სპორტის უნივერსიტეტის შენობა დაინგრევა და მის ადგილას ახალი აშენდება
თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის დღევანდელი შენობის ადგილას ინვესტორის მიერ ახალი შენობა აშენდება – ამის შესახებ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა, 22 სექტემბერს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას განაცხადა.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ სპორტის უნივერსიტეტი იმავე ადგილას დარჩება, სადაც აქამდე იყო და იმედი აქვს, რომ ინიციატივას, რომელიც კულტურის და ეკონომიკის სამინისტროებს ეკუთვნით, ორ-სამ კვირაში საქართველოს მთავრობა მოიწონებს და დაამტკიცებს.
„ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ სპორტის უნივერსიტეტი კი არ გადასახლდეს სადმე სხვაგან, არამედ დარჩეს იქ სადაც არის. ეს არის სიმბოლო, ის ადგილი, სადაც დიდი სპორტსმენები სწავლობდნენ და ყალიბდებოდნენ ჩვენი ქვეყნის სიამაყეებად… ეს არის დიდი მიღწევა, იმიტომ რომ გარკვეული წლების წინ, წინა ხელისუფლების დროს, დაგეგმილი იყო სპორტის უნივერსიტეტის გასხვისება, უბრალოდ გაყიდვა. ვის რად უნდა სპორტის უნივერსიტეტი – ასეთი იყო მაშინ განწყობა, მაგრამ სპორტსმენებმა ის დაიცვეს, ეს ჩვენ ყველას გვახსოვს. შემდეგ იყო გეგმა – თითქოსდა ამისთვის გამოიყო კიდეც მიწის ნაკვეთი, რომ დიღომში აშენებულიყო ახალი უნივერსიტეტი, მაგრამ ჩვენ, ვფიქრობ, შევძლებთ იმას, რომ ახალი უნივერსიტეტი აშენდეს თავიდან და აშენდეს იქ, სადაც დღეს ის დგას და ტრადიციულად იდგა“, – ამბობს მინისტრი.
წულუკიანის განმარტებით, სამხარაულის ექსპერტიზამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არსებული შენობის გამაგრება და რეაბილიტაცია შეუძლებელია, კედლები არაერთ ადგილას არის გახსნილი და შენობაში სასწავლო პროცესი ვეღარ მიმდინარეობს, რის გამოც სპორტის უნივერსიტეტი სოხუმის უნივერსიტეტმა არაერთხელ შეიფარა. სამომავლოდ კი, სპორტის უნივერსიტეტისთვის დაგეგმილია უფრო დიდი ფართობის გამოყოფა, ვიდრე დღეს ამის საჭიროებაა.
„პროექტი გულისხმობს იმას, რომ მოცემული ქონება გადაეცემა ინვესტორს იმ დათქმით, რომ ორ წელიწადში ის ჩაგვაბარებს იმავე ტერიტორიაზე, სადაც დღეს უნივერსიტეტი დგას, ახალ უნივერსიტეტს, რომელიც იქნება, რასაკვირველია, სახელმწიფოს ქონება, დაუბრუნდება უკან და ეს ფართობი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე დღეს არის და ბევრად მეტი, ვიდრე დღეს სპორტის უნივერსიტეტს რეალურად სჭირდება, ვინაიდან, ჩვენ გვინდა გვქონდეს ის სპორტის უნივერსიტეტი, რომელიც მომავალ გათვლასაც უპასუხებს და განვითარების შესაძლებლობასაც მოგვცემს, ანუ უფრო მეტი სტუდენტის ან ახალი ფაკულტეტების გახსნის საჭიროებასაც მისცემს ჩვენს სასწავლებელს. აქ იქნება 4 სპორტული დარბაზი და ის მეზობელი დარბაზი, რომელიც სამბოს დარბაზია, ასევე აღდგება თავიდან ან იმავე ტერიტორიაზე, ან დიღომში, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე… შევძლებთ, რომ 2025 წელს შევხვდეთ საქართველოს სპორტის ახალი უნივერსიტეტით“, – თქვა სპორტის მინისტრმა პარლამენტში.
ასევე იხილეთ: