მინისტრის თქმით, გასაორმაგებელია ფსიქიკური პაციენტების საწოლების რაოდენობა
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ფსიქიკური სერვისების დეინსტიტუციონალიზაცია დაწყებულია.
მისი თქმით, მთავრობამ უკვე მოამზადა გეგმა, რომლის მიხედვითაც დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების ბენეფიციარების მცირე ზომის დაწესებულებებში გადანაწილება მოხდება.
„აქტიურად დავიწყეთ აღწერა და [მოვამზადეთ] სამოქმედო გეგმა ქვეყნის მასშტაბით არსებული ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებლებთან დაკავშირებით. დღეს, დაახლოებით, 1500 საწოლი გვაქვს ქვეყნის მასშტაბით. თუმცა რა რეკომენდაციებიც გვაქვს სხვადასხვა ჯგუფისა და საერთაშორისო ექსპერტებისგან, ეს მინიმუმ გასაორმაგებელია. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკურად გაორმაგება.
ჩვენი პოლიტიკის მიხედვით დიდი ზომის ინსტიტუციები, სადაც 100-200-300 პაციენტია ერთად, არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, მოვამზადეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მასშტაბით უნდა გვქონდეს მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებები, რომელიც 30-40-50 პაციენტზეა გათვლილი“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი პირველი დაწესებულება, რომელსაც ეს შეეხება, ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკაა, რომლის ტერიტორიაზე რამდენიმე მცირე ზომის დაწესებულება შენდება.
„პირველი ეტაპი უკვე დავიწყეთ. ვფიქრობ, რომ დაახლოებით, 3-4 თვეში ბედიანში გვექნება [მცირე ზომის დაწესებულებები]. ბედიანის ფსიქიატრიულ პანსიონში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო და იქვე იმ ტერიტორიაზე შენდება 4 მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება და ეს ბენეფიციარები იქ გადანაწიალდებიან. იგივე ტიპის გადანაწილება მოხდა სენაკში. შესაბამისად მოხდება სხვა დაწესებულებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ — განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.