მოხარულნი ვიქნებით, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, ოღონდ დათქმების გარეშე — ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სახელმწიფო მოხარული იქნება, თუ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას “ყოველგვარი დათქმების”გარეშე შეწყვეტს.

აღნიშნულის შესახებ მინისტრმა “რუსთავი2”-ის ეთერში ისაუბრა მას შემდეგ, რა ექსპრეზიდენტმა შიმშილობის შეწყვეტის მზაობა გამოთქვა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში.

“ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბატონ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ის დათანხმდება და შეწყვეტს შიმშილობას, ოღონდ რა თქმა უნდა ყოველგვარი დათქმების გარეშე.

რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი გადაყვანილი კერძო კლინიკაში? შეუძლია ვინმეს, ამაზე პასუხი გაგვცეს?

თუკი ადამიანი ასრულებს შიმშილობას, ეს ძალიან კარგია და ჩვენ ამას მივესალმებით… მე ეს დღესაც მრავალგზის დავადასტურე, რომ ჩვენი სულისკვეთება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არის აბსოლუტურად ერთიანი და ჩვენც მოხარულნი ვიქნებით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური და ის დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს.

როდესაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი, ის იქნება გადაყვანილი უკან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ნომერ 12 დაწესებულებაში, სადაც აქამდე იხდიდა სასჯელს”, — დასძინა მან.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც 42-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს, 8 ნოემბერს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს გლდანის ციხის საავადმყოფოში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნაზე, სახელწოდებით „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება მხარეებს 10 ნოემბერს გაუგზავნა.

სასამართლო ამბობს, რომ მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით გადაწყვიტა,  განმცხადებლისთვის (მიხეილ სააკაშვილისთვის) შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინა.

“სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას (სასამართლოს) უნდა აცნობოს აპლიკანტის (მიხეილ სააკაშვილის) ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის შესახებ) და (მთავრობამ) უნდა უზრუნველყოს საპყრობილეში ყოფნისას მისი უსაფრთხოება და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომი პერიოდისას”, — წერია გადაწყვეტილებაში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.