საქართველოსა და მსოფლიოს ქალაქებში სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართა
საქართველოსა და მსოფლიოს არაერთ ქალაქში პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართა.
აქციების მთავარი სლოგანი იყო #SAVEMISHA (გადაარჩინეთ მიშა). აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებისგან სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებასა და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.
აქციები უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩისა და რუსი ბლოგერის, მარკ ფეიგინის ინიციატივით იმართება, რასაც საქართველოშიც შეუერთდნენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აქციაზე ზუგდიდში მივიდა.
„დღეს საქართველო იმყოფება მორალურ, ისტორიულ , ფასეულობით გზაგასაყარზე და სურათი უსაშველოდ გაფართოვდა. და ამ გაფართოებულ სურათში ძალიან ცხადად გამოჩნდა ის რეალობა, რომელშიც ვართ. დღეს ჩვენი მოქმედებითა თუ უმოქმედობით, ვაკეთებთ არჩევანს მტკივნეულ საბჭოთა წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის, არჩევანს ვაკეთებთ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.
ეს დილემა დადგა და ბუნებრივია, დღევანდელი დღე ისტორიულია. მე არ მახსოვს, რომ სოლიდარობის აქცია იმართებოდეს მსოფლიო დონეზე. ამ აქციებს უერთდება საქართველოც. ეს არის დადასტურება, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს ქართულ საზოგადოებას.
ქართული საზოგადოებისთვის მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა პირდაპირ არის დაკავშირებული ევროპულ მომავალთან“, — თქვა ნიკა მელიამ მედიასთან ზუგდიდში.
მელიას აზრით, 29 წლის წინ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაღუპვამ განსაზღვრა ქვეყნის ბედისწერა, სულ მცირე, მომდევნო 10 წლის განმავლობაში და „არ უნდა დავუშვათ“, რომ იგივე განმეორდეს სააკაშვილის შემთხვევაშიც.
„ეს ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით, ეს ბრძოლა არ შენელდება“, — აღნიშნა მელიამ.
თბილისში სოლიდარობის აქცია 18:00 საათზე ასევე გამართა ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც მხარდამჭერებთან ერთად სახელმწიფო კანცელარიიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობით გაემართა.
აქციის ცალკე გამართვის გამო ხაბეიშვილი გააკრიტიკა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.
ენმ-ის აქტივისტების ნაწილმა დღეს, 4 იანვარს, აქცია გამართა ივანიშვილის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში, სადაც მათ ადგილობრივები დაუპირისპირდნენ. რაც შეეხება საქართველოს დიდ ქალაქებში მიმდინარე აქციებს, 19:00 საათის მონაცემებით, რაიმე სახის ინციდენტი არ მომხდარა.