ევროპარლამენტარების ვიზიტი გაუქმდა – „პაპუაშვილმა დრო არ გამონახა“
ჟან მონეს დიალოგის ფასილიტატორი ევროპარლამენტარები, ვიოლა ფონ კრამონი, მირიამ მექსმანი და მარია კალიურანდი, აცხადებენ, რომ მათი ვიზიტი საქართველოში, რომელიც 21-22 იანვარს იყო დაგეგმილი, გაუქმდა.
„როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ განხორციელდება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არ გამონახა დრო, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში“, – წერენ ისინი.
ჟან მონეს დიალოგი არის ევროპარლამენტის შემუშავებული ინსტრუმენტი საპარლამენტო მედიაციისათვის. ამ საკითხზე საქართველოს კონტექსტში 2021 წლიდან გააქტიურად მსჯელობა.
3 ევროპარლამენტარის საერთო განცხადების თანახმად, 21-22 იანვირს ვიზიტი მიზნად ისახავდა „საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობის შესწავლას, რისი მიზანიც არის პარტიათაშორისი დიალოგის განვითარება უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად“.
„ჟან მონეს დიალოგის პროცესი არის მედიაციის მოქნილი და დადასტურებული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციებისა და ინტერესების გათვალისწინება. ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული“, – წერია განცხადებაში.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს საკვანძო პოზიცია და პასუხისმგებლობა, რომ უპასუხოს ქვეყანაში ხანგრძლივად არსებულ მავნე პოლიტიკურ პოლარიზაციას და წინ წაიწიოს ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგით“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.
„ქვეყნის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი და მზადყოფნას გამოვხატავთ, დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ საქმეში. კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაბამისად, რომელიც უკვე არსებობს, ვიწვევთ საქართველოს პარლამენტს, მოამზადოს საფუძველი ჟან მონეს დიალოგის პროცესის დასაწყებას უახლოეს მომავალში“, – წერია განცხადებაში.
?? Polarized #Georgia now more than ever needs a functioning parliament to tackle ??’s many challenges. ??EU has all the tools to facilitate the dialogue between ?? parties. Too bad that starting the #JeanMonnetDialogue is being protracted by ?? Parliamenthttps://t.co/wcaodHWDmw
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) January 21, 2022