ახალი ამბები

გვარამიას საქმე: სააპელაციოს განაჩენი და “ოცნების” რიტორიკა ჰარმონიაში მოვიდნენ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას იმ ეპიზოდის გამოც მიუსაჯა პატიმრობა, რომლის შემთხვევაშიც პირველი ინსტანციის სასამართლო მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა.

მოსამართლეთა კოლეგიის მიერ 2 ნოემბერს გამოცხადებული ეს გადაწყვეტილება გვარამიას პატიმრობის ხანგრძლივობას არსებითად არ ზრდის, თუმცა ჰარმონიაში მოდის “ქართული ოცნების” რიტორიკასთან:

გასულ პერიოდში მმართველი პარტიის დეპუტატები, გვარამიას პატიმრობის შეფასებისას, არაერთგზის მიანიშნებდნენ სწორედ ზემოხსენებულ, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე, მაშინ როცა “მთავარი არხის” დამფუძნებლის დაპატიმრების მიზეზი სულ სხვა ეპიზოდი იყო.

რის გამო იჯდა ციხეში გვარამია ამ დრომდე

ნიკა გვარამიასადმი პროკურატურის მიერ 2019 წელს წარდგენილი ყველა ბრალდება ეხება პერიოდს, როდესაც ის ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ გენერალური დირექტორი (2014-2019) იყო.

ბრალდებების ნაწილში, რომლებიც ყალბი დოკუმენტის დამზადებას, კომერციულ მოსყიდვასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას შეეხებოდა, საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს გვარამია გაამართლა.

ბრალდებებზე, რომლებზეც ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს , პროკურატურა სსკ-ის 182-ე მუხლით(მითვისება ან გაფლანგვა) დაობდა. საუბარია ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე და ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე.

პირველი, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდი ეხება პროკურატურის ბრალდებას, რომლის თანახმადაც გვარამიამ კომპანიის ფინანსურ დირექტორთან ერთად, რ2-ის 6 763 509 ლარი გაფლანგა.

ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის ნაწილში გამოძიება ამტკიცებს, რომ გვარამიამ “თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი”(პორშეს ცენტრის) ხელმძღვანელებს შესთავაზა, რომ მათგან 232 201 ლარის ღირებულების ავტომობილს შეიძენდა, “რუსთავი 2”-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ.

გვარამიას საქმე: სააპელაციოს განაჩენი და “ოცნების” რიტორიკა ჰარმონიაში მოვიდნენ

ნიკა გვარამია 

პროკურატურის თანახმად, ხელშეკრულება 2019 წლის თებერვალში, პორშეს ცენტრსა და შუამავალ კომპანიას, შპს “პროესკო მედიას” შორის გაფორმდა, თუმცა “პროესკო მედია” მხოლოდ ფორმალურად იყო ავტომობილის მესაკუთრე, რეალურად კი ის გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა.

გამოძიების მიხედვით, პორშეს ცენტრი სრულად უხდიდა “პროესკო მედიას” ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, თუმცა “ეს უკანასკნელი, ნიკა გვარამიას დავალებით, არსებითად ამცირებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-სთვის გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას”.

“2019 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში, ტელეკომპანიამ განიცადა დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი, სანაცვლოდ კი ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღეს 232 201 ლარის ღირებულების ავტომობილი”, — დასძენს პროკურატურა.

ორივე შემთხვევაში საქალაქო სასამართლო დაეთანხმა ბრალდების მტკიცებულებებს, თუმცა არ დაეთანხმა პროკურატურის შეფასებას დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ორივე ეპიზოდი სსკ-ის 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე სასამართლომ 50 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა გვარამიას, ე.წ. ავტომობილის ეპიზოდზე კი — 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

“ოცნების” რიტორიკა და სააპელაციოს გადაწყვეტილება

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გვარამიასთვის ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე — ანუ 6 763 509 ლარის გაფლანგვის საქმეზე — პატიმრობა არ მიუსჯია, “ქართული ოცნების” წევრები, “მთავარი არხის” დამფუძნებლის დაპატიმრების შეფასებისას, მაინც ამ გარემოებაზრ ამახვილებდნენ ყურადღებას.

“[გვარამიამ] 7 მილიონი გაუფლანგა იმ კომპანიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა — კონკრეტული მოტივებიც არის ახსნილი — და შესაბამისად, მიესაჯა”, — ამბობდა მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ზარქუა.

“ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი, პარლამენტის დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე განაჩენის გამოცხადებიდან მეორე დღეს, 17 მაისს, მედიას ეუბნებოდა:

“თუ ვინმეს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება აქვს, რომ იქ არ ჰქონდა ადგილი 7 მილიონის გაფლანგვას თუ მოპარვას თუ დაზიანებას რუსთავი 2-ისა, მაშინ კი ბატონო, ვიმსჯელოთ”.

ჟურნალისტმა სამხარაძეს უთხრა, რომ გვარამია “ავტომობილის ეპიზოდზეა” დაპატიმრებული და არა მილიონების გაფლანგვის ბრალდებით, რაზეც დეპუტატმა უპასუხა, რომ “საქმის დეტალები არ იცის”, თუმცა იქვე დაამატა:

“მე რამდენადაც ვიცი, ის დაპატიმრებულია 7 მილიონის ზიანის მიყენებაზე რუსთავი 2-სთვის”.

გვარამიას საქმე: სააპელაციოს განაჩენი და “ოცნების” რიტორიკა ჰარმონიაში მოვიდნენ

ირაკლი კობახიძე 

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, 7 მილიონზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც საუბრობდა.

“როდესაც კრიმინალზე, რომელმაც 7 მილიონი მოპარა ტელეკომპანიას, თავისუფალ მედიას, გეუბნებიან, რომ ჩემი აღქმა, შეიძლება, სხვანაირი იყოსო,  ბუნებრივია, მწარედ უნდა უთხრა სიმართლე”, — ამბობდა კობახიძე.

ის აღნიშნავდა, რომ “გვარამიამ თანამზრახველებთან ერთად 7 მილიონით გაძარცვა რუსთავი 2 და “ეს არის შემდგარი დანაშაული. ეს არის ფაქტი და მეორე ფაქტი ჩვენ არ მოგვისმენია, რომ ეს დანაშაული არ იქნა ჩადენილი”.

“მათ შორის პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენა გვარამიამ ამ 7 მილიონის საკმაოდ დიდი ნაწილი – ავტომობილი და ა.შ. იცით, ეს ყველაფერი როგორ მოხდა”, — ამატებდა კობახიძე.

იმავე პერიოდში ნიკა გვარამიას განაჩენზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც ჰკითხეს. ჟურნალისტის რეპლიკას, “თქვენი ოჯახის წევრებიც გადაადგილდებიან სამსახურებრივი მანქანით”, ღარიბაშვილმა უპასუხა:

“მე ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც, როგორც მე ვიცი, მოიპარა ფული თუ გააკოტრა კომპანია…”

გვარამიას საქმე: სააპელაციოს განაჩენი და “ოცნების” რიტორიკა ჰარმონიაში მოვიდნენ

ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ. 02/11/2022

სააპელაციო სასამართლოს 2 ნოემბრის გადაწყვეტილება თანხვედრაშია მმართველი გუნდის უწინდელ განცხადებებთან:

მეორე ინსტანციამ არათუ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა გვარამიას გათავისუფლებაზე, არამედ პატიმრობის განაჩენი გამოიტანა იმ ეპიზოდზეც, რომლის ფარგლებშიც გვარამიას 7 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავებიან და რომლის შემთხვევაშიც საქალაქო სასამართლო მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა.

სააპელაციოს გადაწყვეტილებით, ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე გვარამიას, ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდის მსგავსად, 3.5 წლით პატიმრობა მიესაჯა. ამ განაჩენით პატიმრობის ვადა არ გახანგრძლივებულა, ვინაიდან ერთმა სასჯელმა მეორე შთანთქა.

უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს 2015 წლის ეპიზოდი

პროკურატურის თანახმად, 2015 წლის სექტემბრიდან-დეკემბრამდე პერიოდში რ2-ის რეკლამის გაყიდვის უფლება გადასცა კერძო კომპანიას, შპს „ინტერ მედია პლიუსს“, რომლისაგანაც ამის სანაცვლოდ მოითხოვა 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხასთან შედარებით მცირე ანაზღაურება.

შედეგად, პროკურატურის ვერსიით, გვარამიამ კომპანიის ფინანსურ დირექტორთან, კახაბერ დამენიასთან ერთად გაფლანგა 2015 წლის 16 იანვრის გენერალური ხელშეკრულებით განსაზღვრული „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლება და კომპანიამ 6 763 509 ლარის მატერიალური ზიანი განიცადა.

“აღნიშნულ ეპიზოდში სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ნ. გ-ს როლი, მისი ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათი და ხარისხი, ამ მონაწილეობის მნიშვნელობა დანაშაულის მიზნის მისაღწევად, მისი გავლენა გამოწვეული ზიანის ხასიათსა და ხარისხზე და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით”, — ამბობს სააპელაციო სასამართლო.

“ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად” მიღებული გადაწყვეტილება

ნიკა გვარამიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ მეორე ინსტანციის სასამართლომ “მთავარი არხის” დამფუძნებლის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად შეცვალა.

“როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან სტკიოდა ის გარემოება, რომ ნიკა გვარამია ციხეში იჯდა კომპანიის ავტომობილის გამოყენებისთვის და ამიტომ გადაწყვიტეს უსამართლობა კი არ გამოესწორებინათ და გაეთავისუფლებინათ, არამედ სხვა ეპიზოდზეც გამოეყენებინათ პატიმრობა რათა წარმოაჩინონ თითქოს ავტომობილის გამოყენების გამო ის საპატიმრო დაწესებულებაში არ იმყოფება”, — დასძინა მან.

საძაგლიშვილის თქმით, “კარგად უნდა გვახსოვდეს, რა შემოსავალიც მაშინ მიიღო „რუსთავი 2-მა“ და რაზეც გვარამიას პატიმრობა მიუსაჯეს, დღეს სამჯერ ნაკლები აქვს კომპანიას მიღებული.

გვარამიას საქმე: სააპელაციოს განაჩენი და “ოცნების” რიტორიკა ჰარმონიაში მოვიდნენ

დიმიტრი საძაგლიშვილი და ნიკა გვარამია 

გვარამია გამოძიებასა და ბრალდებებს თავიდანვე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

მის დაპატიმრებას არაერთი კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.