ტექნიკური და შინაარსობრივი შეცდომები, რომელიც ისტორიის გამოცდაში აბიტურიენტმა არ უნდა დაუშვას – მანანა ჯავახიშვილის რეკომენდაციები

ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხოური ენების საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელების წინასაგამოცდო რჩევების შემდეგ, დღეს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის აბიტურიენტებს საგამოცდო რეკომენდაციებს უზიარებს ისტორიის საგნის ჯგუბის ხელმძღვანელი, მანანა ჯავახიშვილი:

– რას ურჩევდით, როგორ მოემზადონ აბიტურიენტები ისტორიის გამოცდისათვის?

– მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ, ზოგადად, ერთიანი ეროვნული გამოცდები და, მათ შორის, ისტორიის გამოცდის ფორმატი არ გულისხმობს რაიმე სპეციფიკურ, განსხვავებულ მიდგომას, ტრადიციული მომზადებისაგან განსხვავებულს. აბიტურიენტებს ვურჩევ, სიღრმისეულად დაამუშავონ საგამოცდო პროგრამის საკითხები, რომელთა შინაარსი (იგულისხმება ფაქტოლოგიური მასალა) არ გასცდება გრიფირებულ სახელმძღვანელოებში ასახულ (XI-XII კლასების ისტორიის სახელმძღვანელოების) ინფორმაციას. შესაბამისად, სწორედ აღნიშნულ მასალაზე დაყრდნობით და ასევე ლოგიკური აზროვნებისა და სხვა კოგნიტური უნარების გამოყენებით უნდა შეეცადონ ტესტური დავალებების შესრულებას.

– რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება აბიტურიენტებმა ტესტზე მუშაობის დროს?

– ტესტზე მუშაობისას, პირველ რიგში, აბიტურიენტი უნდა შეეცადოს მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი ცოდნა და უნარები. ამისათვის მან სწორად უნდა გაანაწილოს საგამოცდო დრო, რათა საკუთარი პასუხები მშვიდად გადაიტანოს პასუხების ფურცელზე, წეროს გარკვევით ისე, რომ გამსწორებელმა შეძლოს ტექსტის ამოკითხვა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტი ყურადღებით გაეცნოს ტესტური დავალებების ინსტრუქციასა და პირობას, გაიაზროს ისინი და მხოლოდ შემდეგ გასცეს პასუხები დასმულ შეკითხვებს. ასევე საყურადღებოა, რომ აბიტურიენტმა მოკლედ და კონკრეტულად უპასუხოს კითხვებს და იმყოფინოს პასუხების ფურცელში ამა თუ იმ შეკითხვისათვის გამოყოფილი ადგილები.

– რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები ისტორიის გამოცდაზე?

– აბიტურიენტები ისტორიაში ტესტური დავალებების შესრულებისას, ძირითადად, ორი ხასიათის, ტექნიკურ და შინაარსობრივ შეცდომებს უშვებენ. ტექნიკური ხასიათის შეცდომაში იგულისხმება ძნელად გასარჩევი, ხარვეზებით შევსებული პასუხების ფურცელი, რომელშიც ნაწერის ამოკითხვა ხშირად პრობლემური, ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება. ამიტომ აბიტურიენტებს ვთხოვთ, გარკვევით შეავსონ პასუხების ფურცელი, რათა მათი ნაწერების შეფასება შესაძლებელი გახდეს. რაც შეეხება შინაარსობრივი ხასიათის შეცდომებს, სხვადასხვა ხასიათის პრობლემა გამოიკვეთა, კერძოდ: ტესტურ დავალებაში დასმულ შეკითხვაზე ზოგადი პასუხის გაცემა, რომელიც, ფაქტობრივად, სხვა ნებისმიერ კითხვასაც „მოერგება“; ასევე ერთი კონკრეტული პასუხის ნაცვლად, რამდენიმე პასუხის გაცემა (ზოგიერთ შემთხვევაში, პასუხები ურთიერთგამომრიცხავია). გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევებში თქვენი პასუხები გასწორებისას არ შეფასდება!

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.