მაისის ბოლო თუ სექტემბერი? – როდის ჩატარდება სკოლებში მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასება

სასწავლო წელი იწურება და ჯერ კიდევ უცნობია, როდის მოხდება ქვეყნის მასშტაბით დაანონსებული IV-IX კლასების ყველა მოსწავლის მიღწევის აღწერა, რომელიც სკოლებში ჩატარებული დიაგნოსტიკური შეფასების მიხედვით უნდა მოხდეს. სკოლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ჯერ კიდევ არ მიუღიათ ის დამხმარე მასალები, რომლის მიხედვითაც სკოლებმა დიაგნოსტიკური შეფასება უნდა ჩაატარონ.

დიაგნოსტიკური შეფასება, რომელმაც უნდა დაადგინოს პანდემიის დროს მოტანილი ზიანი და შედეგად შესაძლებელი გახდეს მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების გაანალიზება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა მათი წინსვლის ხელშესაწყობად, აპრილის თვეში დაანონსდა. თავდაპირველი გათვლით, სკოლებს, დიაგნოსტიკური დავალების წერა, მაისის 10 რიცხვამდე უნდა დაესრულებინათ. როგორც განათლების სამინისტროს რეფორმების ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებდნენ, ისინი აპირებენ სკოლებისთვის თითო საგანში თითო წერითი ვარიანტის შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც ერთსა და იმავე კლასში მყოფმა ბავშვმა ერთი და იგივე თემასა თუ საკითხებზე უნდა წეროს. ყველა მასწავლებელი საკუთარ საგანში შეაფასებს თავის მოსწავლეს და ამის შემდეგ ვალდებულია, განმავითარებელი კომენტარი ელექტრონულ ჟურნალში ატვირთოს.

დღეს 18 მაისია, თუმცა როგორც ჩვენ გავარკვიეთ, სკოლები განათლების სამინისტროსგან ისევ ელიან დაპირებულ მასალებს, სამინისტროში კი გვარწმუნებენ, რომ პროცესი მაისის ბოლოს მოესწრება.

EDU.ARIS.GE ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სკოლას დაუკავშირდა და ყველასგან ერთი და იგივე პასუხი გვაქვს – “განათლების სამინისტროს მათთვის არ მიუწოდებია დიაგნოსტიკური შეფასებისთვის განკუთვნილი ტესტები და არც იციან, ეს როდის მოხდება”.

ნაწილს საორგანიზაციო მოსამზადებელ პროცესზეც აქვს კითხვები. მაგალითად, როგორც EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას თბილისის 32-ე საჯარო სკოლის დირექტორი, ნინო ხუციძე-კაშია ამბობს, დიაგნოსტიკური შეფასების ჩატარება აუცილებელია, თუმცა არ იცის, რამდენად მოხერხდება ყველა ბავშვის შეფასება იმ სკოლაში, სადაც რამდენიმე პარალელური კლასი სწავლობს.

„ჯერ არანაირი სიახლე არ არის, ტესტები არ მოუწოდებიათ და ჩემი თვალთახედვით, სკოლებს გაუჭირდებათ ყველა მოსწავლესთან, ყველა საგანში მოასწრონ დიაგნოსტიკური შეფასება. თითო-თითო კლასის მოსწრება კი შესაძლებელია და არა ყველა პარალელურის და ისიც, თუ დროულად დავიწყებთ. ჩვენს სკოლაში 7-8-9 პარალელური კლასი გვაქვს და ყველგან ჩატარება რთული იქნება, რადგან ძალიან ცოტა დრო დარჩა სემესტრის დამთავრებამდე“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

სხვა სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლები კი არც იმას მალავენ, რომ მომხრე არიან დიაგნოსტიკურმა შეფასებამ სექტემბერში, ახალი სასწავლო წლისთვის გადაიწიოს, რათა ერთის მხრივ, სკოლები უკეთ მოემზადონ და მეორეს მხრივ, იმ შედეგების გამოსწორებისთვის მუშაობა, რომელიც მოსწავლეთა შეფასების შემდეგ დაიდება, მთელი წლის განმავლობაში იყოს შესაძლებელი.

ის, რაც უნდა ვიცოდეთ მოსწავლის დიაგნოსტიკური წერის შეფასებისას – ნიკო სილაგაძე

იმ სკოლებში კი, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები სწავლობენ, აქცენტს აკეთებენ მასწავლებლის მხრიდან განმავითარებელი კომენტარის ელექტრონულად ატვირთვაზე და ამბობენ, რომ არ იციან ამას როგორ მოახერხებენ არაქართულენოვანი პედაგოგები, ვინაიდან მათი ინფორმაციით განმავითარებელი კომენტარის შეტანა მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა განხორციელდეს, რაც ამ მასწავლებლებისთვის პრობლემას წარმოადგენს.

როგორც ჩვენთან საუბარში გახდა ცნობილი, სკოლების დირექტორებს აქვთ ინფორმაცია, რომ შესაძლებელია, მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასების ჩატარება სექტემბრისთვის გადაიდოს. ფიქრობენ, რომ სამინისტროში ჯერ კიდევ მიდის გარკვეული დეტალების დაზუსტება და ინფორმაცია ამ დრომდე იმიტომაც არ აქვთ.

ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და როგორც EDU.ARIS.GE-ს უწყებაში 16 მაისს განუცხადეს, დიაგნოსტიკური შეფასება სასწავლო წლის ბოლომდე “აუცილებლად ჩატარდება ყველა სკოლაში”.

„რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ მაისის ბოლოს სკოლებს გადაეგზავნებათ დიაგნოსტიკური შეფასებისთვის ტესტები და მაისის ბოლოსვე ჩატარდება შეფასებაც. არ გადაიდება სექტემბერში. შეიძლება ზოგმა სკოლამ 21 მაისს დაიწყოს დიაგნოსტიკური შეფასების ჩატარება, ზოგმა – 22 მაისს და ზოგმა – 23-ში“, – გვითხრეს მიხეილ ჩხენკელის უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის წარმომადგენელი და ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი ნიკო სილაგაძე, მასწავლებლებთან ონლაინ შეხვედრისას ჯერ კიდევ 26 აპრილს არ გამორიცხადა პროცესის გადავადებას და ამბობდა, რომ შესაძლოა, სკოლებში დიაგნოსტიკური შეფასების დანერგვამ გადაიწიოს და ეს იმ შემთხვევაში, თუ სკოლები პროცესს სერიოზულად არ შეხედავენ და ისე აღიქვამენ, როგორც ვალდებულებას.

“თუ დავინახავთ, რომ ამ ეტაპზე პროცესების სწორი აღქმა არ არის და ვალდებულება ვალდებულებისთვისაა, ამის ჩატარებას აზრი არ აქვს და შეიძლება ვიფიქროთ, რომ მეტი დროა საჭირო და შემდეგი წლისთვის იყოს ეს სამუშაო გასაკეთებელი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეხედავს სკოლის თითოეული წარმომადგენელი ამ პროცესს და ამას სჭირდება შემზადება… როდის დაიწყება, ვერ გეუბნებით, რადგან დაიწყება მაშინ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ სწორად იქნება აღქმული და გააზრებული ეს მოცემულობა სასკოლო საზოგადოების და მთლიანად სისტემის მხრიდან“, – თქვა მაშინ ნიკო სილაგაძემ.

ასევე იხილეთ:

„მოსწავლის დიაგნოსტიკური შეფასების აღწერა ოთხი ტიპის სკოლას დაგვანახებს“ – ნიკო სილაგაძე

სკოლებში მოსწავლეთა დიაგნოსტიკური შეფასებისთვის ტესტირება ჩატარდება – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა და მასწავლებლებმა

„რა საჭიროა ამდენი წერა-კითხვა?“ – მასწავლებელი მოსწავლეთა დიაგნოსტიკურ შეფასებაზე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.