ახალი ამბები

“მინდა, პუტინი უბრალოდ დამთავრდეს” — პუტინისა და ომის საწინააღმდეგო აქცია თბილისში

“პლანეტა პუტინის გარეშე!” — დაიყვირა თბილისში, რუსეთის გაუქმებულ საელჩოსთან გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რის შემდეგაც მას სხვა დემონსტრანტებიც აჰყვნენ.

ვლადიმერ პუტინისა და უკრაინაში მის მიერ წარმოებული ომის საწინააღმდეგო დემონსტრაცია 12 მარტს გაიმართა რუსების, ბელარუსელების, უკრაინელებისა და ქართველების მონაწილეობით.

ისინი ერთხმად გმობდნენ რუსეთის აგრესიას მეზობლების წინააღმდეგ.

“რუსეთი პუტინის გარეშე!”

ჭავჭავაძის გამზირზე, შვეიცარიის საელჩოს შენობასთან, რომლის ერთ-ერთ განყოფილებაშიც რუსეთის ინტერესების სექცია მუშაობს, სოციალური ქსელით დაგეგმილი აქციის მონაწილეები შუადღისას შეიკრიბნენ.

შენობის წინ უკრაინის გიგანტური დროშა გაშალეს, პერიოდულად კი მრავალ სლოგანს სკანდირებდნენ. მათ შორის იყო “არა ომს!”, “რუსეთი პუტინის გარეშე!”, “ხელები შორს უკრაინისგან!” და “პუტინი არ არის რუსეთი!”.

“მინდა, პუტინი უბრალოდ დამთავრდეს” — პუტინისა და ომის საწინააღმდეგო აქცია თბილისში

აქცია თბილისში, პუტინის პოლიტიკისა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის წინააღმდეგ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

12 მარტის აქცია უკრაინაში მიმდინარე ომის გარდა გმობდა რუსეთის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებითაც. დემონსტრანტების შეკრების ადგილზე იდგა ბანერი, რომელზეც შემდეგი 4 პუნქტი იყო დატანილი:

  • ჩვენ, რუსეთის მოქალაქეები, ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას;
  • მხარს ვუჭერთ ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და უკრაინიდან ჯარების გაყვანას;
  • მხარს ვუჭერთ საქართველოდან ჯარის გაყვანას და საქართველოს სრულ დეოკუპაციას;
  • მხარს ვუჭერთ რუსეთის მიერ მეზობლებთან ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარის თქმას.

აქციის ატრიბუტიკა მრავალფეროვანი იყო: უკრაინის დროშების გარდა, ადგილზე წარმოდგენილი იყო ბელარუსის ოპოზიციის სიმბოლოდ ქცეული, თეთრ და წითელ ფერებში გადაწყვეტილი დროშები.

“მინდა, პუტინი უბრალოდ დამთავრდეს” — პუტინისა და ომის საწინააღმდეგო აქცია თბილისში

“მე ვარ რუსეთი და ვარ ომის წინააღმდეგი” — პლაკატი აქციიდან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

არაერთ რუს დემონსტრანტს ეკავა ლურჯ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი დროშა, რომელიც ხშირად ჩანს პუტინის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის საწინააღმდეგო აქციებზე. აღნიშნულ სიმბოლოს რუსეთის სახელმწიფო დროშისგან ერთი შტრიხი განასხვავებს: წითელ(ქვედა) ზოლს თეთრი ანაცვლებს.

“წითელი ზოლის წაშლით ჩვენ ვქმნით სიმბოლოს ახალი რუსეთისა, რომელიც, იმედი მაქვს, ოდესმე იქნება”, — აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

“მინდა, პუტინი, უბრალოდ დამთავრდეს”

“3 დღის წინ სიმშვიდე იყო, თუმცა გუშინ დნიპროსაც შეუტიეს”, — გვეუბნება ვიქტორია, ახალგაზრდა ქალი უკრაინიდან, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან ცხოვრობს საქართველოში.

როგორც ამბობს, აქ ბიზნეს იდეების, კარგი კლიმატისა და კარგი ხალხის გამო ჩამოვიდა, თუმცა ახლა დარდობს მშობლებზე, რომლებიც დნიპროში რჩებიან და არ იცის, როგორც დაეხმაროს მათ.

“რთულია, ავხსნა, რას ვგრძნობ ახლა”, — დასძენს ის. მეორე მხრივ, ფიქრობს, რომ აქციაზე დგომა მნიშვნელოვანია, რათა ამ ფორმით ფააფიქსიროს საკუთარი პროტესტი ყოველივე იმაზე, რაც უკრაინაში 2 კვირაზე მეტია, ხდება.

ვიქტორიასთან ერთად პუტინის ომს აპროტესტებდა რუსეთის არაერთი მოქალაქე, რომელთაც სხვადასხვა დროს დატოვეს თავიანთი ქვეყანა. ვიქტორ ზაიკინმა ეს იანვარში გააკეთა. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს.

“მინდა, პუტინი უბრალოდ დამთავრდეს” — პუტინისა და ომის საწინააღმდეგო აქცია თბილისში

“პუტინს სიყვარული აღარ შეუძლია, ამიტომაც აწარმოებს ომს! თავისუფლება რუსეთს! მშვიდობა უკრაინას! მადლობა საქართველოს!” — პლაკატი აქციიდან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“მე რუსეთის მოქალაქე ვარ და სამწუხაროდ, ამ დროისთვის, რუსული პასპორტი მაქვს. თუმცა, მე ვარ პუტინის წინააღმდეგი, ომის წინააღმდეგი”, — დასძენს ის.

გვიყვება, რომ მუდამ ეწინააღმდეგებოდა პუტინის პოლიტიკას, არასდროს მიუცია მისთვის ხმა და რუსეთში ყოფნისას ყოველთვის გადიოდა საპროტესტო აქციებზე. ზაიკინის ჰყვება, როგორ ახშობს რუსეთის ხელისუფლება განსხვავებულ აზრს, როგორ მუშაობს ქვეყანაში პოლიცია და დასძენს, რომ მისი აზრით დღეს “რუსეთიც ოკუპირებულია”.

სწორედ ასე პასუხობს აქტივისტი მიმდინარე დღეებში საზოგადოებრივი დისკუსიებისას არაერთგზის დასმულ კითხვას: რატომ არ აპროტესტებს ომს ბევრი რუსი.

“იმიტომ, რომ ჩვენ ოკუპირებულები ვართ. 13 000 ადამიანი დააპატიმრეს რუსეთში მას შემდეგ, რაც [ომის საწინააღმდეგო] პროტესტი დაიწყო. ურტყამენ მოედანზე გამოსულ [მოქალაქეებს], რომლებიც უბრალოდ ამბობენ: “არა ომს!”

ისინი ცდილობენ, თქვან რამე, გამოხატონ პროტესტი, თუმცა პოლიცია მეტია, ვიდრე დემონსტრანტი. არის პროპაგანდა, არის სიღარიბე, ესეც პრობლემაა: ადამიანები გადასახადიდან გადასახადამდე ცხოვრობენ, ბევრი კრედიტი აქვთ… როცა ხალხი ღარიბია, ადვილია მისი მართვა.

ისინი ფიქრობენ: რა მოხდება, თუ სამსახურიდან გამათავისუფლებენ? ამიტომაც, ეშინიათ. ეს ძალიან ღრმა პრობლემაა რუსეთის საზოგადოებაში”.

“მინდა, პუტინი უბრალოდ დამთავრდეს” — პუტინისა და ომის საწინააღმდეგო აქცია თბილისში

ვიქტორ ზაიკინი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

კრემლისადმი კრიტიკულ პოზიციას რუსეთში ყოფნისას ღიად აფიქსირებდა ანასტასია აკაშკინაც: ჟურნალისტი და აქტივისტი, რომელიც თბილისში თითქმის 1 წლის წინ გადმოვიდა, 12 მარტს კი სხვებთან ერთად შეუერთდა პუტინისა და ომის საწინააღმდეგო აქციას:

“ჩამოვედი, რადგან რუსეთში პოლიტიკური დევნილი ვიყავი… ნავალნის შტაბსა და [ორგანიზაცია] “ღია რუსეთში” [ვსაქმიანობდი]. ამასთან, ჟურნალისტი ვარ.

პუტინმა მაიძულა ქვეყნიდან წასვლა, ახლა კი [ის] ჩემი მეგობრების ქვეყანაში შეიჭრა. 11 წელი ვიტანჯებოდი პუტინის ქმედებებისგან. გამოვდიოდი მიტინგებზე, ვიბრძოდი და საბოლოო ჯამში, წამოსვლა მომიწია. ახლა მინდა, პუტინი უბრალოდ დამთავრდეს”.

“ეს ომი უნდა გაჩერდეს”

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

რუსეთში პერიოდულად იმართება ომის საწინააღმდეგო აქციები, რომლებზეც, OVD-info-ს მიხედვით, 14 000-მდე ადამიანი დააკავეს.

რეპრესიების ფონზე, რუსეთს მრავალი მოქალაქე ტოვებს და მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში მიემგზავრება.

“მინდა, პუტინი უბრალოდ დამთავრდეს” — პუტინისა და ომის საწინააღმდეგო აქცია თბილისში

დიმიტრი ლუკაში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მოსკოველი სტუდენტის, დიმიტრი ლუკაშის მონაყოლის თანახმად, ის ერთ-ერთი მათგანია. ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებამდე ომის საწინააღმდეგო აქციაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც მის სახლში პოლიცია მივიდა.

“მეც და მშობლებსაც შეგვეშინდა. ამიტომ ვარ აქ. ვცდილობ, ონლაინ ვისწავლო, მაგრამ რთულია. აქ [აქციაზე] იმიტომ ვარ, რომ პუტინის წინააღმდეგ გამოვიდე. ეს ომი უნდა გაჩერდეს”, — გვეუბნება დიმიტრი და განაგრძობს:

“ახლა რუსების უმრავლესობას, ჩემი მეგობრების უმრავლესობას, სურთ, ილაპარაკონ ომის წინააღმდეგ, მაგრამ ეშინიათ. ეშინიათ ქუჩაში გასვლის, რადგან, შეიძლება, დააკავონ, 15 წლამდე დააპატიმრონ, უნივერსიტეტებიდან გარიცხონ… მათი მომავალი საფრთხეშია.

ამიტომაც ეშინიათ ქუჩაში გასვლის და ამიტომაც არ არიან ათასობით. მაგრამ ვფიქრობ, ახლაა დრო, როცა უნდა შევებრძოლოთ ამ შიშს და ვილაპარაკოთ, რადგან ყოველ დღე იხოცებიან ადამიანები. საშინელებაა, უბრალოდ იჯდე და არაფერი აკეთო”.

“მინდა, პუტინი უბრალოდ დამთავრდეს” — პუტინისა და ომის საწინააღმდეგო აქცია თბილისში

“ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან” — პლაკატი აქციიდან. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

მიმდინარე დღეებში თბილისში არაერთი მოქალაქე ჩამოვიდა ბელარუსიდანაც, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთს უჭერს მხარს. ერთ-ერთი მათგანი — ვლადისლავი — ასევე შეუერთდა 12 მარტის აქციას. დემონსტრაციის დასასრულს, მან გვითხრა:

“აქ ვარ, რადგან ვეწინააღმდეგები ომს უკრაინაში. აქ ვარ, რათა ვაჩვენო ჩემი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი… მე გამოვიქეცი ბელარუსიდან ომის დასაწყისში, რადგან არ მინდა, მასში რაიმე ფორმით მივიღო მონაწილეობა, რაიმე ფორმით მხარი დავუჭირო რეჟიმს”.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.