ახალი ამბები

„სამუზეუმო გაკვეთილებით“ სწავლების მეთოდიკა და მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილის მაგალითი ქიმიაში

„სამუზეუმო გაკვეთილებით“ სწავლების მეთოდიკა და მუზეუმში ჩატარებული გაკვეთილის მაგალითი ქიმიაში

ავტორი: ირმა გოდერძიშვილი, გორის მე-4 საჯარო სკოლის ქიმიის წამყვანი პედაგოგი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:

თანამედროვე სამყაროშიც ადამიანს არა მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, არამედ სხვა, ალტერნატიული გზითაც შეუძლია შეიძინოს ან გააუმჯობესოს ცოდნა და უნარები, ვინაიდან სწავლების მხოლოდ ტრადიციული ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით ზოგჯერ არ მიიღწევა სასურველი შედეგი.

კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სამუზეუმო ფონდებშია დაცული. ამ საგანძურის გამოყენებასა და მიზანმიმართულ ჩართულობას სასწავლო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის წარმატებისთვის. „მუზეუმით სწავლას” დიდი დახმარება შეუძლია გაუწიოს მოსწავლეებს, სასწავლო პროგრამების ათვისებაში, მეტყველების, სმენის, აზროვნების (კრიტიკული და შემოქმედებითი), სემიოტიკური ინფორმაციის გაგების და ზოგადად, კომუნიკაციური უნარების განვითარებაში. პიროვნულ ზრდასა და სწორ თვითშეფასებაში. ის იძლევა გზას, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ კულტურულ გარემოში, იქ, სადაც ქმნიან და არ ანადგურებენ.

სამუზეუმო ფონდების აქტიურ გამოყენებას სასწავლო პროცესში გასული საუკუნის ბოლოს ჩაეყარა საფუძველი. მისი მიზანი იყო უმაღლესი სასწავლებლების, სკოლის, სამეცნიერო კვლევისა და სამუზეუმო პრაქტიკის ერთ ინსტიტუციაში გაერთიანება, რომელიც გულისხმობდა და გულისხმობს ინტერდისციპლინარული კვლევების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, სადაც ყველა კომპონენტი ერთობლივად გაანალიზდებოდა. პრაქტიკული საქმიანობის თვალსაზრისით, ამ შედეგის მიღწევას მუზეუმი უზრუნველყოფს, მოსწავლეთა დამატებითი განათლების მეშვეობით.

კონკრეტულად, რა სახის საორგანიზაციო სამუშაოს შესრულება შეუძლია მუზეუმებს განათლების სისტემაში?

პრაქტიკული აქტივობა ჩვენი სკოლის მაგალითზე

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მუზეუმებმა კავშირები დაამყარონ სკოლებთან, დაწვრილებით განიმარტოს ექსპოზიციები და მათი შესაძლო გამოყენება პედაგოგიური მიზნებით. ამის შემდეგ მასწავლებელს და მუზეუმის განათლების სფეროს მუშაკს შეუძლიათ, დაგეგმონ სკოლის ექსკურსია მუზეუმში. აუცილებელია, მუზეუმს პირველ რიგში მასწავლებლები ეწვიონ, რათა ექსკურსიამ ნამდვილად შეასრულოს საგანმანათლებლო ფუნქცია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოს ნაწილი ჩატარდეს სკოლაში. მუზეუმში მისვლამდე ბავშვებს უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა იმაზე, თუ რის ნახვას აპირებენ მუზეუმში და რა სახის სამუშაო ელით. ეს ეტაპი უკვე გაიარეს ჩემმა მოსწავლეებმა.

სამუზეუმო განათლების უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებების ინტეგრირებული სწავლებისთვის ხელშეწყობა მუზეუმი-გაკვეთილის ჩატარების გზით, რომლისთვისაც მასწავლებელი მის ხელთ არსებულ მდიდარ ფონდებს იყენებს. ჩვენ გავაფართოვეთ ინტეგრაციის ჩარჩოები და „სამუზეუმო გაკვეთილები”  ფართო ინტერდისციპლინარული საქმიანობის წარსამართად გამოვიყენეთ.

მუზეუმში სტუმრობისას მოსწავლეებმა მოინახულეს ბრინჯაოს ხანის შენადნობები და მინის ჭურჭელი, აქედან დაებადათ იდეა, უფრო დაწვრილებით გაცნობოდნენ მაშინდელი შენადნობების წარმოების მეთოდებს, შემადგენლობას, თვისებებს, მოხმარების სფეროებს. ასევე, მინის ჭურჭლის წარმოებას, დანამატებს მოხმარებას და ფერების მიხედვით გასცნობოდნენ მინის წრთობის პირვანდელ ტექნოლოგიებს.

ჩვენ „სამუზეუმო გაკვეთილების“ მიზნად დავისახეთ, რომ აგვეღო „ქიმიის როლი – უძველესი შენადნობების და მინის წარმოებაში“. გავიხსენეთ მეტალების თვისებები, მეტალთა აქტიურობის მწკრივი, შენადნობები, მინის შედგენილობა, დანამატები და ა. შ. ანუ, ქიმიის თეორიული ცოდნა გავიაქტიურეთ სკოლის სივრცეში. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მოსწავლეთა ჯგუფმა თავად შექმნა დოკუმენტური ფილმი და გაახმოვანა. ეს „მუზეუმ-პროექტ-გაკვეთილი“ ჩავატარეთ მუზეუმის სივრცეში. მოსწავლეთა მაღალი აქტიურობის და ჩართულობის ფონზე.

პროექტის მიზანია, მოსწავლეთა ჩართვა საკუთარი ქალაქის ისტორიული წარსულის, კულტურის და ეთნოგრაფიული ყოფის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გახდებიან და გახდნენ სამუზეუმო ცხოვრების აქტიური მონაწილეები.

ამგვარი დამოკიდებულებით, სამუზეუმო პედაგოგიკა შეგვიძლია განვიხილოთ არა როგორც ცალკე სამეცნიერო დარგი, არამედ როგორც პედაგოგიური ტექნოლოგია, რომლის მნიშვნელობა თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში უფრო და უფრო იზრდება.

ძირითადი, ფუნდამენტური მეცნიერებების (საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივი, ტექნიკური) ინტეგრირებული სწავლებისთვის ხელშეწყობით, სამუზეუმო განათლება შემოქმედებით უნარებს აღვიძებს მოსწავლეებში, უბიძგებს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეერთებისკენ, ანალიტიკური აზროვნების გააქტიურებისკენ, იდეების მართვის, პროდუქტიული საქმიანობის, გადაწყვეტილებების მიღებისკენ, ხელს უწყობს ერთიანი წარმოდგენის შექმნას სამყაროზე.

ვფიქრობ, ჩემს მიერ, არაფორმალურ გარემოში ჩატარებული ამ პროექტის გამოყენება სასწავლო პროცესში აუცილებელი და მისასალმებელია.

ასევე იხილეთ:

სკოლის ლიდერის სწორი ურთიერთობა თანამშრომლებთან და კომუნიკაციის მოკლე ფორმულა მომავალ დირექტორებს

ექსკურსიის პედაგოგიური მხარე – სამი ნაბიჯი, რომელიც ცოდნის ხანგრძლივ მეხსიერებაში შენახვის საწინდარია

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.