ახალი ამბები

შეძლებს თუ არა „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს

შეძლებს თუ არა „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საგარეო ვიზიტებს მთავრობის უარის მიუხედავად იწყებს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურდა.

პრეზიდენტს მმართველმა გუნდმა ამჯერადაც შეახსენა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ის მხოლოდ  მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში.

ამიტომ „ქართული ოცნებაში“ ამბობენ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია „უხეშად დაარღვია“, რასაც რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში რეაგირების მექანიზმი სწორედ იმპიჩმენტი შეიძლება იყოს.

როგორია იმპიჩმენტის პროცედურა

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, იმპიჩმენტის პროცედურა შემდეგნაირია:

  1. კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს (50 დეპუტატს). საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში.
  2. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა, პარლამენტი დასკვნის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის იმპიჩმენტის წესით მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს.
  3. საქართველოს პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 დეპუტატი).
  4. თუ პარლამენტმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, იმავე საფუძვლით იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.
  5. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება, შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით.
  6. დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის განხორციელება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს.

შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტი?

საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.

ამჟამად უმრავლესობას 82 დეპუტატი ჰყავს, თუმცა შესაძლოა, კიდევ 2 წევრი დაემატოს. საუბარია, შუალედური არჩევნებით ასარჩევ მაჟორიტარ დეპუტატებზე.

კერძოდ, გორისა და კასპის მაჟორიტარსა და საბურთალოს მაჟორიტარზე. გორისა და კასპის მაჟორიტარის ასარჩევად შუალედური არჩევნები პირველ ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება საბურთალოს,  პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი აღნიშნული ოლქიდან დავით სერგეენკო იყო, რომლისთვისაც სადეპუტატო უფლებამოსილება  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს შეწყვეტილი აქვს და საკითხი  საბოლოოდ გადასწყვეტად საშემოდგომო სხდომის დღის წესრიგში შევა. საშემოდგომო სესია კი 5 სექტმებრს გაიხსნება.

გარდა უმრავლესობის დეპუტატებისა, მმართველი გუნდის ინიციატივებს ხშირად მხარს უჭერენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრებიც. აღნიშნულ ჯგუფში 4 დეპუტატია. თუმცა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ ხმები ჯამურად 100 მაინც არ არის. იმ შემთხვევაშიც კი თუ შუალედური არჩევნების შემდეგ 2 დეპუტატი ისევ უმრავლესობაში შევა, „ევროპელ სოციალისტებთან“ ერთად მხოლოდ 88 ხმა მოგროვდება.

შესაბამისად, პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საპარლამენტო ოპოზიციიდან კიდევ 12 დეპუტატი უნდა მოიძებნოს. ამ მომენტისთვის არსებული განწყობებით კი იმპიჩმენტის იდეის მხარდაჭერა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს არ გამოუხატავთ. მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტის საგარეო ვიზიტების კონსტიტუციურობაზე საუბრისას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კონსტიტუციის 78-ე მუხლზე აპელირებენ. აღნიშნული მუხლით კი კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა(ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.

მთავრობასა და პრეზიდენტს შორის საკონსტიტუციო დავის გამოცდილება

საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში მთავრობისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხი დავის საგანი აქამდეც გამხდარა. კერძოდ, 2022 წლის 10 ივნისს მთავრობამ პრეზიდენტთან ელჩების დანიშვნაზე უფლებების გასამიჯნად საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

თუმცა, 2023 წლის 11 იანვარს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნაზე უარი განაცხადა და სარჩელი “საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ უკან გაიწვია.


გუშინ, 30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს ევროპის ქვეყნების გარდა, უარი უთხრეს უკრაინაში ვიზიტზე, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზეც.

თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში არ არის განმარტებული, რატომ ეთქვა პრეზიდენტს უარი ვიზიტებზე.

„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით კონსტიტუციას არღვევს. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის უარი „საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის დაკავშირებული“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, პრეზიდენტის  მიერ კონსტიტუციის  დარღვევას რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.