ზელენსკის თქმით, რუსეთთან დაკავშირებულ პარტიებს უკრაინაში საქმიანობა უჩერდებათ
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 11 პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის რუსეთთან თანამშრომლობაში ბრალდებულ პარტიებს, საქმიანობა შეუჩერდებათ. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშატაბიანი ომის გათვალისწინებით მიიღო.
ზელენსკიმ ჩამოთვალა ის პარტიები, რომელთაც საქმიანობა შეუჩერდება, მათ შორისაა: ოპოზიციური პლატფორმა – „სიცოცხლისთვის“, ერთ-ერთი უდიდესი პრორუსული პარტია უკრაინის პარლამენტში; „შარიას პარტია“; „ჩვენები“; “; „მემარცხენე ოპოზიცია“; „მემარცხენე ძალების კავშირი“; „სახელმწიფო“; „უკრაინის პროგრესული სოციალისტური პარტია“; „სოციალისტური პარტია უკრაინა“, „სოციალისტები“ და ვლადიმერ სალდოს ბლოკი.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.