უკრაინის განათლების სამინისტრო 2022 წელს სკოლის გამოსაშვები და უმაღლესში მისაღები გამოცდების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა
2022 წლის 8 მარტს, უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოვიდა ინციატივით, რომ წელს არ ჩატარდეს სახელმწიფო შემაჯამებელი ატესტაცია მე-11 კლასის მოსწავლეთათვის, ასევე გარე დამოუკიდებელი შეფასება აბიტურიენტებისთვის და რომ გამოცდების ალგორითმში ერთჯერადი ცვლილებები შევიდეს.
“რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიით გამოწვეული საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის, განათლებისა და მეცნიერების ეროვნული სისტემის მიმართ რუსული სამხედრო და ტერორისტული ჯგუფების აგრესიულობის გათვალისწინებით, გთავაზობთ გაუქმდეს:
- სახელმწიფო შემაჯამებელი ატესტაცია ( სკოლის გამოსაშვები გამოცდები);
- გარე დამოუკიდებელი შეფასება (აბიტურიენტების გამოცდები);
- ერთიანი მისაღები გამოცდები და ერთიანი მისაღები პროფესიული გამოცდები (ორივე მაგისტრობის მსურველთათვის),
როგორც საკონკურსო კრიტერიუმი საგანმანათლებლო მომსახურების შემდგომ წვდომაზე, – ვკითხულობთ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე.
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, უკრაინის პარლამენტის განათლებისა და ინოვაციების კომიტეტმა, საგანმანათლებლო და მშობელთა ორგანიზაციებმა ეს გადაწყვეტილება ერთობლივი ძალისხმევით მიიღეს.
უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სერგი შკარლეტი იმასაც განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მარტივი არ არის და მას თავისი მიზანი აქვს:
“ასეთი გადაწყვეტილება არ არის იოლი, მაგრამ აუცილებელია. ჩვენი მთავარი ამოცანა მოზარდებში ნებისმიერი სახის სტრესის შემსუბუქებაა. ისინი ახლა რთულ დროში ცხოვრობენ და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს პერიოდი რამენაირად მაინც შევამსუბუქოთ”, – ხაზგასმით განაცხადა მინისტრმა.
ასევე იხილეთ:
სტუდენტები საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ