ახალი ამბები

უკრაინა რუსეთთან დაკავშირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს კრძალავს

უკრაინა რუსეთთან დაკავშირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს კრძალავს

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ ქვეყანაში რუსეთის რელიგიური გავლენის შესამცირებლად  მორიგი ნაბიჯი გადადგა. 19 ოქტომბერს რადამ პირველი მოსმენით მოიწონა კანონპროექტი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს.

ეს კანონპროექტი არ ზღუდავს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების საქმიანობას, როგორც ამის წარმოჩენას კრემლის პროპაგანდა ცდილობს.

როგორც TheUkrainian Weekly იუწყება, რადის ეს ნაბიჯი საკვანძო საფეხურად ფასდება ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი ინტერესების დაცვისთვის. საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს არა რელიგიური თავისუფლების შეზღუდვას, არამედ ეს არის მცდელობა, გაუმკლავდეს  რელიგიურ ინსტიტუტებზე უცხო ქვეყნების გავლენას.

კიდევ ერთი უკრაინული მედიასაშუალება Kyiv Post ავრცელებს ინფორმაციას, რომ პირველ მოსმენაზე კანონპროექტს მხარი 267-მა დეპუტატმა დაუჭირა. მხარდამჭერთა შორის უმრავლესობა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის წარმომადგენელია – 175 დეპუტატი. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის პარლამენტმა მეორე მოსმენითაც უნდა მიიღოს და შემდეგ ხელი პრეზიდენტმა მოაწეროს.

კრემლის პროპაგანდა უკრაინის ხელისუფლების ამგვარ ნაბიჯებს წარმოაჩენს, როგორც უკრაინის ხელისუფლების ბრძოლას ქრისტიანობასთან, მართლმადიდებლობასთან. თითქოს, “კიევის რეჟიმი” მართლმადიდებლებს “დედაეკლესიის აკვნიდან გლეჯს”. სინამდვილეში, უკრაინაში ბოლო დრომდე ორი მართლმადიდებელი ეკლესია მუშაობდა — უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია (ПЦУ) და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (УПЦ МП). აღნიშნული ეკლესია მთლიანად ექვემდებარებოდა რუსეთის საპატრიარქოს, რომელმაც რუსეთის უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას გასულ წელს მწვანე შუქი აუნთო.

უკრაინის ერთიანი, ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია 2018 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა და კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წლის დასაწყისში მიიღო. მანამდე მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია დომინანტურად მიიჩნეოდა ქვეყანაში მოქმედ რამდენიმე ეკლესიას შორის.

ომის დაწყების შემდეგ გამოკითხვები აჩვენებდა, რომ იმ უკრაინელ მართლმადიდებელთა ნახევარს, რომლებიც ამ დრომდე რუსეთზე დაქვემდებარებული ეკლესიის წევრები იყვნენ, სურდათ, მათ ეკლესიას კავშირი გაეწყვიტა მოსკოვთან და პატრიარქ კირილთან.

არაერთი წელია, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთთან კოლაბორაციაში ღიად სდებენ ბრალს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დაძაბულობამ იმატა. ეს ეკლესია უკრაინულ მედიაში კრემლის ფილიალად და მეხუთე კოლონად მოიხსენიება.

რუსეთის პატრიარქის მიერ ომის მხარდაჭერის შემდეგ, ამ ეკლესიის ასობით მღვდელმა მოითხოვა, კირილი საერთაშორისო საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს. ასობით სამრევლომ დატოვა ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალიურ ეკლესიაში გადაინაცვლა.

ამ ვითარებაში მოსკოვზე დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ „სრული ავტონომიისა და დამოუკიდებლობის” შესახებ განაცხადა.

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ონოფრემ დაგმო რუსეთის აგრესია. თუმცა მისი განცხადებები და ქმედებები დამაჯერებელი არ ყოფილა უკრაინის ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის ისევე, როგორც უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიისთვის და თეოლოგებისთვის. მისი ქმედება იძულებით ფორმალობად ჩაითვალა.

„როიტერსი“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კიევის გახმიანებულ ბრალდებებს უარყოფს მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, სადაც ამბობენ, რომ მოსკოვთან ისტორიული კავშირის მიუხედავად, დღეს ეს კავშირი გაწყვეტილია, ახალი კანონპროექტი კი — ანტიკონსტიტუციური.

საერთაშორისო მედიაში ვრცელდება უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენლის, დეპუტატისა და ყოფილი ჟურნალისტის, ირინა გერაშჩენკოს მხრიდან კანონპროექტის შეფასება, რომლის მიხედვითაც, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი რადის მხრიდან „უკრაინის მიწიდან მოსკოველი მღვდლების“ მოსაშორებლად.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა პატრიარქ კირილის მიმართვა, სადაც ის აკრიტიკებს უკრაინის პარლამენტის მიერ კანონპროექტის განხილვას და მოუწოდებს მსოფლიოს რელიგიურ და არამარტო რელიგიურ ორგანიზაციებს, ჩართულობისკენ, რათა აღკვეთონ მსგავსი „მასობრივი ჩაგვრა“. კირილის ადრესატებს შორის არიან გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი და სხვა ფიგურები.

სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა მიმართ გამოძიება 68 საქმეზე მიმდინარეობს, მათ შორის, სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით.

უშიშროების სამსახური გასული წლის ნოემბრიდან ახორციელებს ინსპექტირებას მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრებსა და სხვადასხვა შენობაში, მთელი უკრაინის მასშტაბით. უკრაინის კონტრდაზვერვამ ამ შენობებში დიდი რაოდენობით პრორუსული ლიტერატურა და საეჭვო დოკუმენტები აღმოაჩინა.

უკრაინის რიგ რეგიონებს ადგილობრივ დონეზე უკვე აკრძალული აქვთ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.