ომბუდსმენის და იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას ვერ შევძლებთ — მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, 22 დეკემბრის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად ფორმალური კენჭისყრა გაიმართება და მმართველი გუნდი მხარს არავის დაუჭერს.

ამის მიზეზად მდინარაძემ დაასახელა, რომ ოპოზიციასთან კონსენსუსი ვერ შედგა, შესაბამისად, 90 ხმას ვერცერთი კანდიდატი ვერ აგროვებს და კენჭისყრას აზრი არ აქვს.

„ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები და მე დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია შედეგი გითხრათ, რომ იმ ხუთი კანდიდატიდან, რომლისგანაც ერთის ამორჩევა შევთავაზეთ, ჩვენმა ოპონენტებმა არცერთის მხარდაჭერა არ მოინდომეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ საერთო კანდიდატზე ჩამოყალიბება“, — განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, პრაქტიკულად იგივე შედეგი დაიდო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან დაკავშირებითაც.

„32 კანდიდატია. უმრავლესობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზადყოფნას, რომ ნახევარს მაინც მხარი დავუჭიროთ, თუმცა არცერთ იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომლის მხარდამჭერის მზაობა არის ჩვენი მხრიდან, კონსენსუსი არ არის. როგორც ომბუდსმენის შემთხვევაში, აქაც ირკვევა, რომ ოპოზიცია მათ მიერ მხარდაჭერილი 5 თუ 6 კანდიდატის გარდა (და აქაც ანა აბაშიძის და ბურჯანაძის გვარები მეორდება), არცერთ სხვაზე საუბარს არ აპირებენ. ერთი გადაკვეთის წერტილიც კი არ აღმოჩნდა. ამიტომ საგაზაფხულო სესიისთვის შევეცდებით, რომ ეს ხარვეზი აღმოვფხვრათ“, — განაცხადა მდინარაძემ.

მისი აზრით, ოპოზიციის მიზანია, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება „ჩავარდეს და ხელისუფლებას დაჰბრალდეს“.

ნინო ლომჯარიას ომბუდსმენის პოსტზე უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა. სახალხო დამცველის მოვალეობას ამჟამად მისი პირველი მოადგილე თამარ გვარამძე ასრულებს და კანონმდებლობით, ასე გაგრძელდება ახალი ომბუდსმენის არჩევამდე. ევროკავშირის რეკომენდაციაა, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე, სხვა საკითხებთან ერთად, სახალხო დამცველის ნომინირებისას უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირის, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასა და აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურები შესთავაზეს, რომელთაც მხარი დაუჭირა ოპოზიციის დიდმა ნაწილმაც. „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მზადაა, იმსჯელოს სახალხო დამცველობის ნებისმიერ კანდიდატზე, გარდა ნაზი ჯანეზაშვილისა და ანი აბაშიძისა, თუმცა შემდეგ ოპოზიციას შესთავაზა სახალხო დამცველი არჩევა 5 კანდიდატიდან, რომელთა შორის არც გიორგი ბურჯანაძე იყო:

  • ლელა გაფრინდაშვილი;
  • თინათინ ერქვანია;
  • ნუგზარ კოხრეიძე;
  • გიორგი მარიამიძე;
  • ქეთევან ჩაჩავა.

პარლამენტმა სახალხო დამცველი, ისევე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით, ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის, არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. სულ წარდგენილი იყო 32 კანდიდატი.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.