ახალი ამბები

პროექტი „საუკეთესო მოქართულე“

გორის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ხორციელდება პროექტი „საუკეთესო მოქართულე“, რომელიც ემსახურება ჩვენი ენის სიწმინდის დაცვას, სალიტერატურო ქართულის ნორმების სწავლებას,  ახალგაზრდების ლექსიკური მარაგის ფასეული მშობლიური სიტყვებითა და გამოთქმებით შევსებას.

პროექტის ფარგლებში ყოველწლიურად ეწყობა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ტესტური კონკურსი. იგი მოსწავლეთა შორის წლის საუკეთესო მოქართულის გამოვლენას ისახავს მიზნად. ამ წოდების მოსაპოვებლად კონკურსანტები წლიდან წლამდე გულმოდგინედ ემზადებიან. ასევე, ყოველ წელს იმართება გუნდური ინტელექტუალური თამაში „სიტყვის ძალა“, რომელიც ამოწმებს, თუ რამდენად კარგად იცნობენ მისი მონაწილენი ქართულ სიტყვა-თქმებს.

„საუკეთესო მოქართულეს“ აქვს ამავე სახელწოდების აქტიური „ფეისბუკის“ გვერდი და „იუტუბის“ ვიდეოარხი „ქართული ენის ვიდეომეგზური“, რომელზეც განთავსებულია შემეცნებითი ვიდეორგოლები ქართული გრამატიკის, სტილისტიკისა და პუნქტუაციის შესახებ. როგორც არხი, ისევე გვერდი დახმარებას უწევს არა მხოლოდ მოსწავლე ახალგაზრდებს, არამედ მშობლიური ენის ნებისმიერ მოყვარულს.

გარდა ამისა, ყოველწლიურად მზადდება ელექტრონული გამოცემა სახელწოდებით „წითელი ფანქარი“. მასში თავმოყრილი და გასწორებულია ფართოდ გავრცელებული ენობრივი შეცდომები, რომლებიც პოპულარულ საიტებზე და სოციალურ ქსელებში გვხვდება.

პროექტის ფარგლებში მომზადდა ასევე „ბარბარიზმების ფოტოლექსიკონი“.

იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ინფორმაცია უკეთ აღიქვან, სწრაფად აითვისონ და მის პრაქტიკულ გამოყენებასაც მიეჩვიონ, იქმნება და მუდმივად იხვეწება სამაგიდო თამაშები; იმართება მასტერკლასები ყველაზე საგულისხმო და საჭირბოროტო ენობრივი საკითხების შესახებ.

წყარო: ელდარ ქურიძე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.