ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის ათწლეული ყოფილი თანაგუნდელების თვალით

„კოლაბორაციონისტული“ — ამ ტერმინს იყენებს „ნეტგაზეთის“ ორივე რესპონდენტი რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირების შეფასებისას.

ნინო გოგუაძე და დავით ზურაბიშვილი 2012 წელს „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალ პროდასავლურ პარტიებს — „თავისუფალ დემოკრატებს“ და „რესპუბლიკურ პარტიას“ — წარმოადგენდნენ. როგორ აფასებენ ისინი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის ტრაექტორიას „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლისთავზე — დასავლელ პარტნიორებთან ოპონირებისთვის ახალი ძალის შექმნისა და იმ ფონზე, როდესაც, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ქვეყანამ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი?

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა იყო მიზანმიმართული იქითკენ, რომ ქვეყანა დაშორებოდა ევროკავშირს, არ მომხდარიყო ნატო-ში ინტეგრაცია. განა ის, რომ რაღაცები ვერ გააკეთეს, საქმე გვაქვს მიზანმიმართულ პოლიტიკასთან. უკრაინაში ომის დაწყებიდან ჩვენი ხელისუფლების პოზიციონირება იყო არა ნეიტრალური და დაბალანსებული, როგორც აქამდე მოაჩვენებდა ხოლმე საზოგადოებას, არამედ — მკვეთრად პრორუსული“, — ამბობს ნინო გოგუაძე, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი და პარტია „დროას“ მოქმედი წევრი.

საკუთარი შეფასების დასტურად ნინო გოგუაძე ასახელებს ომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის საკითხზე მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ნახსენები არაა; ნიკა გვარამიას დაკავებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟს; „გამუდმებულ თავდასხმებს უკრაინის მამაც ხელისუფლებაზე“; პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი არ შეუერთდებოდა რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, საქართველოს წინაშე „არავითარი საფრთხე არ დგას“, უკრაინაში ჩასვლა „არაფრის მომცემია“, უკრაინაში ომის გამჩერებელი არავინ არის, დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ კი არაეფექტურია და ა.შ. მისივე თქმით, თუ ვინმე დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა.

„ხელისუფლება აწარმოებს სამარცხვინო კამპანიას — „აბა, ომის გინდათ?“ — რომელიც საზოგადოების ტრავმებზე  თამაშობს და შიშების გაღვივებას უმსახურება. როგორც ამ კამპანიისას გავიგეთ, „ქართული ოცნების“ პატრიოტობა ყოფილა ქვეყნის უომრად ჩაბარება დამპყრობლისთვის. ასე რომ, უკრაინის ომმა სრულიად ცალსახად გახადა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროპუტინისტური და მე ვიტყოდი, კოლაბორაციონისტული პოლიტიკა“, — აცხადებს გოგუაძე.

კოლაბორაციონისტული პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს გოგუაძე ანტიდასავლურ კამპანიას, რომელსაც მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პარტიიდან ფორმალურად გასული დეპუტატების საშუალებით აწარმოებს და ამბობს, რომ ეს პოლიტიკა ქართულ საზოგადოებაში ევროპისა და ნატოს მიმართ მხარდაჭერის შემცირებიკენაა მიმართული.

„ეს პოლიტიკა მიზანმიმართულია იქითკენ, რომ დამარცხებული რუსეთის იმპერიის ნამსხვრევებში მოჰყვეს საქართველო. ფაქტია, ფსონი დადეს რუსეთზე, თუმცა ჩემთვის 2014 წლიდან სრულიად გასაგები იყო, რომ ეს ხელისუფლება ევროპისკენ ვერ წაგვიყვანდა და უმრავლესობა სწორედ ამ განცხადებით დავტოვეთ“, — იხსენებს გოგუაძე.

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ კოალიცია „ქართული ოცნება“ 2014 წელს დატოვეს. განხეთქილებას წინ უძღოდა ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობიდან გათავისუფლება და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავება, რომელსაც ალასანიამ „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა და საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე შეტევად შეაფასა. მოგვიანებით მან თქვა, რომ პარიზში ვიზიტისას პრემიერ-ღარიბაშვილისგან მიიღო მითითება, ხელი არ მოეწერა საფრანგეთისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენაზე შეთანხმებული მემორანდუმისთვის, რასაც არ დაემორჩილა. მან ივარაუდა, რომ შეთანხმების დაბლოკვა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის წინააღმდეგობის გამო გადაწყვიტა. „თავისუფალი დემოკრატების“ ნაწილი (დავით ზალკალიანი, ირაკლი ჩიქოვანი, ზურაბ აბაშიძე, გია ცაგარეიშვილი, ვიქტორ დოლიძე), რომელმაც 2014 წელს, ევროატლანტიკურ კურსის საფრთხეში ყოფნის მიზეზით „ოცნება“ დატოვა, მოგვიანებით ხელისუფლებაში დაბრუნდა.

დავით უსუფაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია

ნინო გოგუაძის თქმით, 2012 წელს კოალიციაში „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანების მომენტში ბიძინა ივანიშვილი არ ავლენდა რამე ნიშნებს, რომ მყარად არ იდგა ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანზე.

„პირიქით, სულ იყო ლაპარაკი, რომ უნდა წავიდეთ ევროპისკენ, ამერიკასთან დავალაგოთ ურთიერთობა, მაგრამ ეს იყო ის, რასაც გვეუბნებოდა ჩვენ და „რესპუბლიკელებს“ და სულ არ ნიშნავს, რომ მართლა ასე ფიქრობდა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მისთვის სიტყვას ფასი არ აქვს. იქ ჰყავდა „მრეწველები“, „კონსერვატორები“, თავისი „ოცნება“, რომელსაც სულ სხვა რაღაცებს ეუბნებოდა, როგორც მერე აღმოჩნდა“, — ამბობს გოგუაძე.

„ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე გამოაქვეყნა პროგრამა, საყურადღებო ჩანაწერით:

„საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება“.

ნინო გოგუაძე იხსენებს, რომ ამ ფორმულირებაზე შიდაკოალიციური დებატებიც გაიმართა.

„მე და დათო ზურაბიშვილმა ვიკითხეთ, რას ნიშნავდა ეს, მაგრამ მართალი გითხრათ, პირადად ივანიშვილისგან არ მოდიოდა ეს ფორმულირება. შეიძლება, ვინც ეს ფორმულირება მოგვაწოდა, მას ჰქონდა კომუნიკაცია ივანიშვილთან. დიდი კამათის მერე, როგორც აგვიხსნეს, ჩვენი სურვილია საქართველოს დაპირისპირების ადგილიდან თანხმობის ადგილად ქცევაო. ენმ-ის დროს იყოს ძალიან მძიმე გამონათქვამები რუსეთის და პუტინის მისამართით და როგორც ახსნეს, იგივე არ უნდა გაგრძელდეს და იქნებ მოვახერხოთ ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომ რუსეთი ზედმეტი შეურაცხყოფით არ გავაღიზიანოთო. ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მე მაშინ თვალში მეცა და ვიკითხე კიდეც, რანაირად უნდა მოვახერხოთ რუსეთის არგაღიზიანება თუ ნატოში უნდა გავწევრიანდით-მეთქი. მაგრამ რადგან ეს იყო შეთანხმებული ფორმულირება, სიტყვაშიც შევიტანეთ. მარტო მე ხომ არ განვსაზღვრავდი პოლიტიკის მიმართულებებს…“, — ამბობს გოგუაძე.

2013 წელს, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, სომხეთში ვიზიტით მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ „არ ჰგონია“, უახლოეს მომავალში საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები შეიცვალოს, ნატო-სთან და რუსეთთან კარგი ურთიერთობების შესაშურ მაგალითად საქართველოსთვის კი სომხეთი დაასახელა. სომხეთს არ აქვს ნატო-ში გაწევრიანების ამბიცია და უსაფრთხოების გარანტად რუსეთი ჰყავს განსაზღვრული.

„დიახ, ეს უკვე [არჩევნებში] გამარჯვების მერე იყო და ჩვენ რომ მოვკითხეთ პასუხი, თუ რას ნიშნავდა ეს განცხადება, სასაცილოა, მაგრამ [ივანიშვილმა] ვითომ გულუბრყვილოდ გვითხრა: იქ რომ ვიყავი, რაღაცნაირად სიტყვა წამცდაო, თორემ მაგას კი არ ვგულისხმობდიო. ეს იყო 2013 წელს, როდესაც ამხელა გამარჯვება იყო, ხალხის ძალიან დიდი იმედი იყო დაკავშირებული ივანიშვილთან. იმ პერიოდში ჩვენც სხვანაირად ვუყურებდით და პატივს ვცემდით და რაღაცებზე თვალი დავხუჭეთ. დღეს ჩემს თავს ვეუბნები, რომ შეიძლებოდა, თავიდანვე გვქონოდა რეაქცია. მერე იყო კაბელების საქმე, საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენაზე ხელმოწერის ჩაშლის მცდელობა — ეს ყველაფერი, ძალიან ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, რომელსაც მე არ ვყვები (იმიტომ რომ რაღაცები არ უნდა მოყვე, რაც არ უნდა მოხდეს), — მიუთითებდა იმაზე, რომ დიახ, ეს ადამიანი ჯერ ეს ერთი დაადგა პოლიტიკური შურისძიების გზას და მეორე — გადაუხვია ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას“, — განაცხადა გოგუაძემ.

კურსის აშკარა ცვლილებისკენ, გოგუაძის აზრით, ქართული ოცნება მას შემდეგ წავიდა, რაც 2016 წელს საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და ეს გამოამჟღავნა ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლითაც, რითაც „რუსეთს კოჭი გაუგორა“.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინების გამო შეაფერხა.

ივანიშვილმა მითხრა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო – მამუკა ხაზარაძე

თუმცა სწორედ 2016 წლის მოწვევის პარლამენტმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ამოცანა კონსტიტუციაში ჩაწერა. „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ რომ სურვილი არ ჰქონოდა, აღნიშნულს ვერავინ აიძულებდა. ზურაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არასდროს ყოფილა არც პროდასავლელი, არც პრორუსი, ის არის “პრობიძინისტი” და საგარეო პოლიტიკას საკუთარი ძალაუფლების პრიზმიდან უყურებს — მისთვის ამოსავალი წერტილი არის პირადი ძალაუფლება და არა —  გეოპოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოსაზრებები.

„ის რომ ასეთი იყო, ხელისუფლებაში მოსვლამდეც ჩანდა, როდესაც ველაპარაკებოდით. მე ასეთი წარმოდგენა მაქვს ბიძინა ივანიშვილის შეხედულებებზე მსოფლიო პოლიტიკაზე 2013 წლიდან და მას მერე არც შემცვლია. უბრალოდ ადრე უფრო მქონდა იმედი, რომ ის რაღაცას ისწავლიდა და გაერკვეოდა, მერე როგორც პრაქტიკამ ცხადყო, არათუ არ ისწავლა, არც უნდა რომ ისწავლოს… უბრალოდ იცოდა, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა და ამიტომ თვითონაც პროდასავლელი იყო. რუსეთის მიმართ ყოველთვის ზედმეტად რბილ პოლიტიკას ემხრობოდა. პირველ წლებში არც იდგა საკითხი, რომ დასავლურის გარდა, სხვა ორიენტაცია შეიძლება გვქონდეს. მერე, როცა ცოტა ახლოს გავიცანით, გამოჩნდა, რომ ეს ადამიანი უბრალოდ ლაპარაკობდა, რომ მე მინდა ნატო-ცა და ევროკავშირიც, მაგრამ პრინციპში, უფრო მეტად საკუთარი ძალაუფლება უნდოდა“, — ამბობს ზურაბიშვილი.

თუ ასეა, „თავისუფალი დემოკრატების“ და „რესპუბლიკური პარტიის“ კოალიციურმა მმართველობამ ხელი ხომ არ შეუწყო ივანიშვილის პროდასავლურების იმიჯის შექმნას? — ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ — არა.

„2012 წელს ავტორიტეტი პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა და არა რომელიმე პარტიას. რომ სდომებოდა, თავიდანვე შეეძლო, სულ სხვა გზით წასულიყო — არ მიეღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, არ ემუშავა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე და უვიზო რეჟიმის მიღებაზე და სხვა. 2016 წლის მერეც, კობახიძემ კონსტიტუციაში ჩაწერა ევროატლანტიკური კურსი? ვინ აძალებდა, თუ მაინცდამაინც რუსეთისკენ მიუწევდა გული? მაგრამ სანამ მის ძალაუფლებას საფრთხეს არ უქმნიდა, იყო პროდასავლელი, როცა ჩათვალა, რომ საფრთხეს უქმნის — გახდა ანტიდასავლელი. ეგეთი ტიპია“, — ამბობს ზურაბიშვილი.

მისი აზრით, დასავლეთში ბევრი ემხრობოდა ივანიშვილის ფრთხილ პოლიტიკას რუსეთისადმი, რადგან კონფლიქტს ეს ერჩივნათ, თუმცა სიტუაცია აირია უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ.

„თუკი მანამდე ბიძინა ივანიშვილი რაღაცნაირად ინარჩუნებდა ბალანსს, უკრაინაში დაწყებულმა ომმა ეს მოცემულობა აბსოლუტურად დაანგრია. მსოფლიოში ყველასთვის ცხადი გახდა, რომ პუტინი პოსტსაბჭოთა სივრცეს უყურებს, როგორც საკუთრებას და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გააღიზიანებ თუ არა, ომის დაწყების საბაბს ყოველთვის იპოვის. მეორე მხრივ, უკრაინაში ომმა ნებისმიერი სახელმწიფოსგან მოითხოვა მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება და ეს ამბავი აღმოჩნდა ივანიშვილისთვის საბედისწერო. მას ჯიუტად არ სურს ამ რეალობის აღქმა და კვლავ იმედოვნებს, რომ ისევ ბალანსის პოლიტიკას დაუბრუნდება“, — ამბობს ზურაბიშვილი.

ამასთან, ზურაბიშვილის ინფორმაციით, პრორუსულ ჯგუფებს საქართველოში, დაწყებული „ქართული მარშიდან“, „პატრიოტთა ალიანსის“, ლევან ვასაძის პარტიისა და „ალტ-ინფოს“ ჩათვლით, ყოველთვის ხელისუფლება აკონტროლებდა, ახლა კი „ხალხის ძალის“ ჯერია.

„როცა ხელისუფლებაში იყო „რესპუბლიკური პარტია“, ყველა ლიდერი დამემოწმება, მე შიდაპარტიულ შეკრებაზე მუდმივად ვსვამდი საკითხს, რომ ფაშისტური ჯგუფები სუს-ის მიერ კონტროლირებადია და რატომ ამაზე ხმას არ ვიღებთ-მეთქი? ერთადერთი, მაშინ რასაც მივაღწიეთ დიდი ჩხუბის მერე იყო სანდრო ბრეგაძის მოხსნა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან. ეს ყველაფერი კულუარებში ხდებოდა. მეც ასე მიხსნიდნენ ზოგიერთები, მათ შორის „ოცნების“ პროდასავლური წარმომადგენლები, რომ მას ეს ჯგუფები სჭირდება, რათ კონტროლირებადი ჰქონდეს [ულტრანაციონალისტური, პრორუსული] სეგმენტი. მაგრამ პრინციპულად არასწორი იყო და ალბათ, პროდასავლური პარტიები ხელისუფლებაში ძალიან კატეგორიულად უნდა შეწინააღმდეგებოდნენ, რაც არ მოხდა“, — ამბობს ზურაბიშვილი.

დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინაში რუსეთის მარცხსა და დასავლეთის გაძლიერებაში ივანიშვილის მისი ძალაუფლებისთვის საფრთხეს ხედავს. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ივანიშვილისთვის უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება ასოცირებულია ნაცმოძრაობასთან.

„ამიტომ ომის დაწყებისთანავე, თავიდან განსაკუთრებით, ივანიშვილმა პრაქტიკულად კოლაბორაციონისტული პოზიცია დაიჭირა — მან ჩათვალა, რომ რუსეთი ომს მოიგებს, დასავლეთი ამას ჩაყლაპავს და შესაბამისი იყო ღარიბაშვილის და ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკა, მაგრამ ეს ასე რომ არ მოხდა, ახლა ცოტა რთულ მდგომარეობაშია. ერთი მხრივ, კვლავ აშანტაჟებს დასავლეთს  ვითომ მისგან განდგომილი წევრებით და და მეორე მხრივ, ღარიბაშვილის მეშვეობით ცდილობს, ევროპულ მომავალზე ისაუბროს. ღარიბაშვილი პროევროპული როლისთვის მაინცდამაინც შესაფერისი ფიგურა არ არის. ოთხეულისთვის უფრო შესაფერისი იქნებოდა, მაგრამ [ივანიშვილმა] ასე დაანაწილა როლები. ერთადერთი, რაც ახლა ივანიშვილს შველის, არის ოპოზიციის სისუსტე და ის, რომ თუნდაც დასავლეთისთვის ოპოზიციის ფლანგზე არ ჩანს მისი რეალური ალტერნატივა“, — მიიჩნევს ზურაბიშვილი.

სწორედ ძალაუფლების შერყევის შიშით ხსნის ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის გაუცხოებას დასავლეთთან. ამბობს, rom უფრო პანიკურად ივანიშვილს პირადად ვლადიმერ პუტინის ეშინია და რუსეთის უძლეველობისაც სწამს.

„ამერიკასთან დაიწყო შანტაჟის ენით ლაპარაკი , — რუსეთთან ასე არასდროს მოქცეულა. ეს იმიტომ რომ, როგორც ჩანს, ამერიკისგან ხედავს თავისი ძალაუფლებისთვის საფრთხეს. მას ვერავინ დაარწმუნებს, რომ ამერიკამ არ მოუწყო ის ამბავი, შვეიცარიის ბანკი რომ ფულს არ ურიცხავს. ეს უკვე არაკვალიფიციურობის ამბავია, მაგრამ რა ვქნათ. ასეთია, ასეთი იყო, არ შეიძლებოდა ამ ადამიანის 10 წელის ხელისუფლებაში გაჩერება. პირველი ოთხი წლის მერე ცხადი იყო, რომ ვერ გააგრძელებდა ვერაფერს“, — ამბობს ზურაბიშვილი.

დარჩა თუ არა ოცნებას დაბალანსების პოლიტიკის რესურსი?

ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ არა.

„მას აქვს არჩევანი გაკეთებული [რუსეთის სასარგებლოდ], მაგრამ უკრაინა იმარჯვებს. ეს დღე ახლო მომავალში დადგება, უბრალოდ რამდენჯერ უნდა მოატყუოს ხალხი? რა ტრიუკი უნდა ჩაატაროს მდინარაძის, კობახიძის, ღარიბაშვილის მეშვეობით, რომ ხალხმა ისევ დაიჯეროს, რომ „ხალხის ძალაა“ ვითომ პრორუსული და „ოცნება“ ევროპულია? მე არ მჯერა, რომ ქართველი ხალხი ასეთი გულუბრყვილოა“, — ამბობს გოგუაძე.

დავით ზურაბიშვილიც თვლის, რომ ივანიშვილი „ორ სკამზე ვერ იჯდება“.

„დღეს არის უფრო ანტიდასავლელი, ვიდრე ოდესმე იყო, უბრალოდ ალტერნატივა არ ჩანს. განსხვავებით უკრაინის ხელისუფლებისგან, დასავლეთი არ აკრიტიკებს მკაცრად და ფრთხილად ეკიდება საქართველოს ხელისუფლებას, ვინაიდან თვითონ დასავლეთისთვის არ არის სასურველი, საქართველო მოსკოვის სატელიტად იქცეს იმ დროს, როდესაც რუსეთი ინგრევა. თუ ივანიშვილს ძალიან მიაწვებიან, სანქციებს დაუწესებენ, არავის არანაირი გარანტია არა აქვს, რომ ბოლომდე რუსებს არ შეეკვრება. ჩვენ ვნახეთ რა რეაქცია ჰქონდა, ევროპარლამენტის დადგენილებაში მისი სახელი მოხვდა და კი არ შეშინებია, უფრო გააღრმავა ანტიდასავლური ტენდენციები. თუ მის ძალაუფლება საფრთხეს შეუქმნი, ძალიანაც პრორუსი გახდება. ხალხი რამდენად დაუშვებს ამას, სხვა ამბავია“, — ამბობს ზურაბიშვილი.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.