ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის დაასახელეს
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთი 2023-ის“ (Ballon d’Or 2023) ნომინანტებს შორისაა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის თავდამსხმელი „ოქროს ბურთის“ 30-კაციან სიაში ისეთ ფეხბურთელებთან ერთად მოხვდა, როგორებიც არიან: ლეონელ მესი,ერლინგ ჰოლანდი, ხულიან ალვარესი, ჯუდ ბელინგჰემი, კარიმ ბენზემა, კევინ დე ბრუინი, ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი, ემილიანო მარტინესი, კილიან მბაპე, კიმ მინჯე, ლუკა მოდრიჩი, ჯამალ მუსიალა, ვიქტორ ოსიმენი, ვინისიუს ჟუნიორი.
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი პარიზში 30 ოქტომბერს გაიმართება.
კვარაცხელია იტალიურ “ნაპოლიში” 2022 წელს გადავიდა. კლუბში ასპარეზობის პირველივე წელს კვარაცხელია სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და გუნდს 33 წლიანი პაუზის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.
ქართველმა სპორტსმენმა სეზონის განმავლობაში ყველა საერთაშორისო ტურნირზე ჯამში 16 გოლის გატანა შეძლო და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ოქროს ბურთზე“ ეს კვარაცხელიას პირველი ნომინაციაა.