პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრის პოსტებზე კანდიდატურები წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა, ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კი – კონკურსი გამოაცხადა

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად 4 კანდიდატურა წარუდგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი შაიშმელაშვილისა და ნანული ბებიას კანდიდატურები წარედგინა, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – რუსუდან ქურდიანისა და თამაზ ფოლადაშვილის კანდიდატურები.

პრეზიდენტის მიერ კანდიდატურების ხელახლა წარდგენა საჭირო გახდა 22 დეკემბრის შემდეგ, როცა საქართველოს პარლამენტმა ისევ ვერ აირჩია ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები.

მათ ასარჩევად 100 პარლამენტარის ხმა იყო საჭირო, თუმცა კანდიდატებმა პარლამენტისგან ვერც ერთი ხმა ვერ მიიღეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებაც 22 დეკემბრის სხდომის შედეგს უკავშირდება.

“კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 აგვისტოს განკარგულებით, ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე გამოცხადებულ კანდიდატთა შესარჩევ ხელახალ კონკურსში მონაწილეობდა სულ 3 კანდიდატი, რომელთაგან 2 კანდიდატს საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 22 დეკემბერს მხარი არ დაუჭირა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატთაგან ცესკოს ასარჩევ წევრთა დარჩენილ რაოდენობაზე ორჯერ მეტი კანდიდატურა სახეზე არ არის, საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 27 დეკემბრის განკარგულებით, ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე ცხადდება კონკურსი და იქმნება საკონკურსო კომისია”, — დასძენს უწყება.

ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის აგვისტოში ამოიწურა.

კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 ივლისს გამოაცხადა კონკურსი პარლამენტში წარსადგენი კანდიდატების შერჩევის მიზნით.

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის, ხოლო ცესკოს წევრების თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის, მოგვიანებით კი, ნათია წიპტაურისა და გიორგი მარსაგიშვილის კანდიდატურები.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.