„უკანასკნელი შანსი იყო ეს ჩვენთვის“ — რატომ აშენებენ უკანონოდ სახლებს აფრიკის დასახლებაში

თბილისში, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი 13 ივლისს, გამთენიისას, ნგრევის ხმამ გააღვიძა. ამ ხმის მათ ყველაზე მეტად ეშინოდათ, რადგან როგორც მერია ამბობს, სახლები, რომლებიც ადგილობრივებმა საკუთარი ხელით ააშენეს, უკანონოა და უნდა დაინგრეს — რადგან მათი მშენებლობა სახელმწიფო მიწაზე, ნებართვის გარეშე დაიწყო.

დილის 5 საათისთვის მუნიციპალურმა ინსპექციამ იქ სულ 5 სახლი დაანგრია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ შორის იყო როგორც დაუსრულებელი, ასევე უკვე გადახურული სახლებიც.

მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა აღნიშნული სახლების მშენებლები ორი დღის წინ გააფრთხილეს, რომ თუ თავად არ დაშლიდნენ სახლების უკვე აშენებულ ნაწილს, ამას მერია იზამდა. თუმცა, როგორც ეს ადამიანები ამბობენ, ისინი სახლებს უკვე რამდენიმე თვეა აშენებენ, ამაში ჩადებული აქვთ როგორც ფინანსური, ასევე ფიზიკური რესურსი, რის გამოც საკუთარი ხელით სახლების დანგრევის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ. ამასთან, იმედი ჰქონდათ, რომ სახლებს მშენებლობის თითქმის ბოლო ეტაპზე არ დაუნგრევდნენ.

მათი თქმით, მშენებლობის დაწყებისას გააზრებული ჰქონდათ რისკები, რაც უკანონოდ სახლის აშენებას უკავშირდება, თუმცა ამ გადაწყვეტილების გარდა, სხვა გამოსავალს ვერ ხედავდნენ.

“სახურავამდე რომ მივედი, მაშინ გამაფრთხილეს”

ედუარდ ოვსეპიანმა სახლის მშენებლობა 3 თვის წინ დაიწყო და როგორც ნეტგაზეთს უთხრა, მხოლოდ სახურავის და ფანჯრების დაყენება ჰქონდა დარჩენილი.

“ორი დღეც რომ მქონოდა, დღესვე გადავხურავდი, ფანჯრებიც მზად მქონდა და ვერ მოვუსწარი”, – ამბობს ედუარდი.

ის ამჟამად 3 შვილთან და მეუღლესთან ერთად ნათესავთან ცხოვრობს. გვიყვება, რომ დილის 5 საათისთვის მეზობელმა დაურეკა, ადგილზე მისულს კი თითქმის დასრულებული სახლის ნაცვლად ბეტონის ბლოკების გროვა დახვდა.

“აი აქვე მიდევს სახურავის მასალებიც”, – მიუთითებს ის ნანგრევების გვერდზე მწყობრად დალაგებულ თუნუქის ფურცლებზე.

ედუარდი უყურებს სახლის ნანგრევებს. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ედუარდს მომხდარზე საუბარი უჭირს, თუმცა მაინც ცდილობს აგვიხსნას, რატომ იყო მისთვის მნიშვნელოვანი ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე 70 კვადრატული მეტრის სახლის მშენებლობა, სადაც ოჯახთან ერთად უნდა ეცხოვრა:

“სამი შვილის მამა ვარ, სახლ-კარი არ მაქვს. მუდმივი სამუშაო არ მაქვს, მშენებლობაზე ვმუშაობ ხოლმე, თუ საქმე გამოჩნდება. ეს სახლი რომ ამეშენებინა, ვალები ავიღე. წლებია ხან ქირით ვცხოვრობ, ხან ნათესავებთან. სადმე ხომ უნდა მქონდეს საცხოვრებელი?! სამი ბავშვი, ქირა, გადასახადები და ვეღარ ვქაჩავ, რა. შემოსავალი იმდენი არ მაქვს, რამდენიც გასავალი.

აქ რომ მოვედი, ვნახე, ნელ-ნელა აშენებდა ხალხი და მეც დავიწყე. ვიცოდი სახელმწიფოს მიწა რომ იყო, მაგრამ ვფიქრობდი, ავაშენებ და სახელმწიფოსგან შევისყიდი-მეთქი.

წარმომედგინა, პატარა ოთახები მექნებოდა, შვილებისთვის ცალ-ცალკე ოთახები მინდოდა”, – გვიყვება ედუარდი.

მისი თქმით, სამთვიანი მშენებლობის განმავლობაში გაფრთხილება არ მიუღია.

“სახურავამდე რომ მივედი, მაშინ გამაფრთხილეს. ახლა იმაზე ვფიქრობ, ამდენი ვალი რომ მაქვს გადასახდელი…”, – ამბობს ის.

ედუარდის მსგავსად მუნიციპალურმა ინსპექციამ დღეს დაანგრია გარიკ აბგარიანის მშენებარე სახლიც.

ის იხსენებს, რომ ამ ტერიტორიაზე ადრე ნაგავსაყრელი იყო, რომელიც ახლანდელმა სამეზობლომ საკუთარი რესურსით გაასუფთავა და შემდეგ სახლების მშენებლობა დაიწყო.

გარიკის თქმით, სახლის ასაშენებლად ბანკიდან 9 ათასი ლარი ვალი აიღო და მშენებლობა თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის ნელ-ნელა აშენებდა კედლებს, რადგან საკმარისი ფული არ ჰქონდა. შენობის გადახურვა კი ვერ მოასწრო.

გარიკ აბგარიანი სახლის ნანგრევებთან. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

გამთენიისას ისიც მეზობლის ზარმა გააღვიძა, რომელმაც უთხრა, რომ მუნიციპალური ინსპექცია მის სახლსაც ანგრევდა.

გარიკის თქმით, ის და მისი მრავალსულიანი ოჯახი ავლაბარში, ოროთახიან სახლში ქირით ცხოვრობს, სხვა ქონება კი არ გააჩნია.

“ვიფიქრე, ქირა რომ არ მექნება გადასახდელი, იმ ფულს ბანკში გადავიხდი-მეთქი. ახლა რას გადავიხდი, არაფერი აღარ მაქვს.

პირველად რომ იყვნენ, რვა თვის უკან, გვითხრეს, ბინის ქირას მოგცემთ და გადადითო. აბა მოგვცეს?! არაფერი მოუციათ. ბინა რომ მოეცათ, თუნდაც ქოხი, იქ გადავიდოდი და დაენგრიათ მერე.

ეს მიწა რომ მოგვყიდონ, ვიყიდით. წავალ მერე კანონიერად ბანკში, ამ მიწას ჩავდებ და იმდენს გამოვართმევ, რომ მერე გადავიხადო”, – ამბობს გარიკი.

“ვიცოდი, რომ ასე სტრესში მომიწევდა ყოფნა, მაგრამ უფრო სტრესში ხარ, როცა ქუჩაში რჩები”

მშენებარე სახლების გარდა აფრიკის ამ დასახლებაში დასრულებული საცხოვრებლებიც დგას. ერთ-ერთი ასეთი სახლის მცხოვრები, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ნეტგაზეთს უყვება იმ მიზეზებზე, რის გამოც რისკების მიუხედავად, ძმასთან ერთად სახლის მშენებლობა გადაწყვიტა.

31 წლის ქალი ორი შვილის დედაა. უფროსი 12 წლისაა, უმცროსი კი 5 თვის.

ჩვენთან საუბრისას იხსენებს, რომ ოჯახური კონფლიქტის გამო მან და მისმა ძმამ სახლი 14 წლის წინ დაკარგეს, მას შემდეგ კი ქირით ცხოვრობდნენ.

“ძალიან რთულია სხვის სახლში ცხოვრება. ძალიან ბევრი დამცირება მომითმენია მეც და ბავშვსაც, მაგრამ სანამ საშუალება გვქონდა, ქირით ვიყავით მაინც.

ვმუშაობდი, სამ სამსახურშიც მიმუშავია, ქირას ვიხდიდი. [ბავშვობის] სახლის ნერვიულობას ბებო გადაჰყვა, მერე დედა დაგვეღუპა და მე და ჩემი ძმა დავრჩით.

500 ლარი მაქვს ხელფასი, სხვა გზა რომ აღარ მქონდა, რომ ვნახე ხელფასი მელეოდა ბოლო დანაზოგით დედას საფლავი გავაკეთეთ და ეს სახლი ავაშენეთ ჩვენი ხელით. მუშებიც კი არ გვყოლია.

ვიცოდი, რომ სარისკო იყო. კი, ვიცოდით, რომ უკანონო იყო, მაგრამ ადამიანს თვითგადარჩენის საკითხი რომ გიდგას, უკვე ყველაფერზე ხარ წამსვლელი. შორიდან მარტივი სათქმელია, რა კარგია სხვის მიწაზე სახლის აშენებაო, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, აქამდე მოვედით.

უკანასკნელი შანსი იყო ეს ჩვენთვის. არ გვაქვს არც წასასვლელი, არც ქირის ფული… და მეგობრებთან რამდენ ხანს იცხოვრებ?” – ამბობს ის.

უყურებს სახლის ნანგრევებს. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

სახლების ნგრევა რომ დაიწყო, ის შვილებთან ერთად აფრიკაში არ იმყოფებოდა. გვიყვება, რომ ადგილზე მოსულს ეგონა, მისი სახლიც დანგრეული დახვდებოდა.

“მოვდიოდი და სახლს ვერ ვხედავდი”, – ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურ ინსპექციას დღეს მისი სახლი არ დაუნგრევია, სხვა მაცხოვრებლების მსგავსად მუდმივ სტრესშია, რადგან სახელმწიფოსგან არ აქვს ზუსტი პასუხი, დაანგრევენ თუ არა მის და სხვების დასრულებულ მშენებლობებსაც.

“ახლა გაგვაჩერეს ბავშვით, მაგრამ როდემდე? ვკითხულობთ, პასუხს არ გვცემენ. რაღაც გამოსავალი, რეალური ალტერნატივა რომ გვითხრან.

ვიცოდი, ამ სტრესში რომ მომიწევდა ყოფნა, მაგრამ უფრო სტრესში ხარ, როცა ქუჩაში რჩები. აფექტის მდგომარეობაში რაზეცაა ადამიანი წამსვლელი, იგივე მდგომარეობაში მოვედით აქ და დავიწყეთ მშენებლობა”, – ამბობს 31 წლის ქალი.

 ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

მისი თქმით, იმის განცდა, რომ სახლი აქვს, ქირით არ იცხოვრებს და შვილები ქუჩაში არ დარჩებიან, სიმშვიდეს ჰგვრის.

“როგორი განცდაა იცით, შენი რომაა, შვილივით უფრთხილდები. მართლა არ გვინდა სხვა არაფერი.

ჩვენ იმედით დავიწყეთ მშენებლობა, რომ რაღაც ჩვენი გვექნებოდა. სახურავიც რომ გავაკეთეთ, ღუმელიც დავანთეთ, ოჯახის შეგრძნება რომ გაგვიჩნდა, მერე დაიწყო ეს კოშმარი [დემონტაჟის შიში].

სახლი რომ დავკარგეთ, ბავშვები ვიყავით. არც მახსოვს როგორი განცდაა საკუთარი სახლი რომ გაქვს და როგორი იმედია. აქ ვიგრძენი ეს ყველაფერი, როცა აშენდა და ჭერი გადაიხურა”, – ამბობს ის.

ქეთევან ბოჭორიშვილის სახლი. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობდა აფრიკის დასახლებაში ახლად დამკვიდრებული 36 წლის ქეთევან ბოჭორიშვილიც. სამი მცირეწლოვანი შვილის დედამ სახლის ასაშენებლად 15 ათასი ლარი სესხი გამოიტანა.

ქეთევანი ამბობს, რომ სახლის უკანონოდ აშენება მისთვის უკანასკნელი არჩევანი იყო, რადგან ბანკიდან უფრო დიდი თანხის გამოტანა ვერ შეძლო. სტაბილური სამსახური არ აქვს და პერიოდულად ალაგებს სახლებს, ასევე აკეთებს მანიკიურს და პედიკიურს. თუმცა შემოსავალი ქირასა და ყოველდღიურ საჭიროებებზე არ ჰყოფნის.

“15 წლის თავზე პირველად მომეცა შესაძლებლობა, საკუთარი ჭერი მქონოდა. ძალიან დიდი ემოციებით ველოდით, რომ ავაშენებდით ამ სახლს ჩვენი ხელით და არავის არაფერს ვთხოვდით.

კითხვა რომ დაისვა დანგრევაზე, პატარამ მკითხა, უნდა დაგვინგრიონო? ვუთხარი, ყველაფერს ვიზამ, რომ არ დაანგრიონ-მეთქი და მინდა პირობა შევასრულო”, – ამბობს ქეთევანი.

მისი სახლი ამ ეტაპზე თითქმის დასრულებულია. რამდენიმე დღის წინ გადახურვაც მოასწრო, თუმცა შენობის შიდა სივრცის მოწესრიგება დასრულებული არაა.

ქეთევან ბოჭორიშვილის სახლის მისაღები ოთახი. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ქეთევანი გვიყვება, რომ მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები დილას მისი სახლის დემონტაჟისთვისაც მივიდნენ, თუმცა შემდეგ სიტყვიერად შესთავაზეს, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსს მიანიჭებდნენ და ქირით გაიყვანდნენ. ხოლო მოგვიანებით უსახლკაროთა პროგრამაში ჩასვამდნენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ თავშესაფარს მისცემდნენ. ამის სანაცვლოდ კი სახლი თავად უნდა დაანგრიოს.

ქეთევანი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ქირით გადასვლაზე თანახმა არ არის, რადგან არ აქვს იმედი, რომ სახელმწიფო საჭირო თანხას მუდმივად გადაიხდის:

“არ ვიცი რა იქნება, პირობა მომცენ, რომ ერთი თვე ქირას გადამიხდიან და მერე ისევ ქუჩაში დავრჩე, ეს არ მინდა“, — ამბობს ის.

იმ შემთხვევაში, თუ მის სახლსაც დაანგრევენ, ქეთევანი ერთადერთ გამოსავალს ემიგრაციაში ხედავს.

“სხვანაირად არ გამოდის. უნდა დატოვო მცირეწლოვანი შვილები და წახვიდე, იმუშაო და შვილები ისე გაიზრდებიან, დედა საერთოდ არ ეყოლებათ გვერდზე. არ მინდა, რომ წავიდე და ჩემი შვილები ისე გაიზარდონ. ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და მინდა აქ ვიცხოვრო”, – გვეუბნება ქეთევანი.

ბავშვების საძინებელი ქეთევანის სახლში. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

აქ ქეთევანი მომავალში სამზარეულოსა და მისაღები ოთახის მოწყობას გეგმავს. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

თბილისის მერიამ სახლების დანგრევის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ „ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის ეტაპზე, ორი ხის კონსტრუქცია და ერთი საძირკველი“.

მერიის ცნობით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქალაქეები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რათა უკანონო მშენებლობა შეეჩერებინათ და დემონტაჟი დაეწყოთ, თუმცა, მათ სამშენებლო პროცესი არ შეუწყვეტიათ. მერიამ სახლების დემონტაჟის გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღო.

მეზობლების თქმით, ამ სახლში უკვე შესახლებული იყო ერთი ადამიანი, რომელიც ნგრევისას ახალი წასული იყო სამსახურში. ფოტო: სოფო აფრიამაშვილი/ნეტგაზეთი

ზემოხსენებულის ახლის გვერდზე დივანი, საათი და მაგიდაც იდგა

სახლის ფანჯარა, სადაც მეზობლების თქმით უკვე შესახლებული იყო ერთი ადამიანი

სახელმწიფო პოლიტიკის პრობლემა

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენლის, მარიამ ჯანიაშვილის შეფასებით, საქართველოში დემონტაჟის მარეგულირებელი კანონმდებლობა პრობლემურია, რაც გამოიხატება როგორც დღევანდელ ნგრევაში, ასევე ზოგად პოლიტიკაშიც.

მისი თქმით, კანონმდებლობა განსაკუთრებით პრობლემურია იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომელთაც საცხოვრისის პრობლემა აქვთ და თვითდახმარების მიზნით იძულებულები ხდებიან “ფორმალურად დადგენილი კანონი დაარღვიონ” და სახელმწიფოს ან კერძო საკუთრებაში მყოფ მიწაზე სახლები ააშენონ:

“სამწუხაროდ, დღევანდელი კანონმდებლობა და პოლიტიკა ამ ადამიანების საჭიროებებს არ ცნობს. ამ შემთხვევაში დემონტაჟი და უნებართვოდ საცხოვრისების აშენება წმინდა სამშენებლო სამართალდარღვევაა და იმის იქით სახელმწიფო უწყებები ამ ადამიანების მოწყვლადობას და საჭიროებებს არ უყურებენ”, – აცხადებს ჯანიაშვილი.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებლების დანგრევამდე ეს ადამიანები შესაბამის სტრუქტურებში გადაამისამართონ, რომლებიც მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე იზრუნებენ, როგორიცაა ბინის ქირით ან თავშესაფრით უზრუნველყოფა.

თუმცა, მეორეს მხრივ, მისი განცხადებით, ხშირ შემთხვევაში აღნიშნული სერვისებიც არ არის გამართული და უსახლკარო ადამიანების საჭიროებებზე მორგებული. კერძოდ, მისი თქმით, ბინის ქირის შემთხვევაში, სახელმწიფო ქირის თანხას რამდენიმე თვის განმავლობაში იხდის, შემდგომ კი შეიძლება შეწყდეს, რადგან ეს სერვისი კონკრეტული წლის ბიუჯეტზეა მიბმული.

ერთ-ერთი შენობის ნანგრვებში მოყოლილი საწოლი

რაც შეეხება თავშესაფრებს, ჯანიაშვილის განმარტებით, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” 2022 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თავშესაფრები ადამიანების საჭიროებებთან კრიტიკულად შეუსაბამოა. გარდა ამისა, აღნიშნულ თავშესაფრებში მოხვედრაც რთულია, რადგან სახელმწიფოს არ აქვს პოლიტიკა, თუ როგორ უნდა დაეხმაროს უსახლკარო ადამიანს პრობლემის ძირეულ მოგვარებაში, რის გამოც თავშესაფრებში ადგილები იშვიათად თავისუფლდება.

“აქედან გამომდინარე, პირველ რიგში დემონტაჟის კანონმდებლობა და პოლიტიკა აბსოლუტურად შესაცვლელია. ასევე მნიშვნელოვანია, მოხდეს ამ ადამიანების საჭიროების შესწავლა და მათთან დიალოგი ისე, რომ ყველაზე ნაკლებ უმტკივნეულოდ გადაწყდეს მათი საცხოვრისის საჭიროების გადაწყვეტა, რათა ამ ადამიანებს არ ეშინოდეთ ქუჩაში დარჩენის”, – განმარტავს ის.

ამასთან, ჯანიაშვილი პრობლემურად მიიჩნევს დემონტაჟისთვის შერჩეულ დროსაც. მისი შეფასებით, ხშირ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი არჩევს დღე-ღამის ისეთ მონაკვეთს, როდესაც ადგილობრივების მობილიზების და დემონტაჟისთვის ხელშეშლის ნაკლები რისკი არსებობს.

რაც შეეხება დამთავრებული მშენებლობებიდან ადამიანების გამოსახლების და მათი საცხოვრებლების დემონტაჟის საკითხს, ჯანიაშვილის თქმით, მიუხედავად მუნიციპალური სამსახურების სიტყვიერი დაპირებებისა, კანონმდებლობა უსახლკარო ადამიანებისთვის, “რომლებიც თვითდახმარების მიზნით იმყოფებიან სახელმწიფო მიწაზე, არ ითვალისწინებს რაიმე ტიპის მხარდამჭერ და დამცავ მექანიზმებს, რომ მათი საცხოვრისის დემონტაჟი არ მოხდეს”.

ფოტო: სოფო აფრიამაშვილი

ფოტო: სოფო აფრიამაშვილი

აფრიკის დასახლებასა და სახელმწიფოს საცხოვრისის პოლიტიკაზე ნახეთ ვრცლად:

აფრიკა: რატომ ჩნდება ასეთი დასახლებები და როგორია სახელმწიფოს საცხოვრისის პოლიტიკა

ასევე, აფრიკის დასახლებაზე ნეტგაზეთის არქივიდან:

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.