რა უნდა გააკეთოს სკოლამ და მშობელმა, რომ პანდემიის შემდეგ სასკოლო დანაკარგები „თავსატეხად არ გადაიქცეს“

„თუ სკოლა და მასწავლებელი მეტ დროს, მეტ რესურსს გამოყოფს, მეტ აქტივობას მოიფიქრებს, მაშინ, მოსალოდნელია, რომ ბევრი ბავშვისთვის, პანდემიისგან განათლების კუთხით მიყენებული ზარალი და არსებული ხარვეზი არ გადაიქცევა დიდ თავსატეხად მომდევნო წლებში“, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-სთან USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის წიგნიერების მიმართულების უფროსმა კონსულტანტმა, განათლების ექსპერტმა პაატა პაპავამ ისაუბრა.

პაატა პაპავა, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომლის თემაც იყო „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“, სამომავლო ხედვების შესახებ დისკუსიის ფასილიტატორიც გახლდათ. ის ამბობს, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია განათლების კუთხით მიყენებული დანაკარგები და ეს გარდაუვალიც იყო, ახლა კი ამ ზარალის დაზუსტება მიმდინარეობს.

პაატა პაპავა: თუ მშობელს სკოლა კარს არ უღებს და კომუნიკაციაში არ შედის, შეიცვალეთ სკოლა!

„ონლაინ რეჟიმში მიმდინარე სწავლის პროცესის დროს, ზოგან რესურსები არ იყო საკმარისი, ზოგან – ინტერნეტი და ა. შ. ბევრი მიზეზის გამო, დანაკარგი გარდაუვალი იყო და ის სახეზეა. ყველა, ძლიერი სასკოლო სისტემის მქონე ქვეყანებიც კი ითვლიან ამ დანაკარგს ისე, როგორც სოფელში შეიძლება სეტყვისგან თუ წყალდიდობისგან მიყენებული ზარალი დათვალონ და  პირდაპირ ეკონომიკურ ტერმინებშიც კი გადაიტანონ“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ექსპერტი.

როგორც ზემოთ ხსენებულ კონფერენციაზე აღინიშნა, ყველაზე დიდი ზიანი პანდემიამ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიაყენა, თუმცა ზარალი დასათვლელია მაღალ კლასებშიც.

„მხოლოდ დაწყებითი საფეხურის ბავშვებს არ აქვთ პრობლემა ამ მხრივ, თუმცა დაწყებითი კლასებზე იყო ფოკუსირებული ჩვენი კონფერენცია, სადაც ფუნდამენტური უნარების, წერა-კითხვის საძირკვლის ფორმირება და გამყარება ხდება. სამ ძირითად რამეზე ვსაუბრობთ: წერა-კითხვა, მათემატიკა და სოციალურ-ემოციური უნარ-ჩვევები. თუ სკოლა ამ სამ უნარზე მომდევნო სასწავლო წლის განმავლობაში ფოკუსირებულად მეტად იმუშავებს, ვიდრე ჩვეულებრივად, მაშინ მოსალოდნელია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს ხარვეზი არ გადაიქცევა დიდ თავსატეხად მომდევნო წლებში.

ძალიან უნდა შევაშინო მშობლები – საკმაოდ დიდია ეს ზიანი. ცხადია, კონსტრუქციულ შიშზე ვლაპარაკობ. თუ მაღალი ტემპერატურა გაქვთ, კარგი იქნება, თუ შეგეშინდებათ. სწორედაც, რომ მნიშნელოვანია ის შიში და ახლა ის დროა, მშობლებს შეეშინდეთ იმ ზარალის და დანაკარგების, რომელიც პანდემიამ მიაყენა და ახლა კიდევ ზაფხულის გრძელი არდადეგები დაამატებს“, – ამბობს პაპავა.

მსოფლიოში და საქართველოშიც ახლა იმ დანაკარგებს ითვლიან, რომელიც პანდემიამ სერიოზული ზიანის სახით მოუტანა სასწავლო პროცესს. ამ პროცესის პარალელურად კი, საქართველოს განათლების მინისტრი აცხადებს, რომ „პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ“.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, როდესაც პაპავა „მშობლებს აშინებს“, მაშინ რაზე საუბრობს განათლების მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ გამოწვევები დაძლეული გვაქვს, ექსპერტი პასუხობს:

„საქართველო პანდემიას გაუმკლავდა იმ ფარგლებში, რა ფარგლებში შესაძლებელი იყო გამკლავება. ჩვენ შეგვიძლია ცალკე ვილაპარაკოთ, რამდენად ეფექტური იყო ის ზომები, რომელიც ქვეყანამ და განათლების სამინისტრომ მიიღო იმისათვის, რომ მინიმალური ყოფილიყო ეს ზიანი, მაგრამ ახლა არ არის ამის განხილვის დრო. მინისტრმა ძირითადად ილაპარაკა იმაზე, თუ რა გააკეთა ქვეყანამ და ამ გამკლავების ეფექტური მეთოდეები რა იყო. მსოფლიოში მხოლოდ ორი თუ სამი ქვეყანაა, რომელიც დღეს აცხადებს, რომ დანაკარგების გარეშე ჩაიარა მოსწავლეთა მოსწრების კუთხით პანდემიამ ან ეს დანაკარგები მათთვის უმნიშვნელოა.

სხვა ქვეყნები ხმამაღლა ლაპარაკობენ და ამზადებენ სკოლებს იმისათვის, რომ ეს დანაკარგები არ გამსუყდეს და დიდ ბარიერებად არ გადაიქცეს. მე ვამბობ, რომ გავქვს დიდი დანაკარგები. ყველა მშობელმა იცის, რომ არის დანაკარგები და სხვადასხვა გზით სცადეს ოჯახებმა ამასთან გამკლავება. ვერ მაჩვენებთ ოჯახს, რომელიც იტყვის, რომ არ აქვთ დანაკარგი განათლების კუთხით, მიუხედავად იმ ზოგიერთი მართლაც ეფექტური მცდელობებისა, რომელიც იყო. ახლა მთავარია, გავუმკლავდეთ, რომ არ მოიტანოს უფრო დიდი დეფექტები, არ გადაიქცეს დიდ ბარიერებად და ჩავარდნებად მომდევნო წლებში“.

არსებული დეფექტების აღმოფხვრის გზებად პაატა პაპავა სხვადასხვა მიგნებასაც ასახელებს. ერთ-ერთი ფაქტორი სწავლების დროის გაზრდაა, რომლისთვისაც, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას ზაფხულიც.

„ხარვეზების აღმოსაფხვრელად სხვადასხვა მიდგომა შეიძლება გამოვიყენოთ და მათ შორის შეიძლება იყოს დროის გაზრდაც და ზოგმა ქვეყანამ ამ გზას მიმართა.  შესაძლებელია, ჩვენც სწორედ გაზრდილი დრო, ზაფხულის პერიოდი გამოვიყენოთ ამისთვის და ვიფიქროთ სკოლებში სასწავლო პროცესის იმგვარად ორგანიზებაზე, რომ მეტი ფოკუსირებული დრო დაიხარჯოს. თუ ასე მოხდა, იმედი მაქვს, ოჯახები გაგებით მოეკიდებიან“, – უთხრა პაატა პაპავამ EDU.ARIS.GE-ს 5 მაისს.

განათლების ექსპერტი ფიქრობს, რომ არსებული დანაკარგების შესწავლის ერთ-ერთი გზა ის დიაგნოსტიკური შეფასებებია, რომლებიც ახლა ინერგება სკოლებში, ზოგი სკოლა კი უკვე კარგა ხანია ამ ხერხს მიმართავს.

ასევე იხილეთ:

3 გზა, თუ როგორ უნდა შეივსოს პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგები სკოლაში

„დისტანციური სწავლებისას პირველკლასელებმა ვერ შეძლეს ასოებისა და რიცხვების ათვისება“ – კვლევის შედეგები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.