ახალი ამბები

რატომ უნდა იფრთხილოთ პროფესიის არჩევისას? – აბიტურიენტებისთვის სტუდენტები, პედაგოგები და მშობლები საუბრობენ

რატომ უნდა იფრთხილოთ პროფესიის არჩევისას? – აბიტურიენტებისთვის სტუდენტები, პედაგოგები და მშობლები საუბრობენ

2022 წლის აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. ახლა ისინი შედეგების მოლოდინში არიან და კიდევ აქვთ დრო, რომ თავიანთი პირველადი არჩევანი პროფესიასთან დაკავშირებით შეცვალონ. აბიტურიენტებს სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. იმ პროფესიის არჩევა კი, რომელშიც საკუთარ თავს ვიპოვით, ძალიან საფრთხილო საქმეა.

თუკი გადავხედავთ გასული წლების სტატისტიკას, თუ რა პროფესიებს ირჩევენ აბიტურიენტები, რთულია, თვალში არ მოგხვდეს ისეთი პროფესიების სიმრავლე, როგორიც არის სამართალი, ტურიზმი, ბიზნეს ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, სამედიცინო და ჟურნალისტიკა. ამ სტატისტიკის მიხედვით, ცოტაა ისეთი, ვინც ირჩევს მათემატიკას და კომპიუტერულ მეცნიერებას მაშინ, როდესაც დღევანდელი ეპოქა და მომავალი სწორედ კომპიუტერულ ტექნოლოგიებზეა აგებული.

გასული სამი წლის სტატისტიკით პროფესიების არჩევის შესახებ, რომელიც EDU.ARIS.GE-მ გამოცდების ცენტრისგან ივლისის თვეში მიიღო, გამოიკვეთა, რომ ყოველწლიურად აბიტურიენტების დიდი პროცენტული მაჩვენებელი, სწორედ ზემოხსენებულ პროფესიებს ირჩევს. დომინირებს სამართლის, ტურიზმის და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტები.
გამოდის, რომ დღეს უკვე ძალიან ბევრი იურისტი, ექიმი, დიპლომატი, ფსიქოლოგი და ჟურნალისტი გვყავს. აბიტურიენტების მიერ არჩეულ პროფესიებში მცირედით გამოერევა ქართული ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, – ესეც ალბათ იმიტომ, რომ უკვე მერვე წელია ეს ფაკულტეტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლება. ასევე, ძალიან ცოტა ირჩევს ბიოლოგიას, ფიზიკას და ქიმიას.

თუ რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე და საერთოდაც, რამდენად სწორად ირჩევენ პროფესიებს აბიტურიენტები, რა შეიძლება ინანონ და რატომ უნდა იფრთხილონ, ამის შესახებ EDU.ARIS.GE აბიტურიენტებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს და მშობლებს გაესაუბრა.

გამოიკვეთა, რომ დღეს აბიტურიენტთა უმრავლესობამ რეალურად არ იცის, რა სურს, სად ხედავს თავის თავს და რომელ პროფესიას უნდა რომ დაეუფლოს. ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა მშობლის რჩევითა და თუ ვინმეს ზეგავლენის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება, შემდეგ კი ინანოს, რომ ამ მიმართულებით წავიდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ კონკურენტულ ბაზარზე, სამსახურის პოვნა რთულია მაშინ, როდესაც ქვეყანაში დღეს უკვე ბევრი იურისტი, ექიმი თუ დიპლომატი გვყავს. საბოლოოდ, როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, ვიღებთ შედეგს, რომ ბევრი კურსდამთავრებულის დიპლომი დღეს თაროზეა შემოდებული.

გამოცდილი სტუდენტების რჩევა აბიტურიენტებისთვის ის არის, რომ პროფესიის არჩევისას მეტი დაფიქრება მართებთ, რადგან ამით ისინი თავიანთ მომავალს ირჩევენ. სტუდენტების ნაწილი აბიტურიენტებს ურჩევს, რომ თუ საჭიროა დაიცადონ, ვიდრე გაერკვევიან, რომელი პროფესიით სურთ წასვლა და შემდეგ ჩააბარონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომ შემდეგ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სანანებელი არ გაუხდეთ.

სტუდენტი აჩი ზურაბიშვილი ერთ-ერთია, ვინც აბიტურიენტებს პროფესიის არჩევისას, მეტ დაფიქრებას ურჩევს. აჩის თქმით, დღეს კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე ჩაბარება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან, მისი შეფასებით, ეს მომავლის პროფესიაა.

„დღეს პროფესიას პოპულარობის მიხედვით ირჩევენ. ბევრი იურიდიულზე და ბიზნესზე სწავლობს, შემდგომში ამთავრებენ და თავისი პროფესიით არ მუშაობენ, რადგან თავიანთ თავს ვეღარ ხედავენ სფეროში, რაზეც არჩევანი გააკეთეს. რჩევა იქნებოდა, რომ იურიდიულს შეეშვან, რადგან ყველა კუთხეში სანოტარო ბიუროა გახსნილი და არჩევანი გააკეთონ ტექნოლოგიებზე, დეველოპერობაზე, დიზაინზე და „აიტი“ უსაფრთხოებაზე, რაც მომავლის პროფესიები მგონია და არც უნივერსიტეტში 4+2 წლიან სწავლას არ საჭიროებს, ან დაიცადონ, ვიდრე გაერკვევიან თავიანთ სურვილებში, შემდეგ კი აირჩიონ სასურველი ფაკულტეტი“, – ამბობს აჩი ზურაბიშვილი.

პირად გამოცდილებას გვიზიარებს სტუდენტი, სოფიკო არღვლიანიც. მისი თქმით, აბიტურიენტებმა პროფესიის არჩევისას უნდა გაითვალისწინონ, დასაქმების კუთხით, რამდენად პერსპექტიულია ესა თუ ის პროფესია.

„პირადი გამოცდილებით გეტყვით, საკუთარი ინტერესების, შესაძლებლობებისა და მოთხოვნის მიხედვით ავირჩიე პროფესია. რამდენად სწორად ავირჩიე, დრო მიჩვენებს, ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში ვარ. ვფიქრობ, აბიტურიენტმა პროფესიის შერჩევისას უნდა იხელმძღვანელოს მათი სურვილების, ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით. დამატებით ისიც უნდა გაითვალისწინონ, დასაქმების მხრივ, რამდენად პერსპექტიული იქნება შესაბამისი პროფესია“, – გვითხრა სოფიკო არღვლიანმა, რომელიც თავად სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია.

სოფიკოს და, თამარ არღვლიანი, რომელიც ასევე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია, პროფესიისადმი სიყვარულის შესახებ საუბრობს, რაც, მისი თქმით, პროფესიის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანია.

„აბიტურიენტები პროფესიას ირჩევენ შესაძლებლობის, შემოსავლიანობის მიხედვით. ერთი მხრივ სწორია, რადგან განათლების მიღება, როგორც წესი, მაღალანაზღაურებადი სამსახურის მოძიების მიზანს ემსახურება, მაგრამ თუ საქმისადმი ინტერესი და სიყვარული არ ახლავს ამ ძიებას, პროდუქტიულობის ხარისხი არც თუ ისეთი მაღალი იქნება. მათ ვურჩევდი მეტ გამბედაობას, რისკზე წასვლას საყვარელი საქმის კეთების გზაზე და მხოლოდ შემოსავლიანობის, საქმიანობის პოპულარობის კრიტერიუმების ჯაჭვებისგან თავის დახსნას. ასევე, შრომას, დიდ ძალისხმევას, მიზანდასახულობას, სირთულეების გამკლავების უნარს, ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს, იმ ფიქრებისგან დაცლას, თითქოს აბიტურიენტობისას შერჩეული პროფესია მთელი ცხოვრების განმსაზღვრელია. ვურჩევდი პროფესიის დაკარგვის რეალური მოლოდინის ქონას და მსგავსი მომენტებისთვის მზადყოფნას, ნაკლებ შიშს და მეტ შემართებას“, – ამბობს თამარ არღვლიანი.

მათ შორის, ვისაც EDU.ARIS.GE ესაუბა, იყო სტუდენტი, რომელიც ნანობს, რომ სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა. იგი მომავალ სტუდენტებს ურჩევს, ესა თუ ის პროფესია არ აირჩიონ მხოლოდ იმის გამო, რომ „მოდაშია.“

„როდესაც პროფესიას ვირჩევდი, რეალურად არ ვიყავი ჩამოყალიბებული თუ რა მინდოდა. ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა თუ სხვა მიმართულებით წავიდოდი. იმედია, დღეს აბიტურიენტები ირჩევენ იმ სფეროს, რაც მათ აინტერესებთ და ასევე პერსპექტიულია. ვურჩევდი, რომ მეტად დაფიქრდნენ პროფესიის არჩევისას და მხოლოდ იმიტომ, რომ ესა თუ ის პროფესია „მოდაშია“, არ აირჩიონ ის“, – გვითხრა სამართლის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტმა.

სწორედ ოჯახის შესაძლო ზეგავლენის შესახებ საუბრობს ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი, მერი ლორთქიფანიძე. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ სკოლაც შეიტანს თავის წვლილს და აბიტურიენტებს პროფესიის არჩევისას კონსულტაციას გაუწევს.

„აბიტურიენტები პროფესიას ირჩევენ, პირველ რიგში, იმის მიხედვით, თუ რამდენად პერსპექტიულია და რამდენად არსებობს დასაქმების შესაძლებლობა. გარდა ამისა, პროფესიის არჩევისას, ხშირად ოჯახს დიდი გავლენა აქვს. კიდევ ერთი კრიტერიუმი, შესაძლოა იყოს ის, რომ გარკვეული პროფესიები უფასოდ ისწავლება. ჩემი აზრით, აბიტურიენტთა უმრავლესობა გადაწყვეტილების მიღებისას ცდება, რადგან ბევრი ახალგაზრდა 18 წლის ასაკში არ არის ჩამოყალიბებული საკუთარ პოზიციაში და გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად იღებს გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრს სულ სხვა მოლოდინი აქვს და შემდეგ აღმოაჩენს, რომ იმ პროფესიას არ ეუფლება, რაც რეალურად უნდა. პროფესიის არჩევისას კარგად უნდა დაფიქრდნენ, ნაჩქარევი და გაუაზრებელი ნაბიჯი არ გადადგან. კარგი იქნება თუ სკოლაც შეიტანს წვლილს ამ ყველაფერში და აბიტურიენტებს კონსულტაციას გაუწევს, გააცნობს ინფორმაციას ამა თუ იმ პროფესიის შესახებ“, – გვითხრა მერი ლორთქიფანიძემ.

აბიტურიენტმა, რომელმაც წელს ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, EDU.ARIS.GE-სთან საუბარში თქვა, რომ ამა თუ იმ პროფესიის მასობრივად არჩევის შედეგად, დღეს კვალიფიციური კადრების დეფიციტს განვიცდით.

„ტენდენციაა, რომ აუცილებლად ექიმი უნდა გამოხვიდე, ან მოსამართლე. ძალიან ბევრი კარგი პროფესიაა, რომლითაც შეგიძლია წინ წახვიდე ცხოვრებაში. მეტწილად მაინც, ძველი თაობიდან გადმოსულია ეს ყველაფერი. ადრე იყო, რომ შვილებს ვიღაცის დასანახად აბარებინებდნენ სამედიცინოზე და იურიდიულზე. ბოლოს კი, იმ შედეგს ვიღებთ, რომ კარგი მოსამართლეც ცოტაა ამ ქვეყანაში, კარგი ადვოკატიც და კარგი ნოტარიუსიც. შესაბამისად, ჯობს, რაც მართლა გიზიდავს და გიყვარს, იმ განხრით ჩააბარო“, – გვითხრა ილია ვეკუამ.

რაც შეეხება პედაგოგების შეფასებას, მათი ნაწილი ფიქრობს, რომ 18 წლის ასაკში აბიტურიენტთა უმეტესობა თავის პოზიციაში ჩამოყალიბებული არ არის, შესაბამისად, მათ მეტი დაფიქრება და სიფრთხილე მართებთ.

ინგლისური ენის პედაგოგი მარიკა ხიდაშელი, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ აბიტურიენტთა ნაწილისთვის სულ ერთი სად ჩააბარებს, ოღონდ სადმე, რომელიმე ფაკულტეტზე მოხვდეს, თუმცა, არის ნაწილი, ვისაც ნამდვილად აქვს მიზანი.

„ზოგისთვის უმაღლეს დაწესებულებაში ჩაბარება არაფერს ნიშნავს, სულ ერთია, ოღონდ სადმე მოხვდეს, ზოგს კი მიზანი აქვს. ბევრი აბარებს ტურიზმზე, სამართალზე და ძალიან ცოტა მათემატიკაზე. ზოგს ბავშვობიდან აქვს ჩადებული, რომ მაგალითად, სამართალზე ჩააბაროს, ზოგს კი, ოჯახურ ტრადიციასავით მოჰყვება. მიხარია, რომ წამოვიდნენ ისეთი ბავშვები, ვისთვისაც ექიმობა არა მარტო პროფესია, არამედ მოთხოვნილებაც არის. ადრე არ იყო ასეთი სიტუაცია, აბარებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი წყვეტდა. როდესაც არ აბარებ სამედიცინოზე იმ მიზნით, რომ ეს შენს მშობლებს უნდათ, არამედ ეს ყველაფერი შინაგან გაქვს, ბევრს ნიშნავს. არის პროფესიები, რომლებიც ცოტა მივიწყებულია, მაგალითად სამშენებლო ფაკულტეტები, საბუნებისმეტყველო საგნები. პროფესია უნდა აირჩიონ შინაგანი მე-ს ძახილით, ის, რაც მათ სურთ“, – გვითხრა მარიკა ხიდაშელმა.

კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი ჯუნა ბუჩუკური აბიტურიენტებს ურჩევს, პროფესია იმის მიხედვით აირჩიონ, რაც გულით სურთ და არა ვინმეს რჩევის გათვალისწინებით: „ზოგმა აბიტურიენტმა თვითონაც არ იცის რა უნდა. უფრო მშობლების და პედაგოგების რჩევის გათვალისწინებით ირჩევენ პროფესიას. პედაგოგიური არ იყო ასეთი პოპულარული, ახლა გახდა. კონკრეტული პროფესიები გასაგებია, რომ პოპულარულია, მაგრამ სხვა პროფესიები, მაგალითად პედაგოგიური მეორეხარისხოვანი არ უნდა იყოს. მათემატიკას ცოტა ირჩევს. მე პირადად ძალიან გამიხარდა, არჩევნით საგნებში ფიზიკა რომ დაემატა. აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ პროფესია აირჩიონ იმის მიხედვით, რაც გულით უნდათ, რომლისკენაც მიისწრაფვიან და არა ისე, რჩევების გათვალისწინებით რომ აბარებენ და ირჩევენ პროფესიას. საბოლოოდ ვხედავთ, რომ ბევრის დიპლომი თაროზეა შემოდებული და არანაირი დატვირთვა არ აქვს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა.

უცხო ენის პედაგოგი, ხათუნა გოგიშვილი კი თვლის, რომ დღევანდელი თაობა პროფესიის არჩევისას უფრო თავისუფალია და ნაკლებად განიცდიან ვინმეს ზეგავლენას, რაც ადრე უფრო მეტად იყო.

„დღეს ბავშვები იმდენად დამოუკიდებლები, რომ არ მგონია, მაინცდამაინც მშობლის მითითებით ირჩევდნენ პროფესიას, მათ თავიანთი აზრი აქვთ. ადრე იყო, რომ მშობლის რჩევით ეუფლებოდნენ ამა თუ იმ პროფესიას. ჩემი აზრით, დღეს უფრო მეტად წინ უნდა წამოიწიოს პედაგოგიკამ, ეს გამოცდებიც ამისთვის არის საჭირო, მასწავლებლების გადამზადება ხდება. ჯობს, რომ ბავშვებმა თავიდანვე ისწავლონ ხოლმე და მხოლოდ ბოლო ერთი წელი არ დაუთმონ იმ საგნებს, რასაც შემდეგ თავს აკლავენ, რომ უმაღლესში ჩააბარონ. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდები, რა პროფესიასაც უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, იმის მიხედვით უნდა ჩააბარონ. ადამიანს რომ არ შეუძლია სისხლის დანახვა და სამედიცინოზე აბარებს, არასწორია“, – გვითხრა უცხო ენის პედაგოგმა.

მშობელი და ამავე დროს ისტორიის მასწავლებელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ დღეს აბიტურიენტები პროფესიის არჩევისას არასწორ კრიტერიუმებს იყენებენ.

„მე, როგორც მშობელს, პროფესიის არჩევაში, შვილს მინდა, სწორი მითითებები მივცე, თუმცა, არა ძალდატანებითი, რა თქმა უნდა. დღევანდელი თაობა პროფესიის არჩევაში არასწორ კრიტერიუმებს იყენებს. ყველას უნდა ჩააბაროს ტურიზმის თუ სამართლის განხრით, რადგან ამაში რატომღაც, მეტ შემოსავალს ხედავენ. დღეს, როდესაც ახალგაზრდები კონკრეტულ პროფესიას ირჩევენ, ხშირ შემთხვევაში, მათი უმრავლესობა, შესაძლოა, არც იყო მოწოდებული ამ სპეციალობისთვის. მნიშვნელოვანია პროფესიის სწორად არჩევა. მათ უნდა იცოდნენ, რომ პროფესიას თქვენ კი არ უნდა ალამაზებდეთ, არამედ არჩეული პროფესია უნდა ალამაზებდეს თქვენს მსოფლმხედველობას და სასიკეთო ძვრებს ახდენდეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენს ქვეყანას კი, ყველაზე მეტად სჭირდება მეცნიერული ტექნოლოგიების კუთხით წინსვლა“, – განგვიცხადა მშობელმა და ისტორიის საგნის სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:

„სკოლაში ქართული ენის სწავლება პრაქტიკულად ნულზეა დასული – სამინისტრომ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე უნდა იზრუნოს“

მოამზადა თამარ შუკვანმა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.