ყვარელსა და საგარეჯოში დაკავებული აქტივისტები თავისუფლები არიან
ყვარელსა და საგარეჯოში დაკავებული 16 პირი, რომლებიც სერგეი ლავროვის ნათესავების ქორწილს აპროტესტებდნენ საქართველოში, გაათავისუფლეს.
მათ საქმეზე სასამართლო ადმინისტრაციული წესით 19 ივნისს იმსჯელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს მიიღეს.
16 პირი, რომელთა შორის “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარიაცაა, წინასწარი მოთავსების იზოლატორში თითქმის 24 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, რაც საპროტესტო აქციებზე დაკავებისას სტანდარტული მუხლებია და როგორც წესი, 2000-ლარიანი ჯარიმებით სრულდება ხოლმე.
საქართველოში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შვილი და სიძე. ორივე მათგანი დასავლური სანქციების ქვეშ არის. ისინი ნათესავების ჯვრისწერაზე ჩამოვიდნენ, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან და ყვარელში იხდიდნენ ქორწილს.