პარაპლანით ფრენები ახალი წესებით, სავარაუდოდ, ზაფხულიდან განახლდება
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა პარაპლანით ფრენის ახალი წესები და უსაფრთხოების სტანდარტები.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, რამდენიმე დღეში შესაბამისი აქტი გამოიცემა, რის შემდეგაც ერთი თვის ვადაში ამოქმედდება ახალი წესები, რომლის მიხედვითაც მსურველებისთვის შესაძლებელი იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება და სერტიფიკატის აღება.
ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 8 მაისს გახდა ცნობილი.
მთავრობის ინფორმაციით, წესი არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც განსაზღვრულია გარკვეული მოთხოვნები.
როგორ განახლდება ფრენები
რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვრცლად მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, გამოცდების ჩატარებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი ფედერაცია იქნება. სავარუადოდ საუბარია პარაგლაიდინგის ფედერაციაზე, რომელსაც ამ დრომდე არ ჰქონდა მთავრობის მიერ მინიჭებული ფედერაციის სტატუსი, თუმცა უკვე მრავალი წელია სპორტის ამ სახეობის გარშემო საკითხებში აქტიურად არის ჩართული. ამასთან როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კაპანაძე ეუბნებოდა ნეტგაზეთს თებერვალში, სპორტის სამინისტროსთან ერთად სწორედ ისინი მუშაობდნენ თუ რა სახის რეგულაციებით უნდა აღდგენილიყო ფრენები.
წულუკიანმა ბრიფინგზე განმარტა, რომ პარაპლანით ფრენა მხოლოდ იმ პირებისთვის (საუბარია პილოტებზე) იქნება ნებადართული, ვინც შესაბამის გამოცდას ჩააბარებს და სერტიფიკატს აიღებს. უცხოელი სერტიფიცირებული პარაპლანისტების შემთხვევაში კი, მათ გამოცდების ჩაბარების გარეშე, სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე მიენიჭებათ საქართველოში ფრენის უფლება.
თუმცა, ფრენები ნებადართული არ იქნება ნებისმიერ ადგილას, არამედ განისაზღვრება სპეციალური სივრცეები, რის გარეთაც პარაგლაიდინგი აიკრძალება. აღნიშნულ ადგილებს ფედერაცია განსაზღვრავს, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გააკონტროლებს, რომ ამ სპორტის მოყვარულებმა მხოლოდ განსაზღვრულ სივრცეებში იფრინონ.
აღნიშნული არეალის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმი, წულუკიანის თქმით, შესაბამისი ასაფრენ-დასაფრენი სივრცეების არსებობაა.
ამასთან, კატეგორიებად დაიყოფა საფრენი აპარატებიც: ორივე, ერთადგილიანი და ორადგილიანი პარაპლანის შემთხვევაშიც ფრენის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მის პილოტს დაეკისრება.
გარდა ამისა, წესებით განისაზღვრება უშუალოდ აღჭურვილობის გამართულობაც, რასაც ასევე ფედერაცია გააკონტროლებს, ხოლო ფედერაციას თავის მხრივ მონიტორინგს გაუწევს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჰაერო ნავიგაციის სააგენტო.
ფედერაციის მიერ განსაზღვრული წესების აღსრულების კონტროლს კი მათთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.
წულუკიანის თქმით, აქტის გამოცემის შემდეგ ერთი თვის ვადა არის მაქსიმუმი, რა დროშიც ფედერაციამ უნდა დააკომპლექტოს საგამოცდო კომისია, სერტიფიკატის გამცემი ორგანოები, შემდგომი მონიტორინგის კომისია და ა.შ. თუმცა შესაძლებელია მათ ეს ყველაფერი ერთ თვეზე მცირე ვადაშიც შეძლონ, რის შემდეგაც პირებს, ვინც კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს ფრენის უფლება მიეცემათ.
საქართველოში ამ სფეროს დარეგულირებაზე საუბარი ზაფხულში, გუდაურში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგადაც სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა.
ვერტმფრენი კლდეს შეჯახებული პარაპლანისტისა და მისი თანმხლები პირის გადასარჩენად მიდიოდა.
აღნიშნულის შემდეგ საქართველოში პარაპლანით ნებისმიერი სახის ფრენა აიკრძალა და რეგულაციებზე მუშაობა დაიწყო.
პარაპლანისტები ფრენების აღდგენას თვეების განმავლობაში ითხოვდნენ.
ამ თემაზე ნახეთ ვრცლად:
“ემიგრაციაში ვბრუნდები” – პარაპლანისტები ფრენების აღდგენას ითხოვენ