ახალი ამბები

ინსპექტორი “მთავარი არხის” მიერ ღარიბაშვილის აცრაზე დარეგისტრირების კანონიერებას სწავლობს

ინსპექტორი “მთავარი არხის” მიერ ღარიბაშვილის აცრაზე დარეგისტრირების კანონიერებას სწავლობს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სწავლობს, რამდენად კანონიერი იყო ტელეკომპანია “მთავარი არხის” მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დარეგისტრირება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზაზე. განცხადება უწყებამ 4 სექტემბერს გაავრცელა.

“2021 წლის 3 სექტემბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტით და ამავე ფაქტზე მოქალაქეთა მომართვით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური მონაცემების გამოყენებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრი დაარეგისტრირა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში – https://booking.moh.gov.ge/, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე დოზის გაკეთების მიზნით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა სუბიექტის რეგისტრაციის პროცესის კანონიერების შემოწმება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავოს, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, ზემოაღნიშნულ სისტემაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე პირთა თვითნებური დარეგისტრირებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა პირთა უფლებების დარღვევა და ხელი არ შეეშალოს ვაქცინაციის პროცესის ადმინისტრირებას”, — აღნიშნულია განცხადებაში.

რა მოხდა?

საქმე ეხება “მთავარი არხის” ეთერში 3 სექტემბერს გასულ სიუჟეტს, სახელწოდებით “გაყალბებული კოვიდ პასპორტი?”. ავტორი დასძენს, რომ ღარიბაშვილმა კოვიდ პასპორტი აიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრის გარეშე.

ამავე სიუჟეტის მიხედვით, ტელეკომპანიის წარმომადგენელმა  პრემიერ-მინისტრი ვაქცინის მეორე დოზაზე, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში დაარეგისტრირა. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, “ფეისბუქზეც” დაწერა.

აღნიშნულს გამოეხმაურა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ღარიბაშვილმა 3 სექტემბერს, ქუთაისის იუსიტიციის სახლში, კოვიდ ბარათი აიღო, რაც ვაქცინის ერთი დოზით აცრილი პირებისთვისაც არის შესაძლებელი.

“ძალიან მარტივი იყო იუსტიციის სახლის გვერდზე ინფორმაციის გადამოწმება, სადაც ნათლად წერია, რომ კოვიდ ბარათის მიღება შეუძლია როგორც სრულად, ისე ერთჯერადად ვაქცინირებულ პირს”, — დასძენს გიორგობიანი.

მისივე სიტყვებით, “მთავარმა არხმა” ღარიბაშვილის პირადი მონაცემები მისი ნებართვის გარეშე გამოიყენა და “ვაქცინაციის პორტალზე თვითნებურად დაარეგისტრირა”.

დღეს, 4 სექტემბერს, სიუჟეტს თავად ღარიბაშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი, რომელიც მან აიღო, “ჩვეულებრივი საინფოირმაციო ბარათია”, “რომლის აღებაც ყველა მოქალაქეს შეუძლია”.

რას წარმოადგენს კოვიდ ბარათი

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდ ბარათები 17 აგვისტოდან, უფასოდ გაიცემა.

“კოვიდ ბარათზე პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული.

კოვიდ ბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა. დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა”, — აღნიშნავს იუსტიციის სახლი.

უწყების ინფორმაციით, მომსახურების მიღება, ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი:

“იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდ ბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად აპოსტილით/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, მათ აღნიშნული სერვისის მიღება ადგილზე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ”.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.