ჟენევის მოლაპარაკებები: რუსეთმა ნატოს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში აშშ-ს წარმომადგენელთან, ვენდი შერმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესვლის საკითხიც განიხილეს, სადაც რიაბკოვმა მოსკოვის კატეგორიული პოზიცია დააფიქსირა. რუსული მედიის ცნობით, მოსკოვმა ვაშინგტონს განუმარტა, რომ მათთვის საქართველოსა და უკრაინის ნატოში არგაწევრიანება ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, თუმცა ვაშინგტონის მხრიდან სასურველი პასუხი ვერ მოისმინა.

“ჩვენთვის სრულიად აუცილებელია – დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა არასდროს გახდება ნატოს წევრი. გვსურს, რომ მადრიდის სამიტზე გაუქმდეს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული ფორმულა და შეიცვალოს შემდეგი სახით: “უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები…”

მოგვბეზრდა ცარიელი საუბრები, ნახევრად დაპირებები, არასწორი ინტერპრეტაციები, რაც ხშირად ხდებოდა დახურულ მოლაპარაკებებში. ჩვენ სხვა ქვეყანას არ ვენდობით. ჩვენ გვჭირდება იურიდიული მნიშვნელობის გარანტიები, არა დაპირებები, არამედ სწორედ გარანტიები სიტყვებით: “უნდა”, “ვალდებულები არიან”, არასდროს გახდნენ ნატოს წევრები”, – თქვა რიაბკოვმა.

რუსული გამოცემა РИА Новости-ის ცნობით, მოსკოვმა დეტალურად აუხსნა ვაშინგტონს საკუთარი შეთავაზების ლოგიკა.

თუმცა რიაბკოვის განცხადებით რუსეთი დასავლეთისგან არ მოელის, რომ აშშ და ნატო იურიდიული შეთანხმების არსებობის შემთხვევაშიც კი შეასრულებენ მას.

The Guardian-ის ცნობით, აშშ-ის დელეგაციის თავმჯდომარემ, ვენდი შერმანმა კი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვაშინგტონი “ნატოს ღია კარის პოლიტიკის ჩაკეტვის უფლებას არავის მისცემს”.

ხოლო რიაბკოვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები “უიმედო” არ იყო, თუმცა რუსეთმა ძირითადი მიზნების მიღწევაში პროგრესს ვერ მიაღწია, რაც დეკემბერში აშშ-სთან და ნატოსთან შეთავაზებულ ხელშეკრულებაში იყო ნათქვამი. კერძოდ კი აშშ-ს უნდა დაედო პირობა, რომ ნატო აღარ მიიღებდა ისეთ ახალ წევრებს, როგორიცაა საქართველო და უკრაინა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.