ახალი ამბები

ლავროვის განცხადება საგანგაშოდ უნდა ჩაითვალოს – კორნელი კაკაჩია

ლავროვის განცხადება საგანგაშოდ უნდა ჩაითვალოს – კორნელი კაკაჩია

დღეს, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს  და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

ლავროვის განცხადებას  ნეტგაზეთთან საგანგაშოს უწოდებს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია. მისი თქმით, ეს განცხადება საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკითაა გამოწვეული, რომელიც  მოსკოვისთვის მოსაწონია.

როგორც კორნელი კაკაჩია ამბობს, დასავლეთში საქართველოს რეპუტაციული ზიანი ისედაც აქვს მიყენებულია და როცა ამას მოსკოვი ეხმიანება, ეს კიდევ უფრო ადასტურებს იმ ეჭვებს, რომელიც საქართველოს მიერ გატერებულ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებობს.

„ეს არის „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკის მაგალითი, როდესაც მოსკოვი ცდილობს, რომ საკუთარი გავლენა მის მეზობელ ქვეყნებზე ხან მათრახის ანუ სამხედრო ძალის მეშვეობით გაზარდოს, ხან დაყვავების გზით. ახლა მოსკოვს მიაჩნია, რომ იმ საგარეო პოლიტიკის ფონზე, რასაც საქართველო ახორციელებს, ზუსტად დაყვავების პერიოდი მოვიდა. მით უმეტეს, რომ ეს აბსოლუტურად პასუხობს მოსკოვის ინტერესებს.

წლების განმავლობაში რუსები საუბრობდნენ, რომ საქართველომ უნდა გაატაროს არაპროდასავლური პოლიტიკა, არამედ პროქართული.პროქართულში რუსეთის მიმართ მაამებლური პოლიტიკა იგულისხმება. ბოლო წლებში მოსკოვი უკმაყოფილო იყო და საუბრობდნენ, რომ საქართველო საკუთარი ეროვნული ინტერესების მიხედვით არ მოქმედებსო. ეტყობა, რომ ის პოლიტიკა, რასაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მოსკოვისთვის მოსაწონია[…]

ჩვენ დასავლეთში რეპუტაციული ზიანი ისედაც გვაქვს და მით უმეტეს, როცა ამას მოსკოვი ეხმიანება, ეს კიდევ უფრო ადასტურებს იმ ეჭვებს, რომელიც საქართველოს მიერ გატერებულ საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით არსებობს“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

კაკაჩიას თქმით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია არა მისი სტრატეგიული ინტერესების მიხედვით, არამედ საქართველოს ოფიციალურად გაცხადებულ საგარეო პოლიტიკის შესაბამისად უნდა მოხდეს, რომლის მთავარი არსი  ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.

მისი თქმით, სწორედ აქ არსებობს კითხვები, თუ  რამდენად არის ეს ორი რამ ერთმანეთთან შესაბამისი.

„ზუსტად აქ გაიხლართა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რადგან ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუსაბამოა. რაც უფრო ვუახლოვდებით ევროკავშირს და თუ კანდიდატის სტატუსი გვექნება, მით უფრო დიდია შანსი, რომ როგორც სერბეთს სთხოვენ, რომ შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ასევე მოსთხოვონ საქართველოს. აქ ორ სკამზე დიდ ხანს ვერ დაჯდები“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს რა ტიპის საგარეო პოლიტიკა უნდა გაატაროს – ღირებულებებზე დამყარებული, რასაც დასავლეთი ითხოვს თუ ე.წ. პრაგმატული, რომლის არსიც ნეიტრალური პოლიტიკის გატარებაა.

როგორც კაკაჩია ამბობს, ეს ორი ერთმანეთს ეწინააღმდეგება და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს ნეიტრალურად დარჩენის ფუფუნება არ ექნება.

ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას ვაჟკაცობას უწონებს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.