ეს სკოლისთვის დამატებითი ხარჯი იქნება? – სკოლის დირექტორები და სპეციალისტი ჭადრაკის სწავლებაზე

რა არჩევანი ექნება პირველკლასელს, თუ ჭადრაკი არ მოსწონს? ვინ ასწავლის სკოლაში ჭადრაკს? რა პროფესიის უნდა იყოს ჭადრაკის მასწავლებელი? სკოლამ თავად უნდა მოიძიოს ჭადრაკის მასწავლებელი, თუ განათლების სამინისტროს ექნება მათი ბაზა? უნდა ჰქონდეს თუ არა პედაგოგის სტატუსი ჭადრაკის მასწავლებელს? ვინ უნდა აანაზღაუროს ჭადრაკის მასწავლებლის ანაზღაურება – სკოლამ თუ სამინისტრომ? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სკოლა იძულებული გახდება ჭადრაკი ასწავლოს, თუკი ეს მშობლების მოთხოვნა იქნება? – ეს და კიდევ უამრავი კითხვა გააჩინა განათლების მინისტრის 18 მაისის ბრძანებამ, რომელიც სკოლებში, სექტემბრის თვიდან პირველ კლასში ჭადრაკის სავალდებულო სანგად შეტანას ეხება იმ სკოლებში, სადაც ჭადრაკის მასწავლებელი არის, ან იქნება.

„I კლასში სკოლისთვის ჭადრაკი იმ შემთხვევაში არის სავალდებულო, თუკი ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი“, – წერია მინისტრის ბრძანებაში, რაც გაურკვეველს ხდის, მართლაც სავალდებულო გახდა თუ არა ჭადრაკის სწავლება სკოლაში. ამ ბუნდოვან ინფორმაციას არანაირი დამატებითი განმარტება არ მოჰყოლია განათლების სამინისტროსგან და ახლა სკოლებს ახალი თავსატეხი აქვთ – არ იციან, საიდან უნდა მოიყვანონ ჭადრაკის სპეციალისტი, რომელიც, სავარაუდოდ, სკოლაში მუშაობის სტანდარტებსაც უნდა აკმაყოფილებდეს.

EDU.ARIS.GE საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა და გაარკვია, რომ განათლების სამინისტროს არც მათთვის მიუწოდებია დეტალური ინფორმაცია, თუ რას ითვალისწინებდა მინისტრის ბრძანება და რა ვალდებულებები გააჩნიათ სკოლებს.

თბილისის 59-ე საჯარო სკოლის დირექტორი, მაია ლელაშვილი ამბობს, სკოლაში ჭარდაკის მასწავლებელი არ ჰყავთ. ამიტომ, აპირებს, ჭადრაკის მასწავლებლის აყვანის ამბავი მშობლების გამოკითხვის შემდეგ გადაწყვიტოს.

„ჭარდაკის შემთხვევაშიც ისე მოვიქცევი, როგორც მეორე უცხო ენის არჩევის დროს – მშობლებთან ვატარებთ გამოკითხვას და ხმათა უმრავლესობას რომელი ენაც მოიპოვებს, იმას ვირჩევთ. ბავშვები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ასეთ დროს და მშობლებს მივმართავთ. ამჯერადაც მშობლებს გამოვკითხავთ და რა შედეგიც გვექნება, იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. დეტალური ინფორმაცია არ მოგვსვლია, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, სავალდებულო არ არის ჭადრაკის სწავლება და თუ მშობლების მხრიდან მოთხოვნა დაფიქსირდა, გამოვაცხადებთ ვაკანსიას და სექტემბრამდე მოესწრება შესაბამისი კადრის მოძებნა, თორემ ვინც სპეციალისტი არ არის, ის ხომ ვერ ასწავლის?“, – ამბობს მაია ლელაშვილი, რომელმაც ჯერ არ იცის, როდის ჩაატარებს ამ გამოკითხვას, რადგან 2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია ჯერ არ დამთავრებულა და გამოკითხვის ჩატარებას სწორედ მათ მშობლებთან არის საჭირო.

EDU.ARIS.GE ესაუბრა ასევე თბილისის 62-ე საჯარო სკოლას, სადაც ჭადრაკის დედოფლად მიჩნეული, ნონა გაფრინდაშვილი სწავლობდა. სკოლის დირექტორი, ელენე შაბურიშვილი ამბობს, რომ მათ სკოლაში პანდემიამდე ჭადრაკს ისედაც ასწავლიდნენ, შესაბამისი სპეციალისტიც ჰყავთ და სექტემბრიდან მათი პირველკლასელები აუცილებლად ისწავლიან ამ საგანს.

„ჭადრაკი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. ჩვენი სკოლა აქვს დამთავრებული ნონა გაფრინდაშვილს და სწორედ ამიტომ, ჩვენთან, II კლასში, ისედაც ისწავლებოდა პანდემიამდე. მეზობელ სკოლებთან შეჯიბრებებსაც ვმართავდით. ონლაინ რეჟიმებმა კი ძალიან დაგვაზარალა ამ მხრივაც. ჭადრაკი ჩვენთან ძალიან პოპულარულია და მშობლებსაც უნდათ, რომ მათი შვილები ამ საგანს სწავლობდნენ. მოწვეული გვყავდა თანრიგოსანი მასწავლებელი და ის ასწავლიდა ჩენთან. სპეციალისტი უნდა იყოს, თორემ შეთავსებით რომ ვინმემ საათი დაიმატოს, ასე ჩვენთან არ იქნება. ნონა გაფრინდაშვილის სკოლაში ჭადრაკი არ ისწავლებოდეს, ალბათ არც შეიძლება“, – ამბობს ელენე შაბურიშვილი.

თბილისის 103-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, არჩილ ჩხაიძემ ჯერ არ იცის, რას ითხოვს განათლების სამინისტრო სკოლისგან. ჩვენს კითხვაზე, ასეთ სიტუაციაში, როდესაც სკოლას არ ჰყავს „შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი“, მშობლების მოთხოვნის საფუძველი შეიძლება გახდეს თუ არა, სკოლაში ჭადრაკის, როგორც საგნის სწავლების საფუძველი, დირექტორი გვპასუხობს:

„მშობლებმა შეიძლება იტალიურის სწავლება მოითხოვონ, მაგრამ თუ კანონი მოითხოვს და დაგვავალდებულებს, მაშინ, რა თქმა უნდა, დავაკმაყოფილებთ მოთხოვნას, თუ არადა, არ ვიცი… ზოგ სკოლაში აქვთ ჭადრაკის სწავლების ტრადიცია, წრეები აქვთ. სამი წლის წინ ჩვენთანაც იყო ჭადრაკის წრე, მაგრამ რატომღაც დიდი ინტერესი არ გამოიწვია და შევაჩერეთ. ამ ეტაპზე არც ისწავლება ჩვენთან და არც სპეციალისტი მეგულება ისეთი, ვინც შეიძლება მასწავლებლად მოვიწვიო. თუ სავალდებულო იქნება, გამოვაცხადებ კონკურსს და იმედია, გამოჩნდება. მაინტერესებს, ეს სკოლისთვის დამატებითი ხარჯი იქნება? ჩვენი სკოლა დოტაციურია სომხური სექტორი გვაქვს. სამინისტროსთვის გვიწევს ხშირად თანხების მოთხოვნა და როცა თანხას ვითხოვთ, უნდა დავუსაბუთოთ, რა რისთვის გვინდა. ჭადრაკის ამბავი როგორ იქნება, არ ვიცი. თუ სავალდებულო იქნება და ჩამიჯდება სასწავლო გეგმაში, მაშინ ვალდებული ვარ, ვასწავლო და ქვა გავხეთქო. თუ სავალდებულო არ იქნება, ალბათ ის სკოლები ასწავლიან, ვისაც შესაძლებლობა აქვთ, სადაც ჭადრაკის წრეებია და ა.შ.“

ჩვენი სამივე რესპონდენტის პასუხიდანაც ჩანს, რომ სკოლებში განათლების მინისტრის ახალ ბრძანებას გაურკვევლობა მოჰყვა და სტატიის დასაწყისში დასმული კითხვების პროფესიონალი მოჭადრაკის პრიზმიდან შევხედეთ.

EDU.ARIS.GE  ჭადრაკის დიდოსტატს, საქართველოს ნაკრების პირველ დაფას, მსოფლიო, ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონ ნანა ძაგნიძეს ესაუბრა, რომელიც ასევე სვამს კითხვას: თუ გვყავს ამდენი კადრი, რადგან ნანას აზრით, მასწავლებლობა მოწოდებაა, რასაც ყველა ჭადრაკის მცოდნე ვერ შეძლებს და, შესაბამისად, ქვეყანაში არ არის იმდენი ჭადრაკის მასწავლებელი, ყველა სკოლას რომ ეყოს.

„მე პირადად, 5 წლის ასაკში დავიწყე და ვთვლი, რომ ყველამ უნდა იცოდეს ჭადრაკის თამაში, რადგან ძალიან უწყობს ხელს აზროვნებას, განვითარებას, ფიქრს, კონცენტრაციის უნარს და ძალიან სასარგებლოა. ძალიან გამიხარდა ეს ამბავი რომ გავიგე, მაგრამ დიდი ადამიანური რესურსი რომ არის საჭირო? როგორც ვიცი, ჭადრაკის ფედერაცია კარგა ხანია მოწადინებულია, რომ ჭადრაკი შევიდეს სკოლებში. ალბათ ბევრი მუშაობა დასჭირდება, რომ ეს პროცესი დაიხვეწოს. მოგეხსენებათ, დასაწყისში ყველაფერი რთულია“, – ამბობს ნანა.

პროფესიონალი სპორტსმენს უცნაურად ეჩვენება ის ამბავიც, რომ მხოლოდ პირველ კლასში ხდება ჭადრაკის სწავლება სავალდებულო, რადგან, მისი აზრით ამ  მოკლე პერიოდში, ბავშვი ყველა მნიშვნელოვანი დეტალის ათვისებას ვერ შეძლებს.

„რატომ მხოლოდ პირველ კლასში და არა მთლიანად დაწყებით კლასებში? ვფიქრობ, პირველი ოთხი წელი რომ ესწავლათ, უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერ თვითონაც ტესტავენ, რა შედეგებს მიიღებენ, თუმცა, მხოლოდ პირველ კლასშიც რომ ასწავლონ, ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო იქნება, მაგრამ მაინც იმ აზრზე ვრჩები, რომ ერთი წელი არ იქნება საკმარისი იმისთვის, ბავშვი სრულყოფილად გაეცნოს ჭადრაკის ანბანს“, – გვითხრა ჩემპიონმა.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, რა უნდა ქნას პირველკლასელმა ბავშვმა, რომელსაც არ მოეწონება ჭადრაკი, დიდოსტატი პასუხობს:

„შეიძლება რომელიმე ბავშვს მათემატიკაც არ მოსწონდეს, მაგრამ უნდა ისწავლოს. ისე, მათემატიკა რომ არ მოეწონოს პირველკლასელს, მაგას უფრო გავიგებ. მაგ ასაკში ჭადრაკის ფიგურებს თოჯინებთან აიგივებენ ბავშვები. ძნელად წარმომიდგენია, რომ ბავშვისთვის ჭადრაკი სახალისო არ იყოს. თან, ჭადრაკს ისეთი ისტორია აქვს – თავდაპირველად ინდოეთში შეიქმნა და იქედან მოდის… რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მასწავლებელს, თუ როგორ მიაწოდებს ბავშვს, რომ მისთვის საინტერესო იყოს“.

ნანა ძაგნიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში, როდესაც მოქმედი სპორტსმენი აღარ იქნება, ჭადრაკის მასწავლებლობით თავადაც დაინტერესდეს.

ასევე იხილეთ:

რომელი სკოლების პირველკლასელები ისწავლიან ჭადრაკს სავალდებულოდ სექტემბრიდან – მინისტრის ბრძანება

„სკოლები სთავაზობენ იმას, რაც აინტერესებთ ბავშვებს, ჩვენთან პირიქითაა“ – პედაგოგი ჭადრაკის სავალდებულო საგნად შემოტანაზე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.