თბილისის მერია ახალ საახალწლო ნაძვის ხესა და აქსესუარებში 720 ათას ლარს დახარჯავს
თბილისის ახალი ნაძვის ხისა და დეკორაციების საერთო ღირებულება 720 ათასი ლარი იქნება. ნაძვის ხის შეძენისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს ღამის შოუს სტუდიამ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ტენდერის პირობების თანახმად, ახალი ნაძვის ხე 24-მეტრიანი იქნება, რომელსაც 365 ტოტი ექნება. ნაძვის ხეზე განთავსდება განათებები, გრძივად აწყობილი ბურთები, კონტურული ვარსკვლავებისა და ფიფქის ფორმის დეკორაციები, ასევე, კონტურული მოგრძო ფორმის სათამაშოები.
ნაძვის ხის შესყიდვის თაობაზე ტენდერი 12 სექტემბერს გამოცხადდა. ამჟამად მიმდინარეობს საბოლოო ხელშეკრულების მომზადება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ნაძვის ხე უნდა მიაწოდოს შემსყიდველს, ანუ “თბილსერვის ჯგუფს” არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.
შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2023 წლის 15 ნოემბრისა.
გარეკანის ფოტოზე გამოსახულია საახალწლო ნაძვის ხე 2020 წელს