ახალი ამბები

ბურჭულაძე ირწმუნება, რომ ვაზიანში სამოქალაქო აეროპორტი ბაზას საფრთხეს არ შეუქმნის

ბურჭულაძე ირწმუნება, რომ ვაზიანში სამოქალაქო აეროპორტი ბაზას საფრთხეს არ შეუქმნის

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ირწმუნება, რომ ვაზიანში სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობა სამხედრო ბაზის ფუნქციონირებას არ შეაფერხებს.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ვაზიანში სამოქალაქო აეროპორტის საკითხი ფართო ჯგუფის ფორმატში, თავდაცვის სამინისტროსა და კომპეტენტური უწყებების ჩართულობით განიხილება და ბაზის ფუნქციონირების პრობლემა „არავის დაუნახავს“.

„ჩვენ არანაირი პრობლემა ამაში არ დაგვინახავს. არანაირი შეფერხება არც სწავლებას, არც ბაზის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, არ ექნება. არცერთი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ გამოუთქვამს. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ფართო ჯგუფის ფორმატში განგვეხილა ეს საკითხი“, — განაცხადა მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე, გამოეხმაურა კრიტიკას აეროპორტის მშენებლობის საკითხზე და შეფასებებს, რომ ბაზის გაუქმება არის „მოღალატეობრივი“. თავდაცვის მინისტრის თქმით, იგივე წარმატებით მთავრობას შეუძლია მოღალატეობრივი უწოდოს იმას, რომ ოპოზიცია ეკონომიკის წინსვლისთვის ხელშეშლას ცდილობს.

ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ არათუ ბაზის გაუქმება არ იგეგმება, არანაირი რისკი არ წარმოიქმნება არც სწავლებებისთვის და არც ბაზისთვის.

„მე თვითონ ვარ ევროპაში ნამყოფი, დედაქალაქიდან 10 წუთის მანძილზე ვისროლეთ მსხვილკალიბრიანი ჭურვები. არანაირი საფრთხე ბაზის ფუნქციონირებას და სწავლებას არ ექნება“, — დასძინა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივნისს განაცხადა, რომ ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ადგილზე მთავრობა  ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას განიხილავს.

ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა გეგმავს, ქვეყანაში ეს სფერო განავითაროს და ქვეყანა რეგიონში „საავიაციო ჰაბად“ გადააქციოს, რისთვისაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის, ხოლო ვაზიანის ყოფილი აეროდრომი „იდეალური ლოკაციაა“.

„ჩვენ ახლა დავიწყებთ შესწავლას, ჩამოვიყვანთ მსოფლიოში წამყვან საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიებს, ჩავრთავთ მათ, ჩავატარებთ ძალიან დეტალურ კვლევას და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ტავ და ურბანის” მიერ დაფუძნებული თურქული კომპანია „ტავ ჯორჯია” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. ტავ ჯორჯიასთან მოქმედი კონტრაქტით, შპს ”ტავ-ურბან საქართველო” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას 2027 წლამდე განახორციელებს.

ხელშეკრულებაში არსებობს პირობა, რომ ვიდრე „ტავ ჯორჯია” თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს, საქართველოს მთავრობას 150 კილომეტრის რადიუსში აეროპორტის აშენების უფლება “ტავთან” შეთანხმების გარეშე არ აქვს.

2018 წელს საქართველოს მთავრობა შეერთებულ შტატებთან განიხილავდა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობას.

მთავრობა არ აკონკრეტებს, რა ბედი ეწია ამ ინიციატივას.

„სამხედრო აეროპორტის რამდენიმე ოფცია [ვარიანტი] არსებობს: ტრადიციულად, არსებული აეროპორტების ან იგივე, ბევრ აეროპორტში კომბინირებულად არის ხოლმე — სამხედრო ნაწილიც არის წარმოდგენილი სამოქალაქო ავიაციასთან ერთად“, — განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და დასძინა, რომ ასეთი შესაძლებლობის განხილვაც შესაძლებელია.

მთავრობა ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებას განიხილავს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.