“ფასი არ აქვს” – კალაძე ევროპარლამენტის კრიტიკულ დოკუმენტზე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს თავისი შინაარსიდან გამომდინარე.
ამის შესახებ მან განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის შესწორებული ვერსიის მიღებაზე საუბრისას.
კალაძის თქმით, ევროპარლამენტის დოკუმენტში „არასწორი საკითხები“ ჩაიწერა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ანალოგიური რეზოლუციის მიღება ხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ რეზოლუციაში მთელი რიგი არასწორი საკითხების ჩაწერა ხდება და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ამ რეზოლუციას თავისი შინაარსიდან გამომდინარე არანაირი ფასი არ აქვს. იმიტომ, რომ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რას წარმოადგენს, რა აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი სამშობლოსთვის, ხალხისთვის. ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი საზოგადოებამ და ამ საქმეების კეთება ბიძინა ივანიშვილს გუშინ ან გუშინწინ არ დაუწყია.
შესაბამისად, ის, რაც არის მოცემული რეზოლუციაში, ამ ყველაფერს ნამდვილად არ ვეთანხმები. რაც შეეხება ევროპულ გზას, ჩვენ, ხელისუფლება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუნდაც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, იგივე თუნდაც 12-პუნქტიანი დათქმა, ის, რაც იყო წარმოდგენილი, ჩვენი მხრიდან ყველაფერი შესრულებული და გაკეთებული იქნება იმისთვის, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი”, – განაცხადა კალაძემ.
8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის შესწორებული ვერსია.
დოკუმენტში შესული ცვლილებებით ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურანლოდ, როგორც ჰუმანიტარული საფუძვლით, ასევე პოლიტიკური პოლარიზების შემცირების მიზნით. ამასთან, ანგარიშში შევიდა შესწორება, სადაც მწუხარებაა გამოთქმული იმის გამო, რომ ღრმა პოლარიზება კვლავ ქართული პოლიტიკური გარემოსთვის დამახასიათებელ ნიშნად რჩება და მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, აგრესიული რიტორიკისგან თავი შეიკავონ.