ახალი ამბები

„ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებზე კანდიდატები დაასახელა

„ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებზე კანდიდატები დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე, რომელიც ორ საარჩევნო ოლქში ტარდება, საკუთარი კანდიდატები დაასახელა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავი-გარდაბნის ოლქში იგეგმება, ბათუმის გონიო-კვარიათის საარჩევნო ოლქში კი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

ირაკლი კობახიძის თქმით, რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში „ოცნების სახელით“ კენჭს ირაკლი შატაკიშვილი იყრის, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნებში კი რამაზ ჯინჭარაძე მიიღებს მონაწილეობას:

„ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი. ირაკლი გახლავთ მაღალკვალიფიციური იურისტი. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე- გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძო კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში.

ბათუმის საკრებულოს არჩევნებში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ რამაზ ჯინჭარაძე. რამაზ ჯინჭარაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ძალზე მდიდარი, მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად რამაზ ჯინჭარაძე იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ორივე არჩევნების მოგება პრინციპულად მნიშვნელოვანია:

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორივე არჩევნების მოგება. რუსთავი-გარდაბნის ოლქში არჩევნების მოგება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს. რაც შეეხება ბათუმის არჩევნებს, მასზე დამოკიდებულია ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია ქალაქის შეუფერხებელი განვითარებისათვის” ,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც არჩეული წევრი ნუგზარ ფუტკარაძე დაიღუპა. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე კი ქალაქის მერი გახდა, რის შემდეგაც პარლამენტი დატოვა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.