წერეთლის რეაბილიტაცია: კომპანიას 6 თვე აქვს “დიდუბის ხიდის” რემონტისთვის
სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი – წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. მათ შორის, უნდა გარემონტდეს შალიკაშვილის ხიდიც, რომელიც მერიის თქმით, ამორტიზებულია.
152-მეტრიან ხიდზე, რომელზეც ყოველდღიურად ასობით მანქანა დადის, 6-თვიანი რეაბილიტაციის პერიოდში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ნეტგაზეთს მერიაში უთხრეს, რომ ხიდს აშენების შემდეგ (1953) რეაბილიატაცია პირველად უტარდება.
„პროექტის მიხედვით, 152 მეტრი სიგრძის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, რეაბილიტირდება თაღების დაზიანებული უბნები, მოაჯირები და პარაპეტები. გაიწმინდება და მოპირკეთდება არსებული ფილები, მოეწყობა გარე განათების ქსელი.
აღსანიშნავია, რომ ხიდის რეაბილიტაცია იერსახის უცვლელად განხორციელდება,“ – ვკითხულობთ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წერილობით პასუხში.
ხიდის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 4 242 372 ლარი დაიხარჯება. ამასთანავე, ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები ობიექტზე 24-საათიან რეჟიმში უნდა წარიმართოს.
„სამუშაოების წარმოების პროცესში, საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება ნაწილობრივ, მონაცვლეობით, სავალი ნაწილის ჯერ ერთ და შემდეგ მეორე მხარეს. აკაკი წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა, ისევე როგორც ხიდზე, ნაწილობრივ შეიზღუდება,“ – უთხრეს ნეტგაზეთს მერიაში.
რემონტის 6-თვიან ვადაზე ჟურნალისტებთან საუბრობს კალაძის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანიც.
„ეს სამუშაოები მხოლოდ წერეთლის გამზირის ნაწილში ჯდება 28 მილიონ 400 ათასი ლარი, ხოლო შალიკაშვილის ხიდის ნაწილში 4 მილიონი ლარი. რამდენიმე ლოტად გვაქვს სამუშაოები დაყოფილი. პირველ ეტაპზე მოხდება წერეთლის გამზირის ერთი მიმართულების სრულად ჩაკეტვა, მოსახლეობისთვის გასაგები რომ იყოს – ერთი მიმართულება წერეთლის გამზირის სრულად ჩაიკეტება, იქ სადაც სამუშაოები დაიწყება, ხოლო დარჩენილ მეორე მიმართულებაზე, მოხდება მოძრაობის „გაორმხრივება“, რათა მოძრაობა შენარჩუნდეს. თუმცა, დამეთანხმებით, რომ დაკეტვის გარეშე სამუშაოები ვერ.. [გაგრძელდება],“ – თქვა ბენდელიანმა რამდენიმე დღის წინ.
მანვე დასძინა, რომ საპროექტოდ გათვლილი ვადები ასეთია: ხიდისთვის 6 თვე, ხოლო წერეთლის გამზირისთვის – იანვრამდე პერიოდი.
სრულად მოძრაობის შეზღუდვისა და ქუჩებზე დაშვებული მოძრაობის გრაფიკი კი ასე გამოიყურება:
რაც შეეხება ტენდერს, მერიამ კონტრაქტი კომპანია გამარჯვებულ „შპს ავტოგზალენტეხი 99-თან“ გააფორმა. ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო.
ამ თემაზე წაიკითხეთ ასევე:
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.