რა უნდა ვქნათ, თუ ხელისუფლება არ მიჰყვება ჩვენი თაობის საქმეს? – ბერბოკის პასუხი
„აქ, თბილისის ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ეჭვგარეშეა, სად არის საქართველოს მომავალი — ევროკავშირში“, — წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი „ინსტაგრამზე“.
ბერბოკი ილიას უნივერსიტეტში, სტუდენტებთან გამართული შეხვედრის ფოტოებს ავრცელებს.
„რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ მიჰყვება ჩვენი თაობის საერთო საქმეს იმავე ენერგიით?“ — მეკითხება ერთ-ერთი სტუდენტი. განაგრძე. იყავი დაჟინებული. სამი წლის წინ ჩემს ზოგიერთ კოლეგას ეღიმებოდა სტუდენტებზე, რომლებიც გაფიცულები იყვნენ კლიმატის დასაცავად. დღეს მათი დღის წესრიგი განიხილება საერთაშორისო მოლაპარაკებების ოთახებში და ასევე ოჯახებში, სამზარეულოს მაგიდის გარშემო“, — წერს ბერბოკი.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
„კანონის უზენაესობა და დემოკრატიული სტანდარტები ევროკავშირში გაწევრიანების საფუძველია. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. იმის გამო, რომ ქვეყანა უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ იმყოფება: 2008 წელს რუსეთის არმია თავს დაესხა საქართველოს, ქვეყნის ორი ნაწილი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო კონტროლდება რუსეთის მიერ. მეორე მხრივ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ათიათასობით ადამიანი გაიქცა საქართველოში რუსეთიდან და უკრაინიდან. აქ ახალი ჭრილობები ხვდება ძველ ნაწიბურებს. თბილისში ლექციების დარბაზი სიცოცხლით სავსეა და ამ ახალგაზრდა თაობის შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს თავისი ქვეყნის მომავალი, ასევე, ჩვენი მოტივაციაა“, — წერს ბერბოკი.
ბერბოკის თქმით, ევროპის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, როგორ აფრიალებს რამდენიმე ათასი ქართველი ახალგაზრდა ევროკავშირის დროშას, როდესაც ისინი გამოდიან ქუჩაში გამოხატვის თავისუფლებისთვის და კრიტიკული საზოგადოების შესანარჩუნებლად.
„და თუ ჩაირაზება [კარი]? მეკითხებიან, როცა ვემშვიდობებით. ჩვენი კარი ღია რჩება. პოლიტიკა ცვალებადი პროცესია და არაფერი მთავრდება. ეს ხანდახან დამღლელია, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელია. ჩვენს საერთო ღირებულებებზე მოწმობს ის ფაქტი, რომ თბილისის უნივერსიტეტის შესასვლელთან უკრაინის დროშა ფრიალებს. და რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია“, — დასძენს ანალენა ბერბოკი.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 23-24 მარტს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს. ანალენა ბერბოკმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი, ასევე მოინახულა საოკუპაციო ხაზი ოძისთან.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.