2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიული დოკუმენტი წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს – რა ეტაპზეა სამუშაოები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება დასრულებულია და იმედი აქვს, რომ 2021 წლის ბოლომდე დოკუმენტის მთავრობის მიერ დამტკიცებაც მოხდება.

როგორც პარლამენტის 26 ნოემბრის საკომიტეტო მოსმენაზე ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, მუშაობის პროცესი გადასულია ფინალურ ეტაპზე. კერძოდ, სტრატეგიული დოკუმენტები კომენტარებისა და შენიშვნებისთვის გაეგზავნა სტრატეგიის შემუშავების მიზნით, საქართველოს პრემიერ მინისტრის განკარგულებით შექმნილ უწყებათაშორისო საბჭოს წევრ-სამინისტროებს. დოკუმენტი კომენტარებისთვის გაგზავნილია პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტშიც.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, უკვე დაწყებულია უკუკავშირის მიღება და დამუშავების შემდეგ აისახება დოკუმენტში.

„ამის შემდგომ მოხდება სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და ლოგიკური ჩარჩო დოკუმენტების გატანა საჯარო განხილვებზე: აიტვირთება სამინისტროს ვებგვერდზე და საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს დოკუმენტს და თავისი წვლილი შეიტანოს დოკუმენტის დახვეწაში. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მოხდება დოკუმენტის მთავრობის მიერ დამტკიცება“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სტრატეგიის ახალი დოკუმენტი წარმოადგენს მთავრობის ხედვას განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების შესახებ და პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად ასახავს გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების გეგმას.

სტრატეგიის შესახებ, მათ შორის დოკუმენტზე მუშაობის მიმდინარე წლის ბოლოს დასრულების თაობაზე, EDU.ARIS.GE-ს ჯერ კიდევ ივლისის თვეში ესაუბრა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და განაცხადა, რომ სტრატეგიაზე მუშაობის ფარგლებში, განსხვავებულად მოხდება სასკოლო და ასევე ეროვნული გამოცდების გადააზრებაც.

„ამით, ჩვენ გვექნება პარლამენტის მიერ მიღებული პოლიტიკის დოკუმენტის სრულად აწყობილი სისტემა. გვექნება ათწლიანი სტრატეგია და გვექნება სამოქმედო გეგმა, რომელშიც საკითხები კონკრეტულად იქნება გაწერილი. სტრატეგია შეეხება ყველა მიმართულებას, როგორც ზოგადი, ისე პროფესიული და უმაღლესი განათლების საკითხებს. ამ კუთხით განიხილება ყველა საკითხთან დაკავშირებით გადააზრება პროცესების, რომელიც არის და სამიზნეების დასახვა 2030 წლისთვის, სად უნდა იყოს ჩვენი განათლების სისტემა. ყველა საკითხი განიხილება, თუმცა ვნახავთ საბოლოო ჯამში როგორ სახეს მიიღებს, მათ შორის არამხოლოდ ეროვნული გამოცდები, არამედ სასკოლო განათლების პროცესში როგორი უნდა იყოს გამოცდები და რაზე უნდა იყოს მიმართული”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

განათლების სამინისტროს მიერ EDU.ARIS.GE– სთვის გასულ თვეებში მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, 2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სამინისტროს საქმიანობის მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი იქნება, რომელიც განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს: ბავშვთა სკოლამდელი აღზრდა, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება, ზრდასრულთა განათლება და მეცნიერება. ახალ სტრატეგიაში ინტეგრირებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სფეროში ევროკავშირის რეკომენდაციები და ყველა საერთაშორისო ვალდებულება.

ასევე იხილეთ:

როგორ განისაზღვრება „განათლებისა და მეცნიერების 2022-2032 წლების ერთიან სტრატეგიაში“ უმაღლესების დაფინანსება – სამინისტროს პასუხი

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.