„თუ გვინდა, ჩვენს სიტყვას შვილებმა ფასი დასდონ, ხუმრობითაც ტყუილი არ უნდა ვუთხრათ“ – ვაჟა-ფშაველას მიმართვა მშობლებს

„საუბრები ბავშვებზედ“

ნაწყვეტი ვაჟა ფშაველას წერილიდან

… ბოროტი არ იბადება არადროს კაცი. მის გაბოროტებაში გამზდელი, მშობლები, თვითონ ჩვენა ვართ დამნაშავე. ბოროტება, სიგულფიცხე, ბრაზი, ბავშის გულში ცოტ-ცოტობით იზდება, ამაში ჩვენი უყურადღებობა და ცუდი მაგალითია…

ცოლ-შვილში ხშირად თავდაუჭერლად ვიქცევით, რასაც უნდა ვამბობთ, რასაც უნდა ვშვრებით, არ უყურებთ არც გონებას, არც სვინიდისს. ბავშების მახვილი გონება ამას იბეჭდავს გონებაში და გულში, მოსწონს, კარგი გონია. არც ერთი სიტყვა და საქმე, რომლისაც ჩვენ თვითონ გვრცხვენიან შემდეგ, ბავშს არ გამოეპარება. ამიტომ, რაც უნდა კეთილი გვინდოდეს შვილებისათვის, თუ კეთილს არ გავაგონებთ, კარგს მაგალითს არ ვაჩვენებთ, შვილების სიკეთით დატკბობას ვერ მოვესწრებით…

მარტო სურვილი და სიკეთის სიყვარული შვილებისადმი არ კმარა, ცოდნა, შეგნებაა საჭირო.

უნდა, მხოლოდ, ჩვენს თავს დავეკითხოთ, როგორ მოვიქცეთ შვილებთან? ამისთვის საჭიროა შვილებზედ თვალყური გვეჭიროს და კარგი მაგალითი ვაჩვენოთ. შვილებს თვალყურს კარგად მაშინ ვადევნებთ, როდესაც შვილები გვეყვარება, ამიტომ ყველაზე საჭირო სიყვარულია. მე, თუ კაცი მიყვარს, იმისთვის არაფერს დავიშურებ.

დედ-მამამ უნდა შვილებს შესწირონ თვისი სიცოცხლე. უმეტესი ჩვენი ფიქრი, ყურადღება, შვილებზე უნდა იყოს მიქცეული. თუ შვილები გვეყვარება, რასაკვირველია, იმათაც შევუყვარდებით. რაკი დაინახავენ, რომ გვიყვარს შვილები, გვენდობიან კიდეც, რჩევას გაგვიგონებენ, მაგალითს ჩვენგნით აიღებენ და ეცდებიან ჩვენ დაგვემსგავსონ.

ყმაწვილს თუ დედ-მამის რჩევა, სიტყვა არ სწამს, საქმე მორჩომილია, აღარც მაგალითს ექნება ძალა.

თუ გვინდა, ჩვენს სიტყვას შვილებმა ფასი დასდონ, ხუმრობითაც ტყუილი არ უნდა უთხრათ და სხვებსაც უნდა ვსთხოვოთ, ტყუილს არ მიაჩვიონ ჩვენი შვილები. ცხოვრებაში ბევრს განსაცდელს მოელის კაცი, ბევრჯელ დასჭირდება იმას ტყუილის თქმა. ამიტომ მშობლებმა უბრალო ხუმრობაშიც, ტყუილს უნდა თავი დაანებონ.

შვილები, რაკი გვეყვარება, სასტიკად, მხეცურად არ მოვეპყრობით. შურით და ცემით ბოროტი კაცი ვის გაუკეთილებია?

ცემით დაშინება შეიძლება კაცისა, გაპატიოსნება კი – არაოდეს. სული, მხოლოდ სული, მოქმედობს სულზე, მხოლოდ გული იცნობს გულსა.

სიყვარულით და ჩაგონებით შეიძლება ასწავლოს შვილს მშობელმა სიყვარული, გულკეთილობა და გონიერება.

ვინ დაუჯერებს ამგვარს რჩევას: „გცემ და შემიყვარე, მე ტყუილებს გეტყვი, შენ მუდამ მართალი მილაპარაკეო, ტუტუცს, გიჟს, დაგიძახებ, არაფერს გასმევ, არც გაჭმევ, შენ მარტო ითმინე და პატივი მეციო“. ყველამ იცის ამნაირი რჩევის უვარგისობა და იმიტომ ვერცა ვინ ბედავს.
ცხოვრებაში ხშირად ისეც მოხდება ხოლმე, რომ ბოროტ მშობლებს გამოუვათ გულკეთილი და პატიოსანი შვილი. დიდი სირცხვილი ამგვარს მშობლებს!

ასევე იხილეთ:

„არ დააზეპირებინოთ ბავშვებს გამრავლების ტაბულა!“ – სწავლების მეთოდი წამყვანი მასწავლებლისგან

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.