ახმეტაში ალტ-ინფოს პარტიის ოფისთან აქციას დაპირისპირება მოჰყვა

კახეთში, ახმეტაში, ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რასაც პარტიის მომხრეებთან დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იმ ქალაქში, სადაც დაიბადა გიორგი ანწუხელიძე, – საქართველოს ეროვნული გმირი, რომელიც 2008 წლის ომში მოკლეს, – დაუშვებელია, რუსეთისგან დაფინანსებული, პრო-რუსული ორგანიზაციის ოფისი ფუნქციონირებდეს.

„ფორმულას“ ინფორმაციით, ოფისთან პარტიის მხარდამჭერებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს; ორი ადამიანი პოლიციამ გაიყვანა.

რეგიონებში „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისების გახსნას მოჰყვა ადგილობრივი აქტივისტების პროტესტი არაერთ მუნიციპალიტეტში .

რამდენიმე ქალაქში ოფისები შეღებეს, ზოგგან უკრაინის და ევროკავშირის დროშები დახატეს და ა.შ.

ზოგიერთ შემთხვევაში (მესტიაში, ხულოსა და შუახევში) „კონსერვატიულ მოძრაობას“ საოფისე ფართი დაატოვებინეს.

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა.

აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

ტვ „ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, (ყოფილი EMC) „ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ ხულოში, ოზურგეთში, მარნეულში, მესტიასა და ქობულეთში ჩადენილი ძალადობრივ და შუღლის გაღვივებისკენ მიმართულ დანაშაულებზე რეაგირების საჭიროების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ აშკარაა დაუსჯელობისა და ხელისუფლების ლოიალობის ნიშნები ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის ლიდერების მიმართ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.