვილს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი, ლიზა იასკო, რუსთავის ციხეში მასთან შეხვედრის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს.

ჟურნალისტებთან მან მხოლოდ რამდენიმე წინადადება თქვა. აღნიშნა, რომ საქართველო თავს ბედნიერად უნდა გრძნობდეს, რადგან მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ადამიანი ჰყავს, „რომელიც თავისი ქვეყნისა და ხალხისთვის ბევრზე წამსვლელია“.

„მე ვამაყობ მისით. ვამაყობ, როგორც ადამიანით, რომელსაც ასე ძლიერ უყვარს თავისი ქვეყანა. მინდა ვთქვა, რომ ეს არის ის დიდი ბრძოლა, რომელიც თქვენ უნდა მოიგოთ“, – ამბობს იასკო.

ჟურნალისტების დამატებით კითხვებზე, მათ შორის, თუ რამდენი ხანი იმყოფება სააკაშვილი საქართველოში და რა სამომავლო გეგმები აქვს, ის არ პასუხობს. თუმცა ამბობს:

„ამ ეტაპზე ის პოლიტიკური პატიმარია და ეს სრულიად მიუღებელია. ეს არის ძალიან ცუდი, რაც მოუვიდა თქვენს პრეზიდენტს და ამას უნდა ებრძოლოთ.“

გარეკანი ფოტო: ტელეკომპანია პირველი


მიხეილ სააკაშვილმა 1 ოქტომბერს ფეიბუსკზე დაწერა, რომ უკვე საქართველოშია. შემდგომ კი რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ბათუმშია გადაღებული.

მთელი დღის განმავლობაში, „ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე აცხადებდნენ, რომ სააკაშვილის ვიდეოები მონტაჟი იყო. დღის ბოლოს კი სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილი დააკავეს. ამ ბრიფინგზე ღარიბაშვილმა თქვა:

„მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვების დღე, პირველი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა,“.

სააკაშვილი იმავე საღამოს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ყოფილი თანამდებობის პირები იხდიან სასჯელს. მისი დაკავების შემდეგ, ენმ-მ განაცხადა, რომ სააკაშვილი 4 დღის განმავლობაში იყო საქართველოში.

სააკაშვილის შეფარვის საქმეზე ამ ეტაპზე სამი ადამიანია დაკავებული – ელგუჯა ცომაია და ზურა და შალვა წოწორიები. სამივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ცომაია სწორედ ის ადამიანია, ვის კუთვნილ ბინაშიც სააკაშვილი დააკავეს, ხოლო წოწორიებს პროკურატურა სააკაშვილის ფოთიდან აბაშამდე გადაყვანას ედავება.

ნახეთ ასევე:

როგორ შეიფარა ცომაიამ სააკაშვილი თავის ბინაში — დეტალები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.