„დოჟდმა” გაათავისუფლა წამყვანი რუსულ ჯარზე ფრაზის შემდეგ

რუსული ოპოზიციური არხის „დოჟდის“ წამყვანმა, ალექსეი კოროსტელიოვმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ უკრაინაში საომრად მობილიზებულ რუს სამხედროებს აღჭურვილობით ეხმარებიან. ეს განცხადება მალევე უარყო ტელეარხმა, ხოლო ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

საქმე ეხება კოროსტელიოვის განცხადებას, რომელიც მან გადაცემაში „აქ და ახლა“ გააკეთა. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში რუსეთში მიმდინარე მობილიზაციაზე საუბრობდა, რა დროსაც მან მიმართა მაყურებელს და მოუწოდა, რომ თუ მათ ჰქონდათ ინფორმაცია რუსეთში მობილიზებულ ჯარისკაცებსა და მათ მდგომარეობაზე – ეს ცნობები „დოჟდისთვის“ ელექტრონულ ფოსტასა და ტელეგრამ არხზე გაეგზავნათ.

შემდეგ კი თქვა:

„ჩვენ თითქმის ყველას ვუბრუნებთ პასუხს და ბევრ გამოგზავნილ ისტორიას ვაქვეყნებთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძელით ბევრი სამხედროს დახმარებას, მაგალითად, აღჭურვილობით ან ელემენტარული კომფორტით ფრონტზე,“- თქვა ჟურნალისტმა.

კოროსტელიოვის განცხადებას მალევე გამოეხმაურა თავად „დოჟდიც“. მისი სიტყვების გამო ბოდიში მოიხადა ტელეკომპანიის მთავარმა რედაქტორმა – ტიხონ დიადკომ. მანვე თქვა, რომ ეთერის ჩანაწერი წაიშლებოდა.

რაც შეეხება ჟურნალისტის გათავისუფლებას, შუადღის საინფორმაციო გამოშვება ტელეწამყვანმა ეკატერინე კოტრიკაძემ სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელებით დაიწყო.

„ეს ფრაზა მცდარი და კატეგორიულად მიუღებელია მთელი ჩვენი რედაქციისთვის. ამ ფრაზის გამო მაყურებელთა ნაწილს შეექმნა წარმოდგენა, რომ ტელეკომპანია აღჭურვილობას უგზავნის რუსეთის ჯარს. ეს ასე არ არის, ტელეკომპანია ამას არ აკეთებს, არ აკეთებდა და არც სამომავლოდ გააკეთებს – არასდროს.

ჩვენ გვესმის, რამდენად ორაზროვანი შესაძლოა ყოფილიყო ჩვენი კოლეგის სიტყვები თქვენთვის – ჩვენი მაყურებლისთვის. მათთვის, ვინც საკუთარ თავზე გადაიტანა ამ საშინელი ომის შედეგი, განსაკუთრებით კი უკრაინელებისთვის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და მინდა დღეს კიდევ ერთხელ გავიმეორო – ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსეთის ომს უკრაინაში. ჩვენ მივიჩნევთ მას დანაშაულებრივად და საძაგლად, ხოლო მობილიზაციას – უაზროდ“.

კოტრიკაძის თქმით, ეთერში დაუშვებელია ისეთი განცხადებები, რომელიც „დოჟდის“ ამ პოზიციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ აღარ ვითანამშრომლებთ ალექსეი კოროსტელიოვთან. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა „დოჟდის“ რედაქციისთვის, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი,“ – დასძენს ტელეწამყვანი და ბოდიშს უხდის მაყურებელს.

რაც შეეხება თავად ტელეკომპანიას, Current Time ლატვიის მედიამარეგულირებლის (NEPLP) აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელ ივარს აბოლინშზე დაყრდნობით წერს, რომ „დოჟდის“ წინააღმდეგ, უშუალოდ ამ საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

მარეგულირებელმა ტელეკომპანია 10 ათასი ევროთი დააჯარიმა რუკის ჩვენებისთვის, რომელზეც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში ჩანდა და ასევე სიტყვებისთვის „ჩვენი არმია“, რომელიც რუსეთის ჯარს მიემართებოდა. აბოლინში ამბობს, რომ ეს უკვე მეორე დარღვევაა „დოჟდის“ მხრიდან. სამი ასეთი დარღვევის შემთხვევაში კი შესაძლოა, „დოჟდს“ ლიცენზია შეუჩერონ.


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ “დოჟდი”, სხვა არაერთი მედიასაშუალების მსგავსად, რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა ომის კრიტიკულად გაშუქების გამო. საბოლოოდ, იმავე თვეში, ტელეარხი იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა მუშაობა.

“დოჟდის” ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დრაკონული კანონის მიღება რუსეთში, რომლის ძალითაც მედიასაშუალებებს აეკრძალათ უკრაინაში შეჭრაზე კრემლისგან განსხვავებული ვერსიის გავრცელება. ვინც ამ კანონს არ დაემორჩილება, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მას შემდეგ, რაც “დოჟდმა” მუშაობა შეაჩერა, ტელეარხის არაერთმა ჟურნალისტმა რუსეთი დატოვა. ტიხონ დიადკო და “დოჟდის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკატერინე კოტრიკაძე მცირე ხნით საქართველოში ჩამოვიდნენ და აქედან მიჰყავდათ გადაცემა, რომელიც “იუთუბით” გადაიცემა.

ლატვიიდან მაუწყებლობის უფლება „დოჟდმა“ ამ წლის ივნისში მიიღო.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.