დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან — იოსელიანი გვარამიას შეწყალებაზე
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება.
ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა:
“მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე. დღეს უფრო ახლოს ვართ ევროპასთან”, — წერს იოსელიანი.
პრეზიდენტმა გვარამიას შეწყალების შესახებ განცხადება დღეს, 22 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მსჯავრდადებულის შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა და ამასთან დაკავშირებით დამატებით ახსნა-განმარტებას არ გააკეთებს.
მანამდე, 19 ივნისს ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.
ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.
მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.
ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.
2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.