ახალი ამბები

როგორ ესმით „კარგი/ცუდი პედაგოგი“ საქართველოში

როგორ ესმით „კარგი/ცუდი პედაგოგი“ საქართველოში

როგორ ესმით საქართველოში „კარგი“ და „ცუდი“ მასწავლებელის შინაარსი? როგორია პროფესიონალი პედაგოგის შეფასების კრიტერიუმები მშობლების, მოსწავლეებისა თუ სტუდენტების მხრიდან და არის თუ არა მხოლოდ საგნის ცოდნა საკმარისი „კარგი პედაგოგის“ სახელის მოსაპოვებლად? ამ თემაზე საკუთარი მოსაზრებები EDU.ARIS.GE-ს მოსწავლეთა მშობლებმა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა გაანდეს.

თეა ლათიფაშვილი ორი შვილის დედაა. ის ფიქრობს, რომ ზოგადად, ყველა პროფესიაში შეიძლება იყოს „კარგი“ და „ცუდი“ სპეციალისტი და ამ კუთხით, არც პედაგოგია გამონაკლისი. მასწავლებლის განსაკუთრებული როლიდან გამომდინარე კი, მხოლოდ საგნის კარგად ცოდნა არ არის საკმარისი, რადგან აუცილებელი ნიშან-თვისებების გარეშე, ის ფუნქცია, რაც მას აკისრია, ვერ შესრულდება.

მისი თქმით, პედაგოგებს საშუალება აქვთ, ბევრი საგნობრივი თუ მეთოდოლოგიური ტრენინგი გაიარონ, რაც მათ საშუალებას აძლევს, საუკეთესო პრაქტიკას გაეცნონ და ისინი სასწავლო პროცესში გამოიყენონ.

ჩვენი რესპონდენტის შვილები საჯარო სკოლის მოსაწავლეები არიან და დედა აქტიურად ადევნებს თვალს სასწავლო პროცესს. ამბობს, რომ მასწავლებელი ზედმეტად არის დამოკიდებული სასკოლო სახელმძღვანელოზე, თუნდაც დავალების შერჩევის პროცესში და პრობლემაა ისიც, რომ ხშირად, არ არის გათვალისწინებული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები, მისი აღქმისა და გამოხატვის შესაძლებლობები.

„გასაგებია, რომ ბევრი მოსწავლის პირობებში, მეტი ინდივიდუალიზმის გამოვლენა მარტივი არ არის, მაგრამ სწორედ ეს არის მათი პროფესიის, ერთის მხრივ სირთულე და მეორეს მხრივ, პრივილეგია. კარგ პედაგოგს შეუძლია, მოსწავლეს არამხოლოდ საგანი შეასწავლოს და შეაყვაროს, არამედ სწავლის პროცესიც გაუმარტივოს და სახალისო გახადოს. ცხადია, ბევრი კარგი პედაგოგია ჩვენ გარშემო და ამას, ყველაზე უკეთ თავად მოსწავლე ხედავს და აფასებს. რაც შეეხება კარგი მასწავლებლის ჩემეულ გაგებას: პირველ რიგში, მოსწავლეები და თავისი საქმე უნდა უყვარდეს. მისთვის სამუშაო პროცესი მხოლოდ მოვალეობის შესრულებასთან არ უნდა ასოცირდებოდეს. კარგად იცოდეს თავისი საგანიც და მისი პედაგოგიური მიდგომები და დამოკიდებულებები თავისი მოსწავლეების უნარებისა და შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოჩენისკენ უნდა იყოს მიმართული“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან თეა ლათიფაშვილი.

ჩვენი მეორე რესპონდენტი, შორენა ალაზნისპირელიც მშობელია. ფიქრობს, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში „ცუდი პედაგოგები“ ჯერ კიდევ არსებობენ და მეტიც, არც მათი მხრიდან გამოვლენილი ძველი მიდგომები და ბავშვების მიმართ განხორციელებული უნებური ბულინგი შეცვლილა:

„მეც ვიყავი მოსწავლე. 20 წლის შემდეგ კი, როდესაც შვილები გავზარდე, იგივე გარემოებებს გადავაწყდი, უარესსაც კი. ჩემი გოგონას მასწავლებელს, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ისეთი ქცევები ჰქონდა, დღემდე ვნანობ, რომ პასუხი არ ვაგებინე. ცეკვის მასწავლებელმა, როდესაც ჩემს შვილს „ცეკვის ჩუსტი“ გაუცვდა, გაკვეთილზე ასე მიმართა: „შე დახეულჩუსტებიანო“. ამ დღის შემდეგ, ამ პედაგოგთან ბავშვს ცეკვაზე აღარ უვლია. ვნანობ, რომ არ ვუთხარი, როგორი ცუდი და უღირსი მასწავლებელი იყო“.

შორენა ალაზნისპირელი აცხადებს, რომ ეს ერთეული შემთხვევა არ არის და უამრავი მსგავი ფაქტი არსებობს. თუმცა აქვე ამატებს, რომ „საბედნიეროდ, ძალიან კარგი პედაგოგებიც ბევრნი არიან და მადლობა მათ ამისთვის“.

დიდი ხანი არ არის, რაც ნინო პაატაშვილმა ჯერ თელავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის, შემდეგ კი, უმაღლესი სასწავლებლის კარი გამოიხურა და თავის პროფესიაში წარმატებულ ახალგაზრდად ჩამოყალიბდა. უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გვიყვება, რომ განათლების ყველა საფეხურზე გატარებული დრო მთელი სიმძაფრით ახსოვს და მიიჩნევს, რომ ადვილია, გააკრიტიკო ყველა და ყველაფერი, მაგრამ რთულია, თავად აკეთო ღირებული საქმე:

„იყო კარგი მასწავლებელი ნიშნავს, საკუთარ თავზე აიღო უდიდესი პასუხისმგებლობა მოზარდის განვითარებასა და პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში. როგორც ყველა სხვა სფეროში, სკოლებშიც ვხვდებით პროფესიონალ და ნაკლებად პროფესიონალ, „კარგ“ და „ცუდ“ პედაგოგებს. ზოგჯერ, თავად მშობლებს და ბავშვებს აქვთ გადაჭარბებული მოთხოვნები პედაგოგის მიმართ, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მშობლების მიერ წამოჭრილი საკითხები აბსოლუტურად ადეკვატური და მართებულია. გააჩნია, რას მიიჩნევს მშობელი და თავად მოსწავლე შეფასების კრიტერიუმად. დღესდღეობით ხომ მასწავლებლებს ძალიან დიდი შეზღუდვები დაუწესდათ და შესაძლოა, მათი მხრიდან ხმამაღალი საუბრის მანერაც კი, უკვე გახდეს განხილვის და დავის საგანი.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ პედაგოგს უამრავი გამოწვევის გადალახვა და საკუთარ თავზე უდიდესი პასუხისმგებლობის აღება უწევს, მაშინ მივხვდებით იმასაც, რომ პედაგოგის ანაზღაურება მის მიერ გაწეულ ძალისხმევასა და შრომას არ შეესაბამება. ეს კი, დროთა განმავლობაში, მოტივაციაზე აისახება და საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში გადაიზრდება. და მაინც, მგონია, რომ არ არსებობს „კარგი“ და „ცუდი“ პედაგოგი, არსებობს კარგი და ცუდი განათლების სისტემა. რომლის შედეგიც არის ის რეალობა, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ნინო პაატაშვილმა.

და მაინც, რა მთავარი პასუხები აქვს კითხვას: რას ნიშნავს, იყო „კარგი“ ან „ცუდი“ მასწავლებელი? ალბათ, ეს ის მოცემულობაა, როდესაც მოსწავლეები მასწავლებელს საკლასო ოთახში დიდი ინტერესით უსმენენ. მისი ცოდნის, სამართლიანობის, სიყვარულის, ადამიანურობის სჯერათ და იციან, რომ ამ კედლებში მიღებული განათლება დროის ფუჭი ხარჯვა კი არა, მათი მომავლისკენ მიმავალი კიბის მთავარი საფეხურია, რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება.

ასევე იხილეთ:

„თანამედროვე სკოლას სხვა ტიპის კადრები სჭირდება“ – რა უბიძგებთ ახალგაზრდებს მასწავლებლის პროფესიაში შესვლისკენ

მოამზადა ნატო მეგუთნიშვილმა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.