ახალი ამბები

„ვინც კი სკოლას ამთავრებს, ყველა აბარებს უმაღლეს სასწავლებელში – ხდება არა სტუდენტების შერჩევა, არამედ გადანაწილება“

„ვინც კი სკოლას ამთავრებს, ყველა აბარებს უმაღლეს სასწავლებელში – ხდება არა სტუდენტების შერჩევა, არამედ გადანაწილება“

„დღეს სტუდენტების შერჩევა კი არ ხდება, არამედ – მათი გადანაწილება, რომ ყველა იყოს დაბინავებული და არ დარჩეს უსაქმურობის გამო ქუჩაში. ასეთი დამოკიდებულება ვრცელდება, რომ მოვა მერე დრო და მე მოვამზადებ ჩემს შვილს, ახლა რატომ უნდა მოიკლას თავი თუ აბიტურიენტობისას იმეცადინებს და მაინც ჩააბარებს უმაღლეს სასწავლებელში, კარიერაც გამზადებული ექნება და ყველაფერი. ეს მიდგომა არ არის სწორი“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის „სწავლა სწავლების“ დირექტორი გიორგი ნოზაძე, რომელიც ჩვენთან საუბარში უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში დღეს არსებულ მიდგომებს ეხმიანება.

პროგრამა „სწავლა-სწავლება“ მიზნად ისახავს სკოლებში მოსწავლეებზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას. მისი ერთერთი მთავარი მიმართულება კი არის „ახალი სკოლის მოდელის“ სკოლებში ფართოდ გავრცელება, რომელიც თავის მხრივ, ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია და სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

„ერთია, ბავშვი მოამზადო, რომ მან რაღაც ბარიერი გადალახოს და ამ ბიუროკრატიული ბარიერის გადამლახავი დამადასტურებელი დოკუმენტი აიღოს და მეორეა, ამ ბავშვის ინტელექტუალური, ბუნებრივი განვითარება, მისი ნიჭის გამოვლენა, რათა იმ აბიტურიენტმა იცოდეს, რომ მას რაღაც სფერო აინტერესებს, გამოსდის ეს სფერო და მასზე არსებობს დაკვეთა საზოგადოებაში, რომ მან შეგნებული გადაწყვეტილება გააკეთოს, რა სპეციალობას აითვისებს და რა საქმის პროფესიონალი გახდება“, – ამბობს გიორგი ნოზაძე.

მისივე თქმით, ამ წუთას ეს [პროცესი] მოშლილია და „მოშლილია იმდენად, რომ ვინც კი ამთავრებს სკოლას, ყველა აბარებს უმაღლეს სასწავლებელში, ანუ რეალურად, არ ხდება სტუდენტების შერჩევა, არამედ ხდება მათი გადანაწილება, რომ ყველა იყოს დაბინავებული და არ დარჩეს უსაქმურობის გამო ქუჩაში“.

სპეციალისტი ამ არაჯანსაღი დამოკიდებულების შედეგებზეც მიუთითებს:

„ასეთი მიდგომები, რომ ოღონდ სტუდენტი მყავდეს და მას სახელმწიფო დაფინანსება ჰქონდეს… მუდმივი სტუდენტების ფენომენი და ჩვენს საზოგადოებაში ცოდნაზე რეალური დაკვეთის ნაკლებობა ქმნის ამ არაჯანსაღ დამოკიდებულებას და გამოდის, რომ მასწავლებლები და მშობლები ერთმანეთისადმი და საკუთარი თავისადმი მოთხოვნებს ამცირებენ, გულგრილს ხდიან ბავშვებს რეალური განვითარების მიმართ. შედეგად, ჩვენ გვყავს 5-10 ბავშვი, რომლებიც ბუნებრივად ნიჭიერები არიან, ისინი მიდან, იგებენ საერთაშორისო ოლიმპიადებს, ჩვენ ამითი ვტრაბახობთ, ვამაყობთ და საერთოდ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს ბავშვები გამონაკლისები არიან და არა – სისტემის პროდუქტები. სინამდვილეში, სისტემის პროდუქტი არის მოსწავლეების უზარმაზარი მასა, რომლებმაც ვერც განვითარება, ვერც ცოდნა დააგროვეს და ვერ გაერკვნენ საკუთარ თავში, რა უნდათ, რა შეუძლიათ და საით აპირებენ წასვლას“, – აცხადებს გიორგი ნოზაძე.

ასევე იხილეთ:

სკოლას + დისტანციური სწავლება + გამარტივებული ტესტები = განათლების დონის კლებას

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.