წულუკიანის თქმით, 2024-ის არჩევნების შედეგად, სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებს
საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, 2024 წელს, არჩევნების შედეგად, თანამდებობას, სავარაუდოდ, დატოვებს. აღნიშნულის შესახებ მან “იმედის” ეთერში ისაუბრა.
“ეს არ არის ჩემ მიერ გამოგონილი ნაბიჯები, ეს არის ნაბიჯები, რომლის გადადგმის მოლოდინიც ძალიან ბევრი თეატრის წარმომადგენელს, მხატვარს, ძალიან ბევრ სხვა დარგის წარმომადგენელს ჰქონდათ”, — თქვა წულუკიანმა კულტურის მინისტრობისას მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრისას და განაგრძო:
“ეს არის პროფესიონალების ის დიდი ჯგუფი, რომლებიც ჩუმად არიან, თავის საქმეს აკეთებენ და ბოლო არაერთი წლის მანძილზე, 20-25 წლის მანძილზე, როდესაც ჩვენ სისხლით და გაჭირვებით აღვადგინეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, არიან მოლოდინის და იმედის რეჟიმში.
მე, რა თქმა უნდა, გამიხარდება, თუკი — როდესაც 2024 წელს, არჩევნების შედეგად, სავარაუდოდ, თანამდებობას დავტოვებ — ვნახავ, რომ ამ იმედების რაღაც პროცენტი გავამართლე”.
გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა წულუკიანს უთხრა, რომ კრიტიკოსები მას ადანაშაულებენ თეატრის სფეროში ე.წ. ჟანდარმერიის შექმნაში, კრიტიკულად განწყობილი რეჟისორების ჩამოშორებასა და მისდამი ლოიალური კადრების დანიშვნაში.
საპასუხოდ მინისტრმა რამდენიმე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, მათ შორის, ლევან გაბრიაძის, რობერტ სტურუას, ნაზო სულუაშვილის სახელები ჩამოთვალა და დასძინა:
“თუკი ამ ღვაწლმოსილ ადამიანებს ვინმემ შეიძლება ვიღაც წულუკიანისადმი ლოიალობა დასწამოს, მე ვფიქრობ, ეს მათი შეურაცხყოფაა, პირველ რიგში, თორემ ეს ჩემზე, რა თქმა უნდა, არ მოქმედებს.
მე ვცდილობ, მივიღო ის გადაწყვეტილებები, შესაბამის კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად, რომლებიც არიან სარეკომენდაციო საბჭოში და არამხოლოდ მათთან ერთად: მე ძალიან ბევრ ადამიანს ვუსმენ”.
თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად გასული წლის მარტში დაინიშნა. კრიტიკოსები არაერთგზის აღნიშნავენ, რომ წულუკიანმა “წმენდა” მოაწყო, მაგალითად, ეროვნულ მუზეუმში, საიდანაც ბოლო პერიოდში არაერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს.
თავად წულუკიანი მართლზომიერად მიიჩნევს ამ და სხვა ნაბიჯებს, მუზეუმიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს კი არაერთ ბრალდებას უყენებს და მათ “პოლიტიკურად ანგაჟირებულობაზე” საუბრობს.