პირველკურსელები, მოსწავლეები, აღმზრდელები და პედაგოგები – როგორ დახარჯავს 60 ათას ლარს ამბროლაურის მერია 2023 წელს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა და მასში თანხები განათლების მიმართულებითაც არის გათვალისწინებული. ბიუჯეტის პრიორიტეტებში, პროგრამებსა და ქვეპროგრამებში გათვალისწინებულია სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობა, განათლების ღონისძიებები და საჯარო სკოლების ხელშეწყობა.
განათლების ღონისძიებებისთვის მუნიციპალიტეტმა სულ 60 ათასი ლარი გამოყო და როგორც დოკუმენტშია განმარტებული, პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები განათლების სფეროს წარმომადგენელთათვის (აღმზრდელი/აღმზრდელის თანაშემწე, პედაგოგი, საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, მოსწავლე) საპატიო წოდებების მინიჭებას და/ან ფულადი ჯილდოების გადაცემას.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი კურსის სტუდენტთათვის (სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან – 65001 ქულამდე) სწავლის საფასურის ანაზღაურებას. ასევე, პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კულტურულ-გამაჯანსარებელ საზაფხულო ბანაკში დასვენების პროგრამა.
მუნიციპალიტეტს არ აქვს დაკონკრეტებული ვინ შეძლებს და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება იქნება სავალდებულო ამ პროგრამით სარგებლობისთვის, თუმცა განმარტავს, რომ პროგრამის განხორციელება ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს განათლების სფეროს წარმომადგენლების შრომითი ნაყოფიერების ზრდას, გაზრდის მათ მოტივაციას. მეორეს მხრივ კი, პირველი კურსის სტუდენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, დაეხმარება უმაღლესი განათლების მიღებაში.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დეკემბერში გამოქვეყნდა და მასში ცვლილებები 2023 წლის განმავლობაში უნდა ვივარაუდოთ. სწორედ ცვლილებების პროცესში გავიგებთ განათლების მიმართულებაში დასახარჯი თანხების შესახებ მეტ დეტალებსაც.