გაფრინდაშვილისა და ნეტფლიქსის დავა შეთანხმებით დასრულდა – მედია
სასამართლო დავა ნეტფლიქსსა და ქართველ ვეტერან მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს შორის შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ ცნობებეს სხვადასხვა ამერიკული მედიასაშუალება ავრცელებს.
“მხარეები მოხარულები არიან, რომ საკითხი გადაიჭირა” – განაცხადა ავოკატმა ალექსანდერ რუფუს-ისაქსმა, ის დავაში ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს წარმოადგენდა.
იგივე განცხადება გააკეთაა ნეტფლიქსის წარმომადგენელმაც.
შეთანხმების დეტალების შესახებ ცნობილი არ არის. გაფრინდაშვილი დავის ფარგლებში ნეტფლიქსისგან 5 მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა.
რისთვის უჩიოდა მოჭადრაკე „ნეტფლიქსს“?
საქმე ეხება „ნეტფლიქსის“ პოპულარულ სერიალს „ლაზიერის გამბიტს“ (The Queen’s Gambit), რომლის სცენარიც 1983 წლის რომანს ეფუძნება.
სიუჟეტი ტრიალებს გამოგონილი პერსონაჟის, მოჭადრაკე ბეტ ჰარმონის გარშემო. ის ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს საუკეთესო კაც მოთამაშეებს გასული საუკუნის 60-იან წლებში, ცივი ომის ფონზე.
უშუალოდ ნონა გაფრინდაშვილის სახელს სერიალის დასკვნით ეპიზოდში ახსენებენ და პრობლემაც აქ იწყება. ბეტ ჰარმონზე საუბრისას ჭადრაკის კომენტატორი დასძენს:
„ერთადერთი უჩვეულო რამ[ბეტ ჰარმონის] შემთხვევაში მისი სქესია, თუმცა ის ერთადერთი არ არის რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია კაც მოთამაშეებს“.
კალიფორნიის შტატის სასამართლოში გაფრინდაშვილის საჩივრის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ეს უკანასკნელი რეპლიკაა.
სარჩელის თანახმად, აღნიშნული მტკიცება არის „აშკარა სიცრუე, უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი“, ვინაიდან 1968 წელს, როცა ზემოხსენებული ეპიზოდი თამაშდება, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული ათეულობით კაცთან, მათ შორის, დიდოსტატებთან.
საჩივრის კიდევ ერთი საფუძველია ნონა გაფრინდაშვილის რუსად მოხსენიება, „მიუხედავად იმის ცოდნისა, რომ ის ქართველია და ქართველები განიცდიდნენ რუსეთის ბატონობას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, შემდგომ იყვნენ დაჩაგრულნი და დაპყრობილნი რუსეთის მიერ“.
„ნეტფლიქსმა“ განაცხადა, რომ უაღრესად სცემს პატივს ნონა გაფრინდაშვილსა და მის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა სჯერა, რომ ზემოხსენებულ მტკიცებას საფუძველი არ გააჩნია.
გაფრინდაშვილის დავა და დე ჰავილანდის პრეცედენტი – რამდენად პერსპექტიულია სარჩელი