„არასდროს დაიჯეროთ, რომ სვანურის, მეგრულის და ლაზურის შესწავლა რამეს დააკლებს ჩვენს ერთიანობას“

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, სვანური და მეგრული ენების სკოლებში არჩევით საგნად სწავლების შესახებ, ენათმეცნიერი მარინე ბერიძე გამოეხმაურა.

როგორც მან 15 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა, მისთვის აბსოლუტურად მისაღებია ქართულ სკოლებში ქართველური ენების ნებაყოფლობითი სწავლა, რადგან ამ მემკვიდრეობას მოვლა და დაცვა სჭირდება.

მარინა ბერიძემ სეპარატიზმის გაღვივების საშიშროებაზეც გააკეთა აქცენტი და განმარტა, რომ ამ შიშის საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ ძალიან ბევრი კრიზისული დაპირისპირება გვქონდა ქვეყნის შიგნით, მაგრამ არცერთი მათგანი ამ ნიშნით არ იყო განპირობებული. არასდროს დაიჯეროთ, რომ სვანურის, მეგრულის ან ლაზურის – ამ ქართველური ენების შესწავლა რამეს დააკლებს ჩვენს ერთიანობას“, – თქვა მარინე ბერიძემ გადაცემაში „Zoom განათლებაზე“.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სკოლებში მეგრულისა და სვანური ენების სწავლების ინიციატივით 14 აპრილს, ორბელიანის სასახლეში, დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვიდა. მისი განმარტებით, თუკი სკოლაში მეგრულისა და სვანურის არჩევითი სწავლების უფლება დაწესდება, მაშინ შესაძლებელი იქნება ქართველური ენების დაცვა.

პრეზიდენტის ამ ინიციატივას გამოუჩნდნენ როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს ინიციატივა სასარგებლოა, მეორე ნაწილი კი პრეზიდენტის შეთავაზებას იწუნებს და სეპარატიზმის საშიშროებაზე საუბრობს.

ამავე თემაზე:

„თუ სკოლაში დაწესებული იქნება მეგრულისა და სვანურის სწავლება, მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზური ენის დაცვას შევძლებთ“

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.