ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტის, თენგო მღებრიშვილის მურსიაში მიღებული ინოვაციური გამოცდილება მედიაციის საფუძვლებში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო Erasmus+ პროექტის MEDIATS Project Mediation: Training and Society Transformation-ის ფარგლებში ორგანიზებულ მედიაციის პრაქტიკულ კურსში ესპანეთის ქალაქ მურსიაში, UCAM universitad catolica San antonio de Murcia-ს უნივერსიტეტში. ამჟამად ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის კერძო სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსზე, მედიაციის მოდულზე, რომელიც ფოკუსირებულია მედიაციის სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებზე. რადგან დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმები მაინტერესებს, ეს ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო მედიაციის სამყაროს შესასწავლად და სხვა თვალით დასანახად. სანამ სტაჟირების განმავლობაში შეძენილ მნიშვნელოვან გამოცდილებასა და ცოდნაზე გიამბობთ, მოკლედ აღვნიშნავ მედიაციის პროცესის მნიშვნელოვან ასპექტებს.
მედიაცია, დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, პრობლემის გადაჭრის პროგრესული მექანიზმია. მედიაციის პროცესი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ დროს ხდება მხარეთა საჭიროებებისა და ინტერესების შეფასება/გამორკვევა, რომლებიც ხშირად მხარეთა პოზიციების უკან დგას. ამასთან მთლიანად ნებაყოფლობითობის პრინციპზეა დაფუძნებული და საჭიროებს მხარეთა თანხმობას ნებისმიერ საკითხზე. მიუხედავად ამისა, ყველაფერი არცისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, პროცესი ბევრად რთული და კომპლექსურია. სწორედ ამ სირთულეებში სიღრმისეულად გასარკვევად და გასაცნობიერებლად გავიარე 2-კვირიანი მედიაციის სტაჟირების პროგრამა UCAM-ის უნივერსიტეტში.
ნამდვილი თავგადასავალი დაიწყო, როდესაც მურსიაში მივედი სახლში, სადაც გავიცანი პროექტის მონაწილე სხვა სტუდენტები, რომლებთან ერთადაც საინტერესო გამოცდილება შევიძინე და მოგონებები დავაგროვე სულ რაღაც 2 კვირაში. სტაჟირების პირველ კვირაში როგორც ქართველ, ისე უკრაინელ სტუდენტებსა და წარმომადგენლებს მოგვეცა დისკუსიისა და ჩვენი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა თემაზე „მედიაცია, როგორც მიზანი და გამოწვევა XII საუკუნის სამართლებრივ სისტემაში“. გავეცანით ესპანური მართლმსაჯულების სისტემას, ვეწვიეთ მურსიის სასამართლოს და მისი მედიაციის პრაქტიკოსი მედიატორებისგან მივიღეთ პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები.
უნივერსიტეტის პირველმა დღეებმა გამაცნო მედიაციის საინტერესო სამყარო. სწავლების გარდა მქონდა მურსიის, ამ საინტერესო ქალაქის, დათვალიერებისა და აღმოჩენის, ესპანური კულტურისა და ადგილობრივი მოსახლეობის გაცნობის შესაძლებლობა. ვიყავით ესპანეთის სხვა ქალაქებშიც, მაგალითად, კარტახენაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთში მდებარე საპორტო ქალაქში, მოვინახულეთ მისი უძველესი რომაული თეატრი და სხვა ღირსშესანიშნაობები. კარტახენაში ასევე ვეწვიეთ ერთ-ერთ დიდ საერთაშორისო კომპანიის საწარმოს, რომლის დირექტორმა გაგვიზიარა გამოცდილება და ისაუბრა საერთაშორისო ბიზნესის სამყაროში მედიაციის მნიშვნელობაზე.
პროექტის ყველაზე საინტერესო გამოცდილება ვირტუალური რეალობის (VR) ნაწილი იყო, რომელიც უპასუხებს ახალ გამოწვევებს ონლაინმედიაციაში. პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში, რადიკალურად შეიცვალა მუშაობის, სწავლების სტილი და მთლიანად მოერგო ონლაინპლატფორმებს. რასაკვირველია, COVID-19-მა ზეგავლენა მოახდინა მედიაციის პროცესზეც, მედიატორები და მხარეები იძულებულები გახდნენ გამოსულიყვნენ კომფორტის ზონიდან. მათ მოუწიათ ძალიან მცირე დროში სრულიად ონლაინსამყაროსთან, ონლაინ სამართალწარმოებასთან ადაპტირება, სოციალური დისტანციიდან და სხვა შეზღუდვებიდან გამომდინარე. მიმაჩნია, რომ ვირტუალური რეალობა ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული ტექნოლოგიური ტენდენცია სულ რაღაც ხუთ წელში. მეტიც, ხელოვნური ინტელექტი (AI) დაგვანახებს უფრო პერსონალიზებულ, რეალისტურ ვირტუალურ სამყაროს, სადაც იქნებიან რეალისტური, ვირტუალური პერსონაჟები. მედიაციის დავების გადასაწყვეტად VR ტექნოლოგიის გამოყენება სრულიად ახალი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. მისი დახმარებით მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, აირიდონ ონლაინ (ვიდეოკონფერენციის საშუალებით) მედიაციის დამაბრკოლებელი/ უარყოფითი ფაქტორები და დავები სახლიდან გაუსვლელად გადაწყვიტონ. პროექტის მონაწილეებმა ჩავატარეთ როლური თამაში სწორედ ვირტუალურ რეალობაში და ეს გამოცდილება შთამბეჭდავი, პროგრესული და დასამახსოვრებელი იყო, რადგან რეალურად დავინახეთ, როგორი სასარგებლო შეიძლება იყოს ტექნოლოგიების განვითარება მედიაციის პროცესისთვის.
ესპანეთში შევხვდი ბევრ საინტერესო ადამიანს. ჩვენ ყოველდღიურად ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო პროცესი. სულ რამდენიმე დღეში შევიძინე იმაზე მეტი, ვიდრე ველოდი. განვივითარე და დავხვეწე მედიატორის უნარ-ჩვევები პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით და გავიღრმავე ცოდნა მედიაციის მნიშვნელოვან, აქტუალურ საკითხებზე.
სტაჟირების დროს მიღებულმა გამოცდილებამ უფრო თავდაჯერებულ და რეალიზებულ პიროვნებად ჩამომაყალიბა. იმედია, ამ ცოდნას, გამოცდილებასა და უნარებს გამოვიყენებ როგორც ჩემს პროფესიულ კარიერაში, ასევე საქართველოში ამ ინსტიტუტის განვითარებისთვის.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები